ლიტერატურა

ფრანც კაფკა – ბავშვები შარაგზაზე

გავიგონე, როგორ ჩაუარა ბაღის გისოსებს ურემმა, აქა-იქ გამოჩნდა კიდეც მოშრიალე ფოთლების სიმეჩხრეში. როგორ ჭრიალებდა ზაფხულის სიმხურვალეში რვალი და ბორბლის მანა! მუშები ბრუნდებოდნენ მინდვრებიდან, იცინოდნენ, და მერე როგორ! სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი.ვიჯექი ჩვენს პატარა საქანელაში, ჩემი მშობლების ბაღის ხეებს შორის, ვისვენებდი.გისოსების წინ კი არ წყდებოდა მოძრაობა. ჯერ ბავშვებმა ჩაირბინეს, გაუჩინარდნენ; ახლა ყვავილების კვლები აღმოჩნდა ძნებით დატვირთულ ურმებზე მოკალათებული ქალებისა და მამაკაცების ჩრდილში; საღამოსკენ გამოჩნდა დინჯად მოსეირნე ხელჯოხიანი მამაკაცი, მოპირდაპირე მხრიდან კი – ხელიხელგაყრილი გოგონების წყვილი, შემოხვდნენ ერთმანეთს, გოგონებმა გაუღიმეს და, ღიმილიანებმა, გზიდან მოლზე გადაუხვიეს.აფრინდნენ ჩიტები, ნაპერწკლებივით გაიფანტნენ ცაში. გავაყოლე მზერა, ვხედავდი როგორ მიიწევდნენ ზევით, შეუსვენებლივ, ვუყურებდი დიდხანს, მანამ, სანამ არ მომეჩვენა, რომ ისინი კი არ  მიიწევდნენ აღმა, არამედ მე ვეშვებოდი დაღმა და, თოკებს ელჩაკიდულმა, დავიწყე მსუბუქი რწევა – თავბრუ, სისუსტე  თითქოს ამაში პოვებდა შვებას. ძალა დამიბრუნდა, უფრო ენეტგიულად ვქანაობდი, ქროდა შემხვედრი ნიავი, სულ უფრო გრილი, და ჩემი მზერის წინაშე ჩიტების პროლის ნაცვლად აღმართული მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.ვვახშმობდი სანთლის შუქზე. ხშირად ვეყრდნობოდი ხელებით მაგიდას, და უკვე დაღლილმა ჩავკბიჩე ბუტერბროდი. თბილი სიოს ნავარდით აფორიაქებული ფარდები კედლებს აწყობდნენ, ფანჯრის ღიობში შემოჭრილს სიოში იბერებოდნენ, გარეთ იწევდნენ, სადაც, დროდადრო, აკავებდათ ჩემი უკეთ დანახვის თუ დალაპარაკების მსურველი გამვლელი. მალე ჩაქრა თითქმის ყველა სანთელი და აღმავალ ბოლში ჩანდა, როგორ ირეოდა ქინქილით ჰაერში. ფანჯარაში მავანმა რაღაც მკითხა და შევხედე, თითქოს მთაგრეხილებს ვუყურებდი ან ცას მივჩერებოდი, არც ის ჩანდა პასუხით დიდად დაინტერესებული.ამოხტა ერთი ფანჯრის მოაჯირზე და მამცნო, რომ სხვები უკვე სახლის წინ შეგროვილიყვნენ. წამოვდექი, ზანტად, ხვნეშით, რა თქმა უნდა.„არა, რატომ ხვნეში ასე? რა მოხდა? ეს რაღაც გამორჩეული, გამოუსწორებელი უბედურებაა და არაფერი ეშველება? მართლაც ამაო და უიმედოა ყველაფერი?“არც არაფერი იყო დაკარგული. მივრბოდით სახლის წინ. „მადლობა უფალს, როგორც იქნა, მოხვედით!“ –„როგორც ყოველთვის, აგვიანებ!“ „მაონცდამაივ მე?“ –„სწორედ შენ, თუ წამოსვლა არ გინდა შეგიძლია შინ დარჩე“. „არავითარი შენდობა?“ –„რა? არავითარი შენდობა? უყურე ამას?“საღამოს მივაპობთ