ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი, «ტყაში მაფა» და ურუმის ხელმწიფის შვილი

არამის ხელმწიფეს მზეთუნახავი ქალიშვილი ჰყოლია. მისი სილამაზე მთელ ქვეყანაზე იყო განთქმული. მეზობელი და შორეული ხელმწიფეების შვილები ძალიან ცდილობდნენ ეთხოვათ ეს ქალი, მაგრამ არცერთს არ მიჰყვებოდა. ნათქვამი ჰქონდა, ჩემი ქმარი ის იქნება, ვინც ოქროს კრავს მომიყვანსო. ქალის მამას ამის მეტი შვილი არ ჰყავდა და თავისი სახელმწიფო მისთვის უნდა მიეცა.

ეს გოგო, რა თქმა უნდა, ყველა ხელმწიფის შვილს უყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტად ურუმის ხელმწიფის შვილი შესტრფოდა. იმასაც, ხელმწიფის ქალისა არ იყოს, მთელს ქვეყანაზე ბადალი არ ჰყავდა სილამაზით და, თანაც, ერთობ მამაცი იყო. ბიჭს ხომ ძალიან უყვარდა, მაგრამ თურმე გოგოსაც ისე შევარდნოდა გული ბიჭზე, რომ საკუთარი სიტყვის გატეხვა რომ შეძლებოდა, აუცილებლად გაჰყვებოდა. მაგრამ ადრე ნათქვამი სიტყვის გატეხვა არ შეიძლებოდა, რადგან ეს სიტყვა უკვე მთელ ქვეყანას მოსდებოდა.

ვაჟმა იცოდა, რომ ამ ქალიშვილის გარეშე ვერ გაძლებდა და გადაწყვიტა, წასულიყო ოქროს კრავის საძებნელად. მივიდა ქალთან, თავისი გადაწყვეტილება ამცნო და პირობა დაადებინა, თუ კრავს მომიყვან, ცოლად გამოგყვებიო. გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და ვაჟი ოქროს კრავის საძებნელად წავიდა. წაიღო ფული, წაიყვანა ბევრი ხალხი და გაემართა დადიანის ქვეყნისაკენ, სადაც ოქროს კრავი ეგულებოდა.

დადიანის ქვეყანაში რომ მივიდა და ოქროს კრავის ამბავი იკითხა, ვაჟი დიდ საგონებელში ჩავარდა. უთხრეს, რომ ოქროს კრავი მარტო ერთია და ისიც ღმერთია. იგი არც დადიანის, არც სხვის ფარაში არ ურევიაო. მის ქვეყანაში კი ეს ამბავი სულ სხვანაირად მიუტანიათ. ერთი რამ კი რჩებოდა თავის სანუგეშებლად: არავის უთქვამს, ოქროს კრავი არ არსებობსო. ბოლოს ურუმის ხელმწიფის შვილი შეეცადა შეხვედროდა ისეთ კაცს, რომელიც უკეთესად ეტყოდა კრავის ამბავს და სწორ გზაზე დააყენებდა. მაგრამ ასეთი კაცი ვერსად იპოვა. ყველა ერთნაირად ამბობდა, კრავი ნამდვილად არსებობს და მისი ნახვა შეიძლება მხოლოდ ცაში კიბულის ახლომახლო, ანდა სხვა მთებსა და მაღალმთიან ადგილებშიო. ვინც ღირსი იყო, შეეძლო დაენახა მზის ამოსვლისას ოქროს კრავი როგორ ეთამაშებოდა მზეს.

ამ ვაჟის გულში სატრფოს ისეთი ცეცხლი დაენთო, რომ იმედი არ გადაიწყვიტა, სიმდიდრეს არ ზოგავდა, დღე და ღამ დაუზარებლად დადიოდა, სიცივესა და ყინვას არ ეპუებოდა. ბოლოს, არაფერი რომ არ გამოვიდა, დაიწყო ლაკადებსა და მთებში სიარული. დადიოდა დღისით, ღამით. სადაც დაუღამდებოდა, ბინას იქ იდებდა. დღე დღეს მიჰყვებოდა, კვირა – კვირას, თვე – თვეს, მაგრამ ვერაფერს გახდა. გული მაინც არ გაიტეხა. თუ ვერ იპოვის,უნდა დაიღუპოს, რომ დაბრუნდეს, რისთვის დაბრუნდეს?

