ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – აღსარება

კარის გაღება არ გასჭირვებია, ჩვეულებრივი “შტირლიცი” ეყენა, რეკლამას რომ უკეთებენ, თითქოს საიმედოაო, სინამდვილეში, მარჯვე ხელს, ორ წუთში შეუძლია გაღება. გამოღებულ კარებში შეძვრა და კარი შიგნიდან ჩარაზა. ფანჯარა შეაღო, რომ ქუჩაში, “ატანდაზე” დაყენებული ვოვას სტვენის ხმა გაეგო.
კარგი “ნაკოლი” მისცეს. მამა რაიონში იყო წასული, ქალიშვილი, სიძესთან და შვილიშვილთან ერთად, ეგვიპტეში ისვენებდა. ბინა სავსე იყო ძვირფასი ნივთებით.
საძინებელში შევიდა, ტანსაცმლის კარადა გამოაღო, ხარიხაზე დაკიდებულ ახალთახალ კოსტუმს შალითა მოხსნა და ელვა შესაკრავით ისე შეკრა, რომ მოზრდილი ტომარა გამოვიდა. ტომარა სასტუმრო ოთახში გაიტანა. ტექნიკისთვის არც შეუხედავს, ვერცხლის ნივთებით დაიწყო. მაგიდიდან – საფერფლე, ბუფეტიდან: – ლარნაკი, სურა, დონ-კიხოტის ვერცხლის ფიგურა ტომარაში ჩაალაგა. ბუფეტის ვიტრინა გამოაღო. არყის ჭიქები, თავისი მოვერცხლილი გრაფინით, ჩაის სერვიზი – ყველაფერი ვერცლის, მხოლოდ შუშის ჭიქები ამოიღო სადგამებიდან და გვერდზე გადადო. ბუფეტის უჯრები გამოხსნა, ვერცხლის დანა-ჩანგალი ცალკე ეწყო. წიგნის თაროდან წიგნები გადმოყარა, ფული ვერ იპოვა. ტომარა საძინებელში გაათრია, კომოდის უჯრა გამოხსნა, ფანარი ჩაანათა. ყუთს წააწყდა, გახსნა, ძვირფასეულობით იყო სავსე. დათვალიერებაზე დრო არ დაუხარჯავს, ყუთი დახურა და ტომარაში ჩადო. კომოდის თავი მოათვალიერა, ხატები იყო დალაგებული. შუაში შანდალი იდგა, ჩამწვარი თაფლის სანთლით. შანდლის კავზე, ოქროს ჯაჭვზე დაკიდებული მედალიონი კონწიალობდა – ოვალურ ოქროს ჩარჩოში ჩასმულ მინანქარზე ღვთისმშობელი იყო გამოსახული, ჩვილი იესოთი. მედალიონი ჩამოხსნა, მუჭში დაიჭირა. ფანარი ცოტა ზევით აანათა. კედლიდან, შავ ჩარჩოში ჩასმული, მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული შემოჰყურებდა.
საწოლზე ჩამოჯდა.
– აქ ღმერთმა ჩემი ფეხით მომიყვანა, რომ განვლილი ცხოვრება შემეფასებინაო! – გაიფიქრა.
ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს, არაკაცი ხომ არ არის, აქედან რამე გაიტანოს? როგორც მოვიდა, ისე წავა! პირდაპირ ეკლესიაში მივა. მღვრდელს სთხოვს, რომ აღსარება ჩაიბაროს. ალბათ, უარს არ ეტყვის! რამდენი ხანია, ეკლესიაში არ შესულა! ყველაფერს დაწვრილებით მოუყვება. მოუყვება და ტვირთს მოიცილებს, ამდენი ხანი რომ სტანჯავს. აღარასოდეს შესცოდავს. დღეს ახლიდან დაიბადება!


– მამაო, აღსარება მინდა გითხრაო! – ხო, ასე ეტყვის.
– მოყვები, თუ კითხვები დაგისვაო? – ჰკითხავს მღვრდელი.
– მოვყვებიო!
– დაიწყე შვილოო!
– ხო, მამაო, ცოდვილი ვარო!
– განაგრძეო!
