ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – დატყვევებული დადიანი და ოქროს ვერძი

ერთხელ ჩვენს ერთ–ერთ დადიანს – კაცმა არ იცის ეს როდის მოხდა – სულ რომ არ ელოდა ისე, ოთხი მხრიდან დასხმია მტერი. აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ზღვიდან და მთიდან, ერთბაშად მომხდარა თავდასხმა. დაუტყვევებიათ დადიანი და ხუჯის ციხეში ჩაუსვამთ. ამ მტრებს თავიდანვე პირი შეკრული ჰქონიათ, ჩვენი სახელმწიფო აეღოთ, წაეყვანათ ოქროს კრავი და დადიანის ასული, რომელიც სილამაზით მზესა და მთვარეს ტოლს არ უდებდა. გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ ერთმანეთში არ წაჩხუბებულიყვნენ, შეთანხმებულები ყოფილან, რომ ერთს წაეყვანა ოქროს კრავი, მეორეს – გოგო, დანარჩენებს – შუაზე გაეყოთ რა სიმდიდრესაც იშოვიდნენ და ამოერჩიათ, რამდენიც უნდოდათ, ქალიშვილები და ქალები.

ჰოდა, ამგვარად, მოულოდნელად დასხმიან თავს დადიანს, ბაიბურში რომ არ იყო ისე. დაუჭერიათ დადიანი და ხუჯის ციხეში ჩაუსვამთ. დადიანთან ერთად დაუჭერიათ მისი შვილები და, სახელმწიფოში რაც თავკაცები იყვნენ, მასთან ერთად დაუმწყვდევიათ. მეორე დღეს ყველა უნდა დაეხოცათ, რომ დადიანს სამაგიერო არ გადაეხადა რომელიმე თავდამსხმელი ხელმწიფისათვის.

თითოეულ ხელმწიფეს დარაჯად დაუყენებია ას–ასი კაცი, ისეთი ბუმბერაზები და გოლიათები, რომელთა მარტო შეხედვისაგან კაცს მიწა გაუსკდებოდა. ეს დარაჯები დგანან იმ კოშკთან, რომელშიაც დადიანი ზის და რომელზედაც ჩიტიც ვერ გადაფრინდება.

ყველამ იცის, რომ მთელი ქვეყნის საქმე წახდა. ყველა ცხარე ცრემლებით დასტირის ჯერ დადიანს და მერე საკუთარ თავს. მაგრამ რა ქნას უთავოდ, უხელმძღვანელოდ დარჩენილმა ქვეყანამ. ცხვარივით თავის მოსაჭრელად და ტყავის გასაძრობად უნდა დაუდგნენ წინ მტერს. ერთი რომ იყოს კიდევ არაფერი – ოთხ სხვადასხვანაირს, როგორ გაუმკლავდეს. ყველა ელის შავი დღის გათენებას.

ადამიანისაგან დახმარება რომ არ ჩანდა, ღმერთებისაგან მოვიდა. უეცრად ციხის კართან გაჩნდა ოქროს ვერძი, ეძგერა და მტვრად აქცია ციხის კარი. შევიდა და ჯიქურ გაეშურა იმ კოშკისაკენ, სადაც დადიანი და სხვები იყვნენ დამწყვდეული. ამბობენ, მცველებმა ზოგმა დაიჩოქა, ზოგმა კი დაიღრიალა, მაგრამ ამათ ვერძმა ტვინი გადმოანთხევინაო. მივიდა ვერძი კოშკის კართან, ეძგერა და ნაფოტებად აქცია, წაუძღვა წინ ტყვეებს და ციხის გარეთ გამოიყვანა. შემდეგ შეუვარდა ამ ხელმწიფეებს თავ–თავის კარავში და ყველა ცოცხალ–მკვდარივით აქცია.

გათენება რომ მოახლოვდა, ყველა გორიდან გაისმა დადიანის ბუკი. წამოცვივდა ხალხი. ვინ დაზოგავდა თავს სასიკვდილოდ? წაუძღვა დადიანი და ახლა ოთხივე ხელმწიფის ჯარებმა, უმეთაუროდ რომ იყვნენ დარჩენილი, დადიანის წინაშე დაიჩოქეს. დადიანს დარჩა მათი სიმდიდრე და ყველას დაადო ისეთი ხარკი, რომ დიდხანს ფეხზე ვერ დადგებოდნენ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button