ერთხელ ისე მოხდა, რომ მხლებლებს დაშორდა და ერთ უდაბურ ტყეში დაუღამდა. გავიდა ისეთ მინდორზე, რომლის უკეთესს კაცის თვალი ვერ ნახავდა. მეტი საშველი არ იყო, ის ღამე იქ უნდა გაეთია. მთლად რომ ბნელდებოდა, იმ დროს ნახა, რომ ტყის ერთი მხარე რაღაცამ გაანათა. როცა დააკვირდა, დაინახა, რომ ერთი თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ისეთი ლამაზი ქალიშვილი მოდის, რომ შეშინდა. ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ადამიანის შვილი ასეთი ლამაზი იქნებოდა. ეს გოგო ისეთ სინათლეს ჰფენდა ირგვლივ, რომ ნემსი რომ დაგეგდო, იპოვიდი. გოგო პირდაპირ ბიჭისკენ წამოვიდა. ვაჟი გაოგნებული მისჩერებოდა ქალს და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, რადგან ხორციელად არ მიაჩნდა. ქალი მივიდა ვაჟთან და ჰკითხა:

– რა გინდა, ბიჭო, აქ?

– ჯერ ეს მითხარი, ბატონო, – მიუგო ვაჟმა, – ადამიანი ხართ თუ სხვა რამ?

– რასაც მხედავ, ისა ვარ. მითხარი ერთი, რისთვის მოხვედი ამ ჩემს სამფლობელოში?

ვაჟმა თავიდან ბოლომდე უამბო ყველაფერი, მაგრამ რადგან ქალს ელაპარაკებოდა, დაუმალა, თუ ვისთვის უნდოდა კრავი. ისიც დამალა, კრავის წაყვანა რომ უნდოდა. ქალმა ჰკითხა:

– ვინც ამ საქმეში დაგეხმარება, იმ ადამიანისთვის რას გააკეთებ?

– ყველაფერს, რასაც მიბრძანებს და დამავალებს.

– შენ იმდენი გაჭირვება გადაგიტანია და ისე თავგადადებული ჩანხარ შენი საქმისთვის, რომ გეპატიება დაუფიქრებელი პასუხი. მაგალითად, მე რომ დაგავალო ისეთი რამ, რის გაკეთებაც შეუძლებელია, მაშინ რას იზამ?

– მე ვიცი, რომ ასეთ დავალებას არ მომცემ. თუ დამავალებ, ჩემი დაღუპვით ქვეყანა არ დაიქცევა. კაცი ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება.

– არა, ასეთ დავალებას არ მოგცემ. მე ისეთ რამეს დაგავალებ, რომლის გაკეთებაც შეგიძლია და შეიძლება შენთვის უკეთესიც იყოს, მინდა, რომ მე შენი ვიყო და შენ – ჩემი. კრავს კი აუცილებლად გაპოვნინებ.

– დაილოცოს, ღმერთო, შენი სახელი. რაც გაჭირვება გადამიტანია, ყველაფერი ბედნიერად დასრულდა, – შესძახა ვაჟმა.

– ახლა რას გეტყვი იცი? – უთხრა გოგომ. – მე ღალატსა და ორგულობას ვერ ავიტან.

– ასეთი რამ არასოდეს გამივლია გულში, – უთხრა ვაჟმა.

– შეიძლება შენ ასეთი რამ გულში არ გაგივლია, მაგრამ ისევ ნაჩქარევ პასუხს ხომ არ მაძლევ? ახლა ერთი ეს მითხარი: შენ აქ ჩემს საძებრად არ მოსულხარ, კრავი გინდოდა გეშოვნა, შეგხვდი, მეგობრობა შემოგთავაზე. რამ უფრო გაგახარა, მეგობრობის შემოთავაზებამ თუ კრავის ნახვის დაპირებამ?

– მეგობრობის შემოთავაზებამ, – იმწამსვე მიუგო ვაჟმა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ მოგეწონე და შეგიყვარდი და, რადგან სიყვარული ყველაფერს სძლევს, პირველი ადგილი მე მიჭირავს და მეორე კრავს. ახლა შეგიძლია სიტყვის მოცემა? შეგიძლია დაიფიცო, რომ შენ ჩემი იქნები, როგორც მე შენი ვიქნები, ისე რომ მოტყუებას და ღალატს გულში არ გაივლებ?

– ამას რად უნდა ლაპარაკი, კი, ბატონო.

– დამაცადე, არ იჩქარო. სანამ პასუხს მომცემდე, უნდა გაგაფრთხილო. მე მომწონს შენი ასეთი თავდადება, ამდენი გაჭირვების გადატანა იმ საქმისათვის, რომლის გაკეთება შენ გინდოდა, დიახ, ჩვენ ერთმანეთის უნდა ვიყოთ, ერთი სულითა და გულით, ყოველგვარი მოტყუების, ღალატის და ეშმაკურის გულში გავლების გარეშე. ასეთი რამ წმინდა სიყვარულს სჩვევია. სიყვარული ვაჭრული ჭკუით არ უნდა ზომო. არასოდეს აზრად არ მოგივიდეს, რომ ტყეში ბედმა ადამიანს შემახვედრა და, რაც ბედმა მომცა, იმით უნდა ვისარგებლოო. დღეს რომ კარგ ბედს ვეძახით, ხვალ ის შეიძლება უბედობად გადაიქცეს. ეს მაშინ ხდება, როცა სიყვარული ერთი ან მეორე წესით იბადება. არ დაგავიწყდეს, კრავის ნახვა იოლი რომ ყოფილიყო, აქამდე ხელთ გეყოლებოდა. მაგრამ შენც დარწმუნდები, რომ ეს საქმე იოლი არ არის. ასჯერ მეტი დრო რომ დახარჯო და გაჭირვება გადაიტანო, ხელს ვერ შეავლებ. ამიტომ უნდა მიხვდე, რომ ასეთ ძნელ საქმეს ვინც შეძლებს, იმას მართლაც შეუძლია რაღაცა. ისიც არ დაგავიწყდეს, რომ მე – სუსტი არსება – უდაბურ ტყეში მარტო ვარ. თავის იმედი რომ არ მქონოდა, ვიღაცას გავიჩენდი მცველად და, ბოლოს, ყველაზე მეტად გახსოვდეს, რომ სიტყვა და დაპირება თუ გატეხე, შენ რომ გაჭირვება გადაგიტანია, ის ბავშვური თამაში იქნება იმასთან შედარებით, რაც დაგემართება. მე ჩემს თავს ვეყოფი პატრონად. ჩემი თავი და ღირსება მე შემიძლია სხვისი დახმარების გარეშე დავიცვა. მე ამდენს იმიტომ გაფრთხილებ, რომ მინდა ტკბილად, სიყვარულით და ბედნიერად ვიყოთ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, კარგად დაწყებული საქმე ცუდად არ დასრულდეს. მოიფიქრე, მე არც მოძალადე და არც მახვეწარი ვერ რაიმესი. ხვალ ისევ მოვალ. აქ თუ გნახე, სიტყვა მოცემული გექნება, თუ არა, როგორც აკეთებდი, ისევ განაგრძობ შენს საქმეს. ცოტა ხნის შემდეგ შენ სინათლეს დაინახავ. წადი იმ სინათლისკენ, მოიქეცი უშიშრად, მოურიდებლად და უფრო თავისუფლად, ვიდრე შენს სახლში, – თქვა ეს ქალმა და საიდანაც მოვიდა, ისევ იმ მიმართულებით წავიდა.

გაოგნებული ვაჟი დაჯდა მიწაზე. თვითონაც არ იცოდა, ყველაფერი ეს სიზმარი იყო თუ ცხადი. უცებ სინათლეს მოჰკრა თვალი. ადგა და იქითკენ გაემართა. რომ მივიდა იქ, კიდევ უფრო გაოცდა. სინათლე გამოდიოდა გამოქვაბულიდან, რომელიც ისეთი ფართო იყო, რომ ცხენი გაჭენდებოდა. აქ ყველგან დაფენილი იყო ისეთი ლამაზი ტყავები, რომ თვითონ არ იცოდა, რომლისთვის ემზირა. სილამაზით ეს ტყავები აბრეშუმს ეცილებოდა. ყველგან ელვარებდა სულ სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვების სინათლე. შუაში ორი ორგია სიგანის და ათი ორგია სიგრძის ტაბლა იდგა, რომელიც საჭმელითა და სასმელებით იყო სავსე. ვაჟმა არ იცოდა, თუ რა საჭმელები იყო და რომელისთვის მოეკიდა ხელი. იმდენი ელაგა სხვადასხვა ხილეული, რომ ას კაცს ეყოფოდა. ეს ხილეული უცხო იყო ვაჟისთვის. ერთ ადგილას წყალი მორაკრაკებდა. მივიდა, ხელი დაიბანა, ღმერთს მადლობა შესწირა. უნდოდა დამჯდარიყო, მაგრამ არ იცოდა, რომელ საჭმელს მისჯდომოდა. ამგვარად, დგომელა გასინჯვით გაძღა და დათვრა. თვითონ რომ არ იცოდა, ისე დაწვა და დაეძინა. მეორე დილას როცა გაეღვიძა, ხედავს, რომ იმ ადგილასაა, სადაც წინა საღამოს ქალიშვილი ესაუბრებოდა და სადღაა გამოქვებული ან საჭმელი და სასმელი. მოვიდა ისევ ის ქალი და ჰკითხა:

– რა აზრს ადგახარ, ვაჟო?

– რასაც თქვენ ინებებთ, სიკვდილის დღემდე თქვენი ვიქნები.

– კარგი, შენგან ფიცი არ მინდა. რადგან ჩემთან ყოფნა გინდა, შენი მოქმედება მიჩვენებს, თუ როგორ შეგიძლია შეასრულო ის, რაც განგიზრახავს. კიდევ ერთხელ, გახსოვდეს და არ დაგავიწყდეს, რომ მე ვაფასებ შენს ხელმწიფის შვილობას და ვაჟკაცობას, მაგრამ არასოდეს იფიქრო, რადგან ასეთი ვარ, ამ ქალს როგორც მინდა ისე მოვექცევიო. ახლა წადი შენს მხლებლებთან და დაითხოვე ისინი. თუ გირჩევნია, გყავდეს, მაგრამ შენ რომ ჩემთან ხარ, არცერთ სულდგმულ ადამიანთან არასოდეს წამოგცდეს. არც უნდა მიხვდნენ ამას შენი ქცევით. წინ ძაღლი წაგიძღვება და მიგიყვანს შენს კაცებთან. შემდეგ ისევ ჩემთან მოგიყვანს.

როცა ვაჟი გზას დაადგა, მის წინ ძაღლი გაჩნდა. ვაჟი გაჰყვა და ცოტა ხანში თავის ხალხთან მივიდა. იმათ ძალიან გაუხარდათ ვაჟის ნახვა. მან უთხრა: – თქვენ წადით ჩვენს ქვეყანაში, გადაეცით მამაჩემს, რომ ექვსი თვე რომ გავა, ხომალდი გამომიგზავნოს ჩემი და ოქროს კრავის წასაყვანად. თქვენ მე აქ აწი აღარ მჭირდებით. ისეთი კაცი გამომიჩნდა, რომელიც მპირდება, რომ აუცილებლად მაშოვნინებს ოქროს კრავს, თქვენ ხომალდს გამოყვებით და იქიდან მერე აქ მოხვალთ, როცა თქვენგან ცნობა მომივა ხომალდის მოსვლის შესახებ, მაშინ კრავსაც მოვიყვან. ვაჟი გამოემშვიდობა მხლებლებს, მერე ისევ ძაღლი წაუძღვა და მიიყვანა ქალთან.

რასაკვირველია, ვაჟს ძალიან უკვირს, ამ ქალის გარდა, კაცის შვილს რომ ვერ ხედავს, არც რაიმე თავშესაფარს – სახლი კი არა, კარავის მაგვარიც არაფერი რომ არაა. ქალმა უთხრა:

– შენ გიკვირს, ალბათ, რატომაა, რომ ჩემს მეტ სხვა ადამიანს ვერ ხედავ და არც რამე თავშესაფარს, ანდა საჭმელი რამე თუ იშოვება? სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი ტკბილია, ადამიანი მზადაა ყველაფერი აიტანოს. მაგრამ ნუ გეშინია. წამოდი აქეთ; არც შიმშილით მოკვდები და არც სიცივით, არც დაგაწვიმს და არც დაგათოვს.

მალე გავიდნენ თვალუწვდენ მინდორზე, რომელიც გარშემო ფერდობებით, მაღლობებით და მთებით იყო შემოზღუდული. ამაზე უკეთეს ადგილს კაცის თვალი ვერ ნახავდა. ნამდვილ სამოთხეს ჰგავდა. აქა–იქ ვერცხლივით წყალი ამოდიოდა და მინდორზე იშლებოდა, ალაგ–ალაგ იყო სხვადასხვა ხეხილი. ყველგან მდელო ხასხასებდა და ათასნაირი ყვავილები ატკბობდა თვალს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ იქაურობა სავსე იყო ათასნაირი ჯოგებით – აქ ყოველგვარ შინაურსა და გარეულ ცხოველს ნახავდით: ირემს, ქურციკს, ჯიხვს, ნიამორს და სხვებს. არსად არ ემჩნეოდა – არც მდელოს და არც ყვავილებს – ამ უთვალავი ჯოგების ფეხის დანადგამი, და არც ხეხილი იყო სადმე დაზიანებული. ხეხილი ხილით იყო დახუნძლული. ვაჟს ისიც უკვირდა, რომ ამდენი ჯოგის მომვლელს ვერსად ხედავდა.

– ცხენით გირჩევნია სიარული, თუ ირმით? – ჰკითხა ქალმა ვაჟს.

– რომელიც თქვენ გირჩევნიათ. მე ირემზე არასოდეს ვმჯდარვარ, მაგრამ თუ თქვენ შეჯდებით, მეც ვეცდები.

– ირემი უკეთესია. უნაგირი არ უნდა და არც ლაგამი. ნავივით მიდის. ფერდობზე ცხენით საშიშია, ირმით – არა. რქას მაგრად მოჰკიდე ხელი და სხვა არაფერია საჭირო.

ორი სახელი რომ დაიძახა ქალმა ორი ძლიერი ირემი გამოვიდა და დაიჩოქეს მის წინ. ქალი ერთზე შეჯდა, ვაჟი – მეორეზე. მთელი ეს თვალუწვდენელი მინდორი და ფერდობები მოიარეს. ჯოგები, რომლებიც თავ–თავისთვის იყვნენ გაჩერებული, ამათი მოსვლით არ დაფეთებულან. ვაჟს ეგონა, რომ სამოთხეში მოგზაურობდა და, მართლაც, ასეთი საარაკო რამ არავის თვალს არასოდეს ექნებოდა ნანახი. ბოლოს, ერთ ფერდობთან გაჩერდა ქალი, ჩამოხტა და თქვა: – ასეთი ადგილები კი არა, კიდევ უკეთესები სხვაც ბევრი გვაქვს, სადაც კიდევ უფრო მეტი ჯოგები გვყავს. ახლა წავიდეთ შინ და დავისვენოთ. მე სახლს ვეძახი, რომ შენ გაიგო, მაგრამ ჩემი სახლი კაცის ხელით ნაჯახირები არაა. ადამიანის ხელით გაკეთებულ სახლში ზაფხულში სიცხე გაწუხებს და ზამთარში – სიცივე. ღმერთის გაკეთებულში არც ისაა და არც ეს, არც რაიმე მხოხავი გაწუხებს. შენ თუ გირჩევნია, ხე საყიდელი არა გვაქვს და როგორიც გინდა, ისეთი საცხოვრებელი გავაკეთოთ. ამას რომ ამბობდა, ერთ ფერდობს შემოუარა და გამოჩნდა სუროთი და სხვადასხვა ყვავილებით შემოსილი ბოძები. სახურავის მაგივრად ბალახითა და ყვავილებით იყო დაფარული და ზემოთ, ფერდობებისაკენ აუყვებოდა. როცა შევიდნენ, ვაჟი სანთელივით გაშეშდა. თვალით ნახვა კი არა, ასი წელი რომ ეფიქრა, ვერაფრით წარმოიდგენდა ასეთი სილამაზითა და ასეთი სიმდიდრით სავსე რამეს. აქაც იყო ძვირფასი ქვები, აქაც ყოველნაირი საჭმელი და სასმელი მოჩანდა. აქ იყო ყველაფერი, სულისა და გულის გამახარებელი.

– აქ ჭამის მადა ყოველთვის აქვს კაცს, მაგრამ იმისთვის, რომ უკეთესი მადა გაგეღვიძოს და ტკბილად დაიძინო, წამოდი და კიდევ ერთ რამეს გაჩვენებო, უთხრა ქალმა. შიგნით, სვეტებს სურო და ყვავილები არ ჰქონდა – ოქროს და ვერცხლის იყვნენ ისინი. ქვეშ ტყავები იყო დაფენილი; კედლებზე ოქროსა და ვერცხლის ქსოვილები ეკიდა. უცებ, გახარებულმა ვაჟმა, ერთი შეჰყვირა. მან დაინახა ოქროს კრავი, რომელიც ტახტზე იწვა. ქალი მივიდა და თამაში დაუწყო. ვაჟი გაოცებული უყურებდა ერთხანს. ცოტა ხნის შემდეგ ისიც მიუახლოვდა კრავს, კრავი არ შემკრთალა. ქალმა უთხრა:

– როგორც გითხარი, ასეთი და ამაზე უკეთესი ადგილები ჩვენ ბევრი გვაქვს. ჯერ შენ სიარულს მიჩვეული არა ხარ. მე ყოველთვის დავდივარ – ჩემთვის დღე და ღამე ერთია, ისე ვარ შეჩვეული ამ მთებს. არასოდეს მოგერიდოს, იარე სადაც გინდა და რამდენიც გინდა. არასოდეს დაგავიწყდეს ჩემი გაფრთხილება. იცოდე, მე მინდა, რომ შენ ჩემს მიმართ ისე იყო, როგორც მე შენს მიმართ ვარ. ჩემი გაფრთხილება ამაზე მეტს არაფერს ნიშნავს. მე მთელი გულით, შენ ნახევარი გულით – ამას ვერ ავიტან, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ არაფრით არ უნდა წამოგცდეს, ჩემთან რომ ცხოვრობ. შენ ჯერ სტუმარი ხარ, ხვალ მასპინძელი იქნები. თუ თავს შეატყვე, რომ ჩემთან ყოფნას ვერ შესძლებ, თავისუფალი ხარ, წადი და წაიღე სიმდიდრე, რამდენიც გინდა.

– მე შენი ვიქნები სიკდილის დღემდე – საყვარლად და ტოლად თუ არ გინდა, მონა–მსახურად.

ეს ქალი და ვაჟი ცხოვრობდნენ ერთად ტკბილად და დიდი სიყვარულით. დაბარებული კაცების მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად ვაჟს ნელ–ნელა მოსვენება ეკარგებოდა. ამ გოგოს სიყვარულსა და ქცევაში ვერაფრით ნაკლს ვერ მოუძებნიდა: ყოველთვის კარგად, სულითა და გულით იყო ვაჟის მიმართ განწყობილი. მართალია, ვაჟს აწუხებდა ამ შეყვარებული გოგოს მოშორება, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, თავისი წინანდელი შეყვარებული უფრო მეტად ახსენდებოდა და თავისი ქვეყნის ნახვა ენატრებოდა. არანაკლებ ენატრებოდა თავისი გამარჯვება და დიდი სახელის გავარდნა მთელ ქვეყანაზე. ბოლოს თავისი აზრის გასამართლებელი საბუთის ძებნა დაიწყო. ნამდვილად, ეს გოგო რომ სხვა ადგილებს ამბობს, განა არ შეიძლება, იქ ყველგან საყვარელი ჰყავდეს? ბოლოს გადაწყვიტა წასვლა. როდესაც მოვიდა დრო მისი ხალხის მოსვლისა, ვაჟი წავიდა და, მართლაც, ნახა რომ ისინი ელოდებოდნენ. მათ უთხრეს, რომ მისი შეყვარებული მოსული იყო გემით და ზღვის ნაპირზე ელოდებოდა. ვაჟმა თავის ხალხს უთხრა, აქ მომიცადეთ, სანამ დავბრუნდებიო.

ერთხელ, როდესაც ქალი შინ არ იყო, მხარზე შეისვა ოქროს კრავი და თავისიანებთან მივიდა. ისინი მაშინვე ზღვის ნაპირისაკენ გაეშურნენ, სადაც ვაჟს ხომალდები ელოდებოდა. ვაჟი იმწამსვე ავიდა ხომალდზე და შეიქნა დიდი ხარება და მილოცვა. ვაჟმა ბრძანა მაშინვე გაეშალათ იალქნები და ზღვაში გასულიყვნენ. თან, შეშფოთებული, ხმელეთისაკენ იყურებოდა. ეს შეამჩნია ვეზირმა, რომელიც ვაჟის მამამ ხომალდებს გამოაყოლა. რაც უფრო შორდებოდნენ ნაპირს, ვაჟი უფრო და უფრო ხასიათზე მოდიოდა. ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად – ყველა ქვეყნის ხელმწიფეთა შვილებს რომ აჯობა და რომ შეყვარებულს იგი იმდენად ჰყვარებია, რომ აქეთ წამოვიდა, მასთან შესახვედრად. როცა კარგა ღრმად შეცურეს ზღვაში, ვაჟმა კიდევ უფრო გაიხარა. ყველა კრავს უყურებდა. ყველანი ულოცავდნენ ვაჟს გამარჯვებას. ამ დროს, უეცრად, ამ უსაზღვრო მხიარულებას მდუღარე წყალი გადაესხა. მოისმა ქალის ხარხარი. საიდან მოვიდა ეს ხმა – ზემოდან, ციდან თუ ქვემოდან, ზღვიდან – ვერავინ მიხვდა. ვაჟს მკვდრის ფერი დაედო და ბრძანა უფრო სწრაფად მოესვათ ნიჩბები, რადგან ზღვაზე სიწყნარე იყო. ნიავიც კი არ იძროდა და აფრები მომჩვარული ეკიდა. ვაჟი გიჟივით დაფეთებული იქით–აქეთ იყურებოდა, მაგრამ მათივე ხომალდების მეტი არსად ნაფოტის ოდენაც კი არაფერი ჩანდა. ვეზირმა ბრძანა დაებრუნებინათ ხომალდები, მაგრამ ვაჟმა არ ქნა. გამოცდილი ვეზირი მიხვდა, რომ ვაჟს რაღაც ცუდი ჰქონდა ჩადენილი და იმის გამოსწორების გარეშე ზღვაში გასვლა არ უნდა გაებედათ. ხომალდები ნიჩბებით მიცურავდნენ, მაგრამ ისე მისრიალებდნენ ზღვაში, თითქოს ას–ასი ფრთა ჰქონოდათ. მოსვენება დაკარგა ვეზირმა. იქით–აქეთ იყურებოდა. მაგრამ ცა მოსარკული იყო, მუშტისოდენა ღრუბელს ვერ დაინახავდი ზედ. ზღვაზე ჩამი–ჩუმი არ ისმოდა. უეცრად თვალი მოჰკრეს თეთრ ღრუბელს, რომელიც შორს მოსჩანდა. ღრუბელი ცაზე კი არ იყო, არამედ ზღვაზე ეფინა და ჯიქურ მოდიოდა ხომალდებისაკენ. თეთრი ღრუბლის უკან შავი ღრუბელი ჩანდა – ისიც დაბლა, ზღვაზე გართხმული. «დააბრუნეთ ხომალდები», ბრძანა ისევ ვეზირმა, მაგრამ ხომალდების დაბრუნება შეუძლებელი გახდა. ისინი კიდევ უფრო ჩქარა მისრიალებდნენ შუა ზღვაში. «დავიღუპეთ!» – თქვა ვეზირმა. ამ დროს დაინახეს ხომალდის ქიმზე – მთლად წვერზე, სადაც მათივე ღმერთის გამოსახულება იყო გაკეთებული – მზეთუნახავი ქალი იდგა ისე, რომ ქიმზე ფეხი ედგა. ქალს ზურგი ჰქონდა შექცეული ამათთვის, ხელში ლახვარი ეჭირა და ჯიქურ თეთრი ღრუბლისაკენ იყურებოდა. ამათში ერია დადიანის კაცები, რომლებიც ამ ვაჟს გზაზე შეეყარნენ და მან დაატყვევა. როგორც კი ამათ თვალი მოჰკრეს ქალს, მაშინვე პირქვე დაემხნენ. როცა ვაჟმა დაინახა ქალი, ვეზირს უთხრა: – არიქა, როგორმე გვიშველე.

– ვინაა ეს ქალი, იცანი?

– ვიცანი, ძალიან კარგად ვიცნობ; მუდამ მასთან ვიყავი. მუდამ სიკეთეში, სილამაზესა და სიმდიდრეში ვცურავდი, სულზე მეტად ვუყვარდი, მაგრამ ჩემთვის არასოდეს უთქვამს თუ ვინ არის. გაფრთხილებული ვყავდი, მისვლას ვერ გავბედავ.

– თქვენ იცით, ვინ არის ეს ქალი? – ჰკითხა ვეზირმა პირქვედამხობილ დადიანის კაცებს.

– ტყაში მაფაა, ღმერთია, ლახვარი ხელში უჭირავს, გამწყრალია რაღაც, კარგის გაკეთებას არ აპირებს.
თეთრი ღრუბელი მოახლოვდა. შავი ღრუბელი უკან მოსდევდა. როდესაც თეთრი ღრუბელი საკმაოდ მოახლოვდა, ნახეს, რომ მის წინ ზღვას მოაპობდა შვიდი ფრთიანი თეთრი რაში. ამათ უკან მოსდევდა ხალიჩასავით ზღვაზე დაფენილი თეთრი ღრუბელი. ყველა სანთელივით იყო გაშეშებეული, ასეთი თვალით უნახავი რაშების ხილვით. რაშებმა ხომალდს შხუილით გაუარეს წინ ისე, რომ არც შეჩერებულან. ამ დროს ხომალდი თეთრმა ღრუბელმა დაფარა. თვალის დახამხამებაში ისევ მოშორდა და ნახეს, რომ რაშები და თეთრი ღრუბელი ხმელეთისკენ მიდიოდნენ. ნათლად დაინახეს, რომ ქალი, ოქროს კრავით, კაცის გვერდით იდგა და ზემოთ ღრუბელი ადგათ. რაშები და თეთრი ღრუბლები ამათ ეთხოვებოდნენ, მაგრამ შავი ღრუბელი უახლოვდებოდა. შავი ღრუბლის წინ ზღვა ყალყზე დგებოდა. თეთრი ღრუბელი და რაშები ხმელეთზე გავიდნენ და დაიკარგნენ. ამასობაში მოვიდა შავი ღრუბელი. ისმოდა ათასნაირი ჯოჯოხეთური ხმა. თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ისე დაბნელდა. ზღვამ ნაფოტებივით დაიტაცა ხომალდები. შავი ღრუბელიც ხმელეთის მიმართულებით მიდიოდა. როდესაც ნაპირამდე მივიდა, ისიც გაქრა. დღე ისევ განათდა, ზღვა დაწყნარდა, ხმელეთზე ეყარა ნაწილ–ნაწილ დამსხვრეული ხომალდები და დამხრჩვალი ხალხი. დადიანის ხალხი ყველა გადარჩენილიყო. დადიოდნენ ზღვის ნაპირზე და აგროვებდნენ დამხრჩვალებს და სიმდიდრეს და ყველაფერს მიწაში ფლავდნენ. ამბობდნენ, ღვთის განგებითაა გაკეთებული და არაფრის ხელის ხლება არ შეიძლებაო. გემების ნამსხვრევებს ცეცხლში სწვავდნენ.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button