– დედისერთა ვიყავი, უდარდელი ბავშვობა მქონდა. მამაჩემი ცეკავშირის მომარაგების საწყობის გამგედ მუშაობდა და მატერიალურად არ გვიჭირდა. პავლოვის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ოთხ ოთახიან ბინაში. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მუსიკაზე დავდიოდი – ვიოლინოზე. მეოთხე კლასში მამაჩემმა კალათბურთზე შემიყვანა.
– კარგი სპორტსმენი დადგებაო – ეუბნებოდა მამაჩემს მწვრთნელი. კვირაში ექვსი დღე დაკავებული ვიყავი, ქუჩისთვის სად მეცალა! კვირას, ოჯახი ერთად ვსადილობდით რესტორანში. მაშინ, რესტორნებში ადგილები წინასწარ იჯავშნებოდა, მაგრამ მამაჩემს ყველა რესტორნის დირექტორი იცნობდა და ჩვენთვის ყოველთვის მოიძებნებოდა მაგიდა საუკეთესო ადგილზე. დედაჩემი პროფესიით ეკონომისტი იყო, მაგრამ არ მუშაობდა.
მერვე კლასში ვიყავი, მამაჩემი რომ დაიჭირეს. დანაკლისი აღმოუჩინეს საწყობში. მოადგილემ დააბეზღა, მაგრამ არც იმას დაადგა კარგი დღე, სამსახურიდან გააგდეს. სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. ბინა, აგარაკი, მანქანა ჩამოგვართვეს და სახელმწიფოს გადაეცა. ჩვენ ერთოთახიანში გადაგვიყვანეს, “ვორონცოვიდან” სანაპიროზე ქუჩა რომ ჩადის, კუთხიდან მესამე სახლის მეორე სართულზე.
მამაჩემი ჯერ ორთაჭალაში იხდიდა სასჯელს, მერე რუსთავში გადაიყვანეს. ყოველ კვირა დღეს მასთან მივდიოდით და მთელი დღე რიგში ვიდექით “პერედაჩის” გადასაცემად. იმ ხალხმა, ადრე გარს რომ გვეხვეოდა, უცბად დაგვივიწყა.
– განაგრძე, შვილო ჩემოო! – ეტყვის მღვრდელი.
– ოჯახში გაგვიჭირდა. დედაჩემმა ვაგონშემკეთებელ ქარხანაში დაიწყო ეკონომისტად მუშაობა. მე-9 კლასში 30-ე სკოლაში გადმოვედი. უცბად ავიყარე ტანი. მოსწავლის ფორმის შარვალი კოჭებს ზევით ახტა, პიჯაკის სახელოები კი, იდაყვებს ძლივს მიფარავდა, მაგრამ ახლის საყიდელი ფული არ გვქონდა და სასწავლო წლის ბოლომდე ასე დავდიოდი სკოლაში.
სკოლის შემდეგ, ქუჩაში დავეხეტებოდი. დედაჩემი მაინც საღამომდე არ მოდიოდა სამსახურიდან. ავიდოდი 1-ელ ნომერ ტროლეიბუსში, მივუჯდებოდი კიკას გვერდით და მასთან ერთად
– ცოლი მინდა, ცოლი მინდაო! – ვიძახდი.
“დინამოს” სტადიონი გაიხსნა. უელსის “კარდიფ სიტის” ვხვდებოდით. ტროლეიბუსი ხალხით იყო გაჭედილი, ყველა სტადიონზე მიდიოდა. მე ბილეთი არ მქონდა, მაგრამ მაინც შევძვერი ტოლეიბუსში, აბა, სახლში რა მეკეთებინა?! ცენტრისკენ გადავიწიე და
– გელაო! – ვიღაცამ დამიძახა. ორი სკამის მოშორებით, მეზობელი, ჩემზე ორი წლით უფროსი ლერი იდგა. მისკენ წავიწიე.
– აქ დადექიო! – მითხრა. თვითონ ვიღაც კაცს ამოუდგა უკნიდან. ცოტა ხანში,
– ჩავდივართო! – გამიკვირდა, მაგრამ უხმოდ დავემორჩილე. გავარღვიეთ ხალხი და მარჯანიშვილის მოედანზე, გაჩერებაზე ჩავედით. გორკის კლუბისკენ წავიდა, მეც გავყევი. ბაღში რომ შევედით, კინოთეატრის სალაროს უკან, ჯიბიდან საფულე დააძრო, ფული ამოიღო, ჯიბეში ჩაიდო, საფულე სალაროს თავზე შეაგდო და უკან გამოვედით.
– აი, ფეხბურთის ბილეთების ფულიც გვაქვსო! – მითხრა ლერიმ.
– საიდანო? – ვკითხე.
– “სტენკას” რომ მიკეთებდი, ვერ მიხვდიო?
სტადიონამდე ფეხით გავედით. სინდისი მქეჯნიდა.
– მე სახლში წავალო! – ვუთხარი.
– წამო, წამო, ბილეთები ვიყიდოთო! – ზემოქმედების ძალა ჰქონდა, დავემორჩილე. სტადიონის სალაროებთან გადამყიდველები ირეოდნენ, იმათგან იყიდა ორი ბილეთი მეორე იარუსის დასავლეთ ტრიბუნაზე. თამაშის დროს ყველაფერი დამავიწყდა, ხმის ჩახლეჩამდე ვღრიალებდი, 3:0 მოვიგეთ, მაგრამ სახლში რომ მივედი და დავწექი, მთელი ღამე ვერ დავიძინე. სულ ის კაცი მელანდებოდა, ჯიბეში ხელს რომ ჩაიყოფდა და საფულე არ დახვდებოდა, რა დღეში ჩავარდებოდა.
კვირას, მე და დედა მამასთან, რუსთავში წავედით. იქ გვითხრეს
– საავადმყოფოშია გადაყვანილიო! – ისიც ძლივს გავარკვიეთ, რომელ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პალატაში არ შეგვიშვეს, მილიცია იცავდა. ექიმმა
– გულის შეტევით მოიყვანეს, მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს. ახლა მგონი გამოძვრა, მაგრამ თუ გაუმეორა, ვეღარ გადაიტანსო!
მესამე დღეს გაუმეორა… დასამარხი ფული არ გვქონდა. დედაჩემმა, რაც ოქროს ნივთები შემოგვრჩა, ოქრომჭედელს კაპიკებში მიჰყიდა. დავმარხეთ მამაჩემი. მისი სიკვდილის შემდეგ, მართალია, “პერედაჩებზე” ფული აღარ გვეხარჯებოდა, მაგრამ მორალურად გაგვიჭირდა, უიმედობა დაგვეუფლა.
ზაფხულის არდადეგები თბილისში გავატარე. პირველი სექტემბერი ახლოვდებოდა, მე კი, არც სკოლის ფორმა მქონდა, არც ფეხსაცმელი და არც ჩანთა.
ერთ დღეს, სახლში ვიყავი, ლერიმ რომ დამიძახა:
– გადმოდი ჩემთანო! – გადავედი.
– შენი დახმარება დამჭირდება, გამომყვებიო?
– “სტენკა” უნდა გაგიკეთოო?
– არა, სხვა საქმეაო!
– მაშინ წამოვალო! – ვუთხარი.
– ამ საღამოს დაგიძახებო!
ვერაზე ავედით. ქუჩის კუთხეში დამაყენა.
– იმ ორსართულიანი სახლის შესასვლელს უყურე, თუ ვინმე მიუახლოვდება, დაუსტვინეო! – თვითონ აღმართს აუყვა. ველოდე ერთი საათი, ორი საათი. უცბად, ვიღაცამ უკნიდან მხარზე ხელი დამარტყა. შევტრიალდი, ლერი იღიმებოდა.
– ბიჭო, აქ ვის ელოდები, წავიდეთო! – სახლში მივედით. მეორე დღეს გადმოვიდა და 220 მანეთი მომცა
– ეს, შენი წილია, ოღონდ ისე დახარჯე, დედაშენმა არ გაიგოსო!
მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეხარჯა ფული, რომ დედაჩემს არ გაეგო, და მოვიფიქრე: – ერთადერთი, რაც პავლოვის ბინიდან შემოგვრჩა, წიგნების კარადა იყო. გამოვიღე ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ფული წიგნში ჩავდე და კარადაში, თავის ადგილზე, დავაბრუნე. საღამოს, დედაჩემს ჩამოვუგდე საუბარი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე. სახეზე შევატყე, ესიამოვნა. ზურიკელას ქცევაზე შევკამათდით. კარადასთან მივედი, გამოვიღე წიგნი და იქიდან ფული გადმოცვივდა… ახალი სკოლის ფორმები იყო შემოსული, მოსკოვის ფორმებს ეძახდნენ, პირველ სექტემბერს იმით მივედი სკოლაში.
იმის მერე, ხშირად დავყვებოდი ლერის “საქმეზე”. ფულს ვინახავდი. ძალიან თუ გაგვიჭირდებოდა, მაშინ გამოვაჩენდი. ეს დღეც მალე დადგა. ღამე, დედაჩემის კრუსუნმა გამაღვიძა, მუცელი სტკიოდა. სასწრაფოს გამოვუძახე,
– კენჭის გავლააო! – გამაყუჩებელი გაუკეთეს, დამშვიდდა. მეორე დღეს, უბნის ექიმი გამოვიძახეთ. გვეჩხუბა
– ყოველ მუცლის წამოტკივებაზე, ექიმს რატომ იძახებთო!
მესამე დღეს, ტუჩები და ფრჩხილები გაულურჯდა. სასწრაფო გამოვიძახეთ, იმან საავადმყოფოში გადაიყვანა.
– ნაღვლის ბუშტია გახეთქილი, აქამდე სად იყავით, პერიტონიტია დაწყებულიო! – სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს. დედაჩემი საოპერაციო მაგიდაზე დარჩა. გადავიხადე ქელეხი, ორმოცი…
ლერიმ გამაცნო უბნის “კაი ბიჭები”,
– ჩემი პატარა ძმაა, მაგრად მეხმარებაო! – ამ სიტყვებმა, ჯადოსნურად იმოქმედეს – უბანმა შეცვალა დამოკიდებულება ჩემს მიმართ, ბირჟასთან რომ გავივლიდი, ბიჭები მოწიწებით მესალმებოდნენ.
ლერი მასწავლიდა უბნის წესებს, ქურდულ კანონებს, საქმის გარჩევას. კარგად ვისწავლე წესები, “ბაზარში წამოკიდება”. ხანდახან ლერი, ჩემთან “რაზბორკით” ერთობოდა:
– მოდი “ვიბაზროთო”! – როგორც წესი, “მჭედავდა”, მაგრამ ერთხელ, “ბაზარში” რომ “წამოვიკიდე” და “როტვეილერივით” ჩავავლე კბილები, იცინა:
– საღოლ შენ, მაგარი ხარო! – ქურდთან ამიყვანა კალინინის ქუჩაზე
– პერსპექტიული ახალგაზრდაა, სკოლაში პატივს სცემენო!
– რომელ სკოლაში სწავლობსო?
– 30-ეშიო!
– კარგიო! – დაუქნია თავი ლერის.
მაშინ სკოლებში ფულის აკრეფა არ იყო. მე უნდა მიმექცია ყურადღება, რომ არავინ დაეჭრათ და მართალი კაცი არ დაეჩაგრათ. სკოლაში, საქმეების გასარჩევად ჩემთან მოდიოდნენ. ჩემი სიტყვა საბოლოო იყო.
ლერის ვთხოვე:
– შენ “მუშაობ”, რისკზე მიდიხარ, მე მიყოფ, “სპრავედლივი” არ არის, მოპარვა მასწავლეო!
– მაგის დროც მოვა, თუ ჩავვარდები, მოგიწევს ჩემი დედ-მამის რჩენა, სანამ ციხეში ვიქნებიო!
– შენ თუ ჩავარდი, “საქმეზე” რომ ვერ წავალ, შენი ოჯახი როგორ ვარჩინო, და საერთოდ, მე მარტოხელა ვარ, შენს ჩაჯდომას, ჩემი ჩაჯდომა ჯობიაო!
– მართალს “ბაზრობ”, საღამოს გადმოდიო! – მითხრა ლერიმ.
– ბინის “გატანა” თითქოს იოლია, მაგრამ “ნაკოლი”, კარგი უნდა იყოს. ზოგი “საქმე” “ძაღლობის” შემოგდებულია და ფაქტზე აგიყვანენ. შენ კარგ “ნაკოლს” არავინ მოგცემს, შენისთანებით გეგმას ასრულებენ. ჯიბე ყველაზე ძნელია, ერთი ზედმეტი მოძრაობა და “დამწვარი” ხარ. მართალია, უფრო ხშირად მილიციას არ უძახიან და თვითონ უსწორდებიან, მაგრამ იქ გამოჩენა კარგა ხანს არ შეგეძლება. დასაწყისისთვის, ყველაზე ნაღდი, ჩანთაა. შეგიძლია, შენკენ გამოწიო და ისე იმუშაო. ჯიბგირობის ყველაზე მაღალი დონე კი – ყელიდან “ცეპის”, შეუმჩნევლად ჩამოხსნააო! – დაიწყო ლერიმ ჩემი განათლება.
– მთავარია, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინო. აი, მაგალითად, ორი ღერი თმა რომ ამოგაწიწკნონ, მტკივნეულია, მაგრამ ამ დროს, თუ სილას გაგაწნავენ, თმის ამოწიწკვნას ვერც გაიგებ, რადგან ორი მტკივნეულიდან, ტვინი ირჩევს უფრო მეტად მტკივნეულს და მასზე აქვს რეაქცია. ამიტომ ამოღების მომენტში, თუ “ადინოჩკა” ხარ, უკნიდან მუხლი უნდა მიაჭირო, მხარი მიარტყა, ან, ვითომ შემთხვევით, თავი მიჰკრა. თუ “პარაში” მუშაობ, უფრო იოლია – “ნაპარნიკი” ფეხზე ფეხს დააბიჯებს, ან გვერდიდან მიაწვება, მაგრამ ამ დროს ერთმანეთის უსიტყვოდ უნდა გესმოდეთ. ერთხელ, გასტრონომში, ხორცის რიგში, ბიჭი მივიდა და რიგში მდგარ ქალს დაუყვირა:
– რა აიღე, ახლავე ხელი მაჩვენეო! – შემცბარმა ქალმა გაშლილი ხელი აჩვენა.
– ეგ არა, მეორეო! – ქალმა მეორე ხელი გაშალა. ბიჭმა ხელზე დააფურთხა და გაიქცა. რიგში, იმ ქალის უკან, სანდომიანი სახის ახალგაზრდა იდგა. ძალიან შეწუხდა, ამოიღო ცხვირსახოცი, ქალს ხელისგული გაუწმინდა და დამფურთხებელს საცემად გაეკიდა. მოგვიანებით, ქალმა ხელზე რომ დაიხედა, ბრილიანტის ბეჭედი აღარ ეკეთა… ოღონდ, გახსოვდეს, ჯიბგირი ყაჩაღი არ არის, თუ მიგიხვდნენ, მოპარული უნდა დაუბრუნოო!
ყოველდღე მიკითხავდა ლერი თეორიას, თან პრაქტიკაშიც მავარჯიშებდა. ორ კვირაში, მეზობლებს ისე ვაცლიდი ჩანთიდან ნივთებს, ვერავინ ხვდებოდა. მერე, ჩუმადვე, უკან ვაბრუნებდი. პირველი ნათლობა 40 ნომერ ავტობუსში გავიარე. “ვორონცოვიდან” “ლოკომოტივის” სტადიონამდე მიდიოდა. გაჩერებაზე გოგო ამოვიდა, ჩანთა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. ბილეთის ასაღებად ჩანთა გახსნა, საფულე ამოიღო, ხურდა გადააწოდა და საფულე ჩანთაში ისე ჩააბრუნა, რომ ჩანთა არ ჩაუკეტავს. მისკენ გადავინაცვლე, უკან დავუდექი. ამოვიღე ჩანთიდან საფულე და ჯიბეში ჩავიცურე. ჩასასვლელად მოვემზადე.
– გამატარე გენაცვალეო! – ვუთხარი იმ გოგოს. მიიწია, სახე ჩემსკენ მოაბრუნა და გულიანად გამიღიმა. თეთრი კანის ფერი ჰქონდა. სწორი, ჩამოშვებული თმა მხრებზე ყვითლად ეფინებოდა. ლამაზ, ღია თაფლისფერ თვალებში ბავშვური სხივი კრთოდა. ცხვირი სწორი, დახვეწილი. გამხდარს ვერ იტყოდი, გაღიმების დროს, ლოყებზე საყვარელი ფოსოები უჩნდებოდა. გავჩერდი. ჩასვლა გადავიფიქრე. ისევ ამოვუდექი უკან იმ გოგოს, ამოვაცურე ჯიბიდან საფულე და ჩანთაში ჩავუდე.
– გოგონი, ჩანთა დაკეტე, არაფერი ამოგაცალონო! – ვუთხარი. ჩანთაში საფულე შეამოწმა, ჩანთა დაკეტა,
– რა დაბნეული ვარო! – ჩაილაპარაკა და მადლიერი ღიმილით შემომხედა. ის გოგო, მე-9 საავადმყოფოს გაჩერებაზე ჩავიდა, მეც ჩავყევი. გვერდით გავყევი. ეჭვით შემომხედა.
– დაბნეული ყოფილხარ, მიგაცილებო! – ვუთხარი. მხრები აიჩეჩა.
– სად მიდიხარო? – ვკითხე.
– აქვე, ჭავჭავაძეზეო!
– აქ ცხოვრობო?
– არა, ვემზადებიო!
– რაშიო?
– ბიოლოგიაშიო!
– სად აბარებო?
– სამედიცინოზეო! – ამასობაში ორსართულიანი სახლის შესასვლელთან მივედით.
– აბა, კარგად იყავი, აქ ავდივარო! – კიბეზე ჩამოვჯექი, დაველოდე. საათნახევარში ჩამოვიდა.
– შენ კიდევ აქ ხარო? – გაკვირვებულმა შემომხედა.
– სახლამდე მიგაცილებ, სად ცხოვრობო? – ვკითხე.
– “მარჯანიშვილის” მოედანზე! შენო?
– მე “ვორონცოვზეო”!
– აბა, ერთი გზა გვქონიაო! – გადავირბინეთ გამზირი და ავტობუსის გაჩერებაზე ისევ 40 ნომერს დაველოდეთ.
– რა გქვიაო!
– მანანა, შენ რა გქვიაო?
– გელაო!
– რომელ სკოლაში სწავლობო?
– 23-ეში! შენო?
– 30-ეშიო! – ავტობუსი მოვიდა, ხალხით გაჭედილი. ძლივს ავედით. ხალხი მაწვებოდა, სკამის საზურგეს ვეჭიდებოდი, რომ არ ჩავხუტებოდი. ჩუმად ვიყავით. ავტობუსმა ერთი-ორჯერ ორმოში რომ ჩაკრა, მაინც მოგვიწია ჩახუტება. ორივეს გაგვეცინა. ორი ბილეთი ავიღე. მივაწოდე. ერთი მოხია და უკან დამიბრუნა
– შენ ბოლო გაჩერებაზე ჩადიხარო!
– სახლამდე მიგაცილებო! – ვუთხარი.
– არ მინდა, პრობლემები შეგექმნებაო!
– პრობლემებს ვინ შემიქმნისო?
– ერთიაო! – მაინც გავაცილე. მეტროს გვერდით, მარჯანიშვილის ქუჩის მხრიდან, ბიჭები იყვნენ ჩამომსხდარი. რომ მივუახლოვდით, წამოდგნენ და მომესალმნენ. ერთს ვიცნობდი, ორი წლით უფროსი იყო, კიტრას ეძახდნენ. ბიჭებს გამოეყო
– გამარჯობა გელაო! – გადამკოცნა.
– გაგიმარჯოს კიტრაო! – გზა გავაგრძელე.
– ეგ არის, კიტრას დაძახებაზე, ცემით ხოცავს, შენ როგორ შეგარჩინაო?
– მე მაგის სახელი არ ვიციო! – ვუპასუხე.
– მერაბი ჰქვიაო!
– კარგი, მეცოდინებაო! – მეტროს უკანა ეზოში ცხოვრობდა, სახლამდე მივაცილე. უკან რომ დავბრუნდი, მეტროსთან ისევ კიტრას “სასტავი” იჯდა.
– კიტრა, იმ გოგოს იცნობო?
– მანანას? კიო!
– აღარ იცნობო!
– გასაგებიაო!
მეორე დღეს, 23-ე სკოლასთან დავხვდი. გამოვიარეთ კამოს ქუჩა და უნივერმაღთან, მარჯანიშვილზე ავუხვიეთ. სახლამდე მივაცილე. ჩამოვედი მოედანზე, შევახტი 73 ნომერ ავტობუსს და ნუცუბიძისკენ გავყევი. საბურთალოს ბაზართან ჩამოვედი. კინოთეატრ “გაზაფხულის” უკან გადავედი, ამოვიღე საფულედან ორი ათმანეთიანი ხურდებით. საფულე იქვე დავაგდე. სახლში მივედი. ლერისთან გადავედი და ათმანეთიანი მაგიდაზე დავუდე.
– ეგ რა არისო? – გაუკვირდა.
– როგორც შენ მიყოფდი ძმურად, ისე გიყოფო! – არ ელოდა, გაუხარდა.
ხელი გავიწაფე. ერთ თვეში ჯიბეზე გადავედი. მაგრად “ვმუშაობდი”, ჩავარდნა არ მქონია. “ადინოჩკა” მერჩივნა, ჩემი თავის ბატონ-პატრონი მე ვიყავი. კიდევ ცოტა ხანში, ისე ვგლიჯავდი ქალებს ყელიდან “ცეპებს”, რომ ვერ იგებდნენ.
მანანას ყოველდღე ვაცილებდი. ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში და ქართულში ემზადებოდა. მამამისს სამედიცინოზე თითქმის ჩაწყობილი ჰქონდა საქმე, მაგრამ რექტორი, თავისი პრორექტორებით მოხსნეს და ვინც საქმეს უწყობდა, ფულის აღების შეეშინდა. ამიტომ, მანანამ საბუთები “ზოოვეტში” შეიტანა.
მეათე კლასში, გაკვეთილებზე აღარ დავდიოდი.
– ოღონდ ეგ სკოლას მოშორდესო! – კლასში არ ჩამტოვეს, სამიანები დამიწერეს და ატესტატიც “ჩამახუტეს”.
მანანასთან ურთიერთობა გავარკვიე – ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი. ერთ გოგოს ყელიდან მედალიონი შევხსენი – ოვალურ ოქროს ჩარჩოში ჩასმულ მინანქარზე ღვთისმშობელი იყო გამოსახული, ჩვილი იესოთი. “ბარიგასთან” მისატანად შემეცოდა – მანანას ვაჩუქე.
ივლისში ლერი დაიჭირეს. 7 წლიან მუხლს უყენებდნენ. 5000 მანეთი იყო საჭირო, რომ 3 წლიანზე ჩამოეყვანათ. ფული უნდა მეშოვნა. ბიჭებმა “ნაკოლი” მომცეს, ვაკეში, ვიღაც დიპლომატის ბინა იყო. გამაფრთხილეს 100%-იანი არ არისო. მოუმზადებელი წავედი, დრო არ ითმენდა. კარი რომ გავაღე, შესვლა არ მაცალეს, ისე ამიყვანეს. უკვე სრულწლოვანი ვიყავი და ბოლომდე “გამსროკეს”, 5 წელი მომისაჯეს.
ციხეში “კაი ბიჭებში” მივედი, ძმასავით მიმიღეს. უცბად ავუღე ალღო, არ გამჭირვებია. ციხის “შუტკებში” არ ვერეოდი. მე არავინ მავიწროვებდა და არც მე ვავიწროვებდი ვინმეს. ერთი ქურდი იხდიდა სასჯელს – მამუკა კიტოვანი – “კიტოს” ეძახდნენ. იმისი წერილი შემოვიდა – “გელაზე კარგს ამბობენ, მაგას ვაბარებ კამერასო!” ჩემი იქ ყოფნისას არავინ დაუჩაგრავთ და არც შიმშილობა დაუწყია ვინმეს. ყველას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. არ ვთამაშობდი და ნარკოტიკს არ ვეკარებოდი.
– ეს, აქედან ქურდად გავაო! – ამბობდნენ ბიჭები. ერთ წელიწადში რუსთავში გადამიყვანეს ზონაზე. იქ ოთხი ქურდი იჯდა. ერთი, ძველი ქურდი იყო – კოლკა, სამნი – ახალი ტიპის ქურდები იყვნენ, 1500 მანეთიან ქურდებს რომ ეძახიან. ისე, კარგი ბიჭები იყვნენ, კოლკას თვალებში შეჰყურებდნენ, მაგრამ ქურდობის არაფერი ეტყობოდათ. კოლკა რომ არა, ერთმანეთს კბილებით დაღრნიდნენ. კოლკას ძალიან შევუყვარდი, გვერდიდან არ მიცილებდა. ძმიშვილს მიწოდებდა და კოლია ძიას მაძახებინებდა. იცოდა, რომ რისკიან საქმეზე ძმაკაცის გულისთვის წავედი და ამისთვის პატივს მცემდა, “სხოდნიაკებს” მეც ვესწრებოდი. მიყვებოდა ამბებს: – თბილისში, ერთი ქურდი მოკვდა. როსტოვიდან ჩამოვიდა ერთი “პაპა”, გაცრეცილი შავი “საროჩკით” და ძველი შარვლით. მივიდა პანაშვიდზე იმ ქურდის სახლში. ხედავს სამ სართულიანი სახლია კარგი რემონტით, ჭერზე ბროლის ჭაღები ჰკიდია, კედლებზე ძვირფასი ნახატები.
– ეს სახლი ვისიაო? – უკითხავს როსტოველ ქურდს.
– მიცვალებული ქურდისააო! – მისულა როსტოველი ქურდი მკვდართან, ყური აუწევია და სილა გაურტყამს. შემოტრიალებულა და წამოსულა.
მოსწონდა კოლკას ძველი დრო, არ ენდობოდა ახალ ქურდებს
– “შეკრულები” არიანო!
ერთხელაც, დამიძახა და ქურდობა შემომთავაზა. უარი არ მითქვამს, დავთანხმდი.
– ოღონდ, ერთი პირობით – ძველი ქურდული კანონებით იცხოვრებო! – ამაზეც დავთანხმდი. ძველი კანონები იმას ნიშნავდა, რომ ქურდს ცოლი არ უნდა ჰყოლოდა, ფუფუნებაში არ უნდა ეცხოვრა, იმაზე მეტი არ უნდა მოეპარა, რაც არსებობისთვის სჭირდებოდა, საქმის გარჩევაში ფული არ უნდა აეღო, ქურდობის გარდა, შემოსავლის სხვა წყარო არ უნდა ჰქონოდა.
მორიგ “სხოდნიაკზე” ქურდად მომნათლეს. კოლკამ გამოაცხადა
– ჩემი შვილიაო!
ციხიდან 22 წლის გამოვედი. მანანა მოვიკითხე. მითხრეს:
– ინსტიტუტი დაამთავრა, მოიტაცეს და ქუთაისში ცხოვრობსო. ძებნა არ დამიწყია. მის ცოლად მოყვანას ქურდული კანონები მიკრძალავდა. ტყუილად განვიახლებდი ჭრილობას, მითუმეტეს, უკვე გათხოვილი იყო.
შემდეგ, კიდევ ორჯერ მოვხვდი ციხეში: ერთხელ ქურდობაზე, მეორედ – მკვლელობაზე, თუმცა შემთხვევით შემომაკვდა. ბინაში შევედი, იქ არავინ არ უნდა ყოფილიყო. სიძეს გასაღები ჰქონია, სადღაც ახლოს უქეიფია, მოსულა და დაუძინია. უკვე გამოვდიოდი, დანით რომ დამეძგერა. ხელი ამოვუტრიალე და თავისსავე დანაზე წამოვაგე.
ბევრჯერ მინდოდა ცხოვრების წესის შეცვლა, ეკლესიაში მისვლა, აღსარების თქმა. ვერ ვახერხებდი. ღმერთის ნიშანს ველოდი.
გუშინ “ნაკოლი” მომცეს:
– 100%-იანია, კაცი სოფელშია, შვილი, სიძე და შვილიშვილი – დასასვენებლად არიან წასულები. მდიდრები არიანო! – მანანას ბინაში შევსულვარ. იქ მიმიყვანა განგებამ, რომ ჩემი თვალით მენახა, თურმე ვუყვარდი. ჩემს ნაჩუქარ მედალიონს ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე, მე მელოდებოდა. მე კი – დავანგრიე ჩვენი სიყვარული, მოვუსწრაფე სიცოცხლე და მეც გავიუბედურე თავი. უკანვე დავაწყე აღებული ნივთები, შანდალზე ჩამოვკიდე მედალიონი, იქიდან რა წამომაღებინებდა რამეს? წამოვედი და პირდაპირ აქ მოვედი. შემინდე, მამაო, მე, ცოდვილს! დღეიდან სხვა კაცი დაიბადაო!


ქუჩიდან სტვენის ხმა შემოესმა. ფიქრებიდან გამოერკვა: – საწოლზე იჯდა, გაშლილ ხელისგულზე დადებულ მედალიონს დაჰყურებდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. წამოდგა. მედალიონი ჯიბეში ჩაიცურა, სავსე ტომარას წამოავლო ხელი და საიდანაც შემოძვრა, იქიდან გაიპარა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button