ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მელიკო

ყოველ დილით, შავებში ჩაცმული, მოხუცი, ჩია ქალი, კეფაზე დახვეული თეთრი თმით, სქელი ლინზებიანი სათვალით, პროთეზით, ლაპარაკის დროს, პირიდან რომ უვარდებოდა. “ბაზრის სეტკაში” ჩალაგებული არაჟნით, ხაჭოთი და პურით, დაბრეცილქუსლებიანი ფეხსაცმლით აბაკუნდებოდა ჩვენს ზემოთ, მესამე სართულზე, პაპიდა თამარასთან და მეათასედ ეკითხებოდა:
– თამარა, სად ცხოვრობს ჩემი ვასიკოო?


ვასიკო, მელიკო და გივი ჩიკვაიძეების დედისერთა შვილი იყო. უკვე 32 წელი შესრულებოდა, მაგრამ დაოჯახებას ჯერ არ ფიქრობდა, რასაც მშობლები ძალიან განიცდიდნენ. ხან ვის ურიგებდნენ და ხან ვის, მაგრამ გაცნობა მუდმივად კრახით მთავრდებოდა – ზოგის სახე არ მოსწონდა, ზოგის ტანი, ზოგს ფეხები არ უვარგოდა და ზოგსაც მანერები.
კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა ლაბორატორიის უფროსად. კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. სამსახურიდან ორჯერ იყო უცხოეთში ნამყოფი – ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ამიტომ, მივლინებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გასაგზავნ ერთ ადგილზე, მისი კანდიდატურა ერთხმად მოიწონეს. წავიდა ვასიკო მივლინებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ელოდა დედ-მამა შვილის დაბრუნებას. არ დაბრუნდა. შესძრეს მთელი ქვეყანა, მოსკოვამდე ჩავიდნენ, მაგრამ ვერ მიაგნეს. მამა დაიბარეს უშიშროებაში
– შენი შვილი გარდაიცვალაო! – მოახსენეს. ჩაიცვა დედ-მამამ შავები. დაიტირეს შვილი უცხედროდ. მიჰყვა შვილს მამაც წლისთავზე. დარჩა მელიკო მარტო. ქმრის საფლავზე მიდიოდა და იქ დასტიროდა ქმარ-შვილს. ასე გავიდა 14 წელი.


პაპიდაჩემი, თამარა ციციშვილი, 1919 წელს პარიზში წავიდა სასწავლებლად. საქართველოს გასაბჭოებისას, 1921 წელს, სორბონას უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ქართველ ემიგრანტზე გათხოვდა და იქ დარჩა. 60 წელი იცხოვრა პარიზში, ფრანგულ ენას ასწავლიდა უნივერსიტეტში. შვილი არ ეყოლა. სიბერეში მეუღლე გარდაეცვალა. იმ პერიოდში, კანტიკუნტად დაიწყეს ჩამოსვლა ემიგრანტებმა, ვისაც კონტრრევოლუციაში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. პაპიდამაც ჩაალაგა ჩემოდანი და ჩამოვიდა ძმასთან საქართველოში. პაპაჩემმა ერთი ოთახი გამოუყო საგვარეულო სახლის მესამე სართულზე.
ერთხელ პაპიდამ დამიძახა:
– პატარა ბიჭო, ჩემთან შემოდიო! – ფურცელზე მისამართი დამიწერა
– ამ მისამართზე მელიკო იკითხე და ჩემთან მოიყვანე, აუცილებელი საქმე მაქვსო! – წავედი, ვიპოვნე მელიკო და გადავეცი დანაბარები.
– ვინ არისო! – მკითხა მელიკომ.
– ჩემი “ფრანცუჟენკა” პაპიდააო! – ვუპასუხე. სირბილით წამომყვა. ჩვენს ეზოში მოვიყვანე, მესამე სართულზე ავირბინეთ და პაპიდას ოთახში შევყევი.
– საქართველოში წამოსვლის წინ, შენი ბიჭი, ვასიკო, შემხვდა და შენთან მოკითხვა დამაბარა, ოღონდ არავის უთხრაო! – პირდაპირ მიახალა პაპიდამ. ხელის შეშველება ვერ მოვასწარი, მელიკო მოწყვეტით დაეცა იატაკზე. მეორე სარულზე ჩავირბინე, ნიშადურის სპირტი ამოვიტანე, ცხვირთან მივუტანე და მოვასულიერე.


– თამარა, სად ცხოვრობს ჩემი ვასიკოო? – ყოველდღე ეკითხებოდა მელიკო.
– გერმანიაში, მელიკო, მიუნხენშიო! – ყოველდღე პასუხობდა პაპიდა თამარა.
– როგორ გაიგო, რომ მოდიოდიო?
– მიუნხენში მეგობარი მყავს და იმან უთხრაო!
– პარიზში ჩამოვიდა და ჩემი მისამართი მოგცაო?
– ხო, მელიკო, მისამართი მომცაო!
– ენაცვალოს დედა, ისევ ასეთი ქოჩორი აქვსო? – ჩანთიდან სურათს ამოიღებდა და აჩვენებდა.
– არა, მელოტია, თმები აღარ აქვსო!
– კიდევ მომიყევი ვასიკოზე რამეო!
– დავოჯახდი, ცოლი და ორი შვილი მყავსო!
– არ ჩამოვალო?
– აქ რაღაც შემეშალა, ახლა რომ ჩამოვიდე, დამიჭერენ, მოვა დრო და აუცილებლად ჩამოვალო!
– დედა ენაცვალოს, კიდევ რა გითხრაო?
– ო, ლა, ლაო! – უპასუხებდა გაბეზრებული პაპიდა თამარა. მელიკო თავს ჩაღუნავდა, მერე თითქოს ოცნებიდან გამოერკვაო, მიდგებ-მოდგებოდა, ბინას დაულაგებდა და მიდიოდა. შემდეგ დილას ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. რამდენჯერმე პაპიდამ გააგდო
– მეორედ აქ აღარ მოხვიდეო! – მაგრამ, დილით ისევ მობაკუნდებოდა.


ეზოში ბურთს ვთამაშობდი, პაპიდამ რომ გადმომძახა:
– ერთი კვირაა, მელიკო არ გამოჩენილა, შვილმა მოსწერა, უნდა ჩამოსულიყო რამდენიმე დღით, წადი, გაიგე რა ხდებაო! – მივედი მის ეზოში. მელიკოს ბინა დაკეტილი დამხვდა, მეზობელს დავუკაკუნე
– შვილის ჩამოსვლის დღეს ძალიან ინერვიულა, სამშაბათს დავასაფლავეთ მელიკოო! – მითხრა მეზობელმა.

არდაშელ თაქთირიძე

P.S. ბოლო ნოველები სევდიანია. ალბათ, გადაღლის ბრალია, სხვა არ მოდის თავში. სულ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, დავისვენებ და იმედია პოზიტიური სიუჟეტებიც მოვა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button