ისტორია

კვიპაროსი

კეოსის კუნძულის თვალუწვდენელ და ლამაზად დაფენილ მინდვრებ–ჭალებში გამვლელ–გამომვლელის ყურადღებას მუდამდღე უნებლიედ იპყრობდა ღმერთების სახელობაზე შეწირული საკვირველი ირემი, რომელიც სრულიად უშიშრად სძოვდა ნოყიერს, ყელამდე მოღერებულ ამწვანებულ ბალახს. ყოველი სულდგმული ირმის სიკეკლუცე–სიმშვენიერით იხიბლებოდა. ირმის ტანისა და თავის მომხიბლავ, მეტად ლამაზ მოხაზულობას ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ. ფართო და მაღალტოტებიანი რქები კოპწია და მოხდენილ თავზე საამურად გადაგრეხოდა. ლამაზი რქების შუა წვრილ, ოქროსფერ თასმაზე ჩამობმული ვერცხლის პატარა ზარი წამდაუწუმ საამურად წკარუნებდა, ძვირფასი ქვებით მორთული ლამაზი, მოხდენილი კისერი და ალმასის თვლებით შემოსილი ძვირფასი საყურეები ერთიორად ამშვენებდნენ ირმის ისედაც ლამაზი თავისა და ტანის წარმტაც მოხაზულობას. ირემმა დიდი ხანია დაკარგა თავისი ველური თვისება, იგი მოშინაურდა, უშიშრად, მოურიდებლად შედიოდა სახლებში, ყველას თავაზიანად ეპყრობოდა, ყველანი ეალერსებოდნენ, ყველას ეალერსებოდა. კუნძულის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი სიყვარულით შეჰყურებდნენ მოშინაურებულ თვინიერ ცხოველს. კუნძულის მკვიდრთა შორის საკვირველი ირემი ყველაზე უფრო ძლიერად, ყველაზე გადამეტებით უყვარდა კუნძულ კეოსის მეფის ვაჟს კვიპაროსს. ირემი და კვიპაროსი განუყრელი ერთგული მეგობრები იყვნენ. ტახტის მემკვიდრე დიდი ალერსითა და სიყვარულით ეპყრობოდა თავის მეგობარს, საძოვრად დაჰყავდა იგი ნოყიერი ამწვანებული ბალახით შემოსილ მინდორ–ველებზე. ყმაწვილი ათასი სხვადსხვა ფერადი ყვავილებით უმკობდა ირემს ფართოტოტებიან, ლამაზად გადაგრეხილ რქებს. კვიპროსი ზოგჯერ კიდევაც შეაჯდებოდა ზურგზე თავის ერთგულ მეგობარს და ისე დასეირნობდა კუნძულის მთაგორიან ადგილებზე, საცა თვალწარმტაცი ანკარა წყაროები და მთაგრეხილებიდან მოწყვეტილი შფოთიანი მდინარეები ირგვლივ ატეხილ ჭალა–მინდვრებს საამურად ანოყიერებდა. ერთხელ ირემი, ერთერთი გასეირნების დროს, სიცხისაგან მოღლილი და მოქანცული ლაღად იწვა ამწვანებულ ხავერდისფერ ბალახებში და სასიამოვნო სიგრილით ტკბებოდა. შემთხვევით ამ ადგილის მახლობლად ნადირობდა ირმის გულითადი მეგობარი კვიპაროსი. ტახტის მემკვიდრის მიერ ნატყორცნმა შორსმსრბოლმა ისარმა სასიკვდილოდ დაჭრა ბალახში განცხრომით მწოლიარე ირემი. კვიპაროსმა იგრძნო თავისი საბედისწერო შეცდომა და მყისვე თავისი საყვარელი მეგობრის საწოლ ადგილას მიიჭრა. კვიპაროსის დანახვაზე საბრალო მომაკვდავი ირემი საცოდავად შეტორტმანდა, უკანასკნელად გადაატრიალა მეგობრისაკენ ცრემლით აღსავსე, მაგრამ კიდევ მოსიყვარულე თვალები. უცაბედად ნასროლმა ისარმა ულმობლად გამოასალმა სიცოცხლეს ყველასათვის საყვარელი, მშვიდი, უწყინარი ირემი. კვიპაროსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, იგი ტიროდა, ცხარე ცრემლებს აფრქვევდა, სასოწარკვეთილებას ეძლეოდა. საბრალო ყმაწვილს ცხარე ცრემლები თვალთაგან ნაკადულებრ მოსჩქეფდა და მახლობლად მდებარე მიდამოებს რწყავდა. კვიპაროსი გულამოსკვნით დასტიროდა უდროოდ დაკარგულ თავის გულითად მეგობარს და საცოდავი ქვითინით მთელ დედამიწას აყრუებდა. სასოწარკვეთილი, მწუხარებისაგან თავზარდაცემული კვიპაროსი ღმერთებს სიკვდილს შესთხოვდა, მაგრამ ყოვლად შემძლებელი ღმერთები ყმაწვილის გულითად ვედრებას უგულებელყოფდნენ. პირიქით, კვიპაროსის გულითადი მეგობარი და მფარველი აპოლონ ღმერთი ნუგეშს სცემდა მეფის საბრალო მემკვიდრეს და ყოველმხრივ ცდილობდა ყმაწვილისათვის ასე ანაზდეულად თავს დატეხილი უსაზღვრო მწუხარება მცირედად მაინც შეემსუბუქებინა. მაგრამ, საუბედუროდ, უსაზღვრო მწუხარებით ზარდაცემული საბრალო კვიპაროსი სიმშვიდეს ვერ პოულობდა, საბრალო ყმაწვილის მოსიყვარულე გული დღითიდღე მდუღარებით ივსებოდა და მის სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ედებოდა. „ყოვლად შემძლებელო ღმერთებო! ჩემს მწუხარებას ნურასოდეს ბოლოს ნუ მოუღებთ! მე ღირსი ვარ სასტიკი სასჯელისა! მხურვალედ გევედრებით, გემუდარებით, ღირსეულად დამსაჯეთ ჩემი საუკეთესო, გულითადი მეგობრის სიცოცხლის სრულიად უდანაშაულოდ მოსპობისათვის!“ საბრალო კვიპაროსი დღედაღამ ამ სიტყვებით განუწყვეტლად ემუდარებოდა ყოვლადშემძლებელ ღმერთებს. მაგრამ დახეთ საკვირველებას! ტირილისა და მწუხარებისაგან დაღლილი და ფერმიხდილი საბრალო კვიპაროსის სხეული თანდათან ხევდებოდა, ხის ფოთლებითა და ტოტებით იმოსებოდა, ხის სახეს ღებულობდა. ერთი წამიც–და კუნძულ კეოსის მეფის ტახტის საბრალო მემკვიდრე სიცოცხლეს გამოესალმა და მაღალ კვიპაროსის ხედ გადაიქცა. – „მშვიდობით, მეგობარო!“ – მწუხარებით გამოეთხოვა აპოლონ ღმერთი თავის გულითად მეგობარს: „მუდამ ვიგლოვ და მდუღარე ცრემლებს ვაფრქვევ შენი უმანკო სახელის ხსოვნას!“ კვიპაროსის ხე კი ამ დროს მწუხარედ იცრემლებოდა და მდუღარე ცრემლების ფრქვევით ასველებდა იმ სამწუხარო ადგილს, საცა მისმა ერთგულმა და განუსაზღვრელად საყვარელმა ირემმა სამუდამოდ დახუჭა თვალები და ასე უდანაშაულოდ სიცოცხლეს გამოესალმა.

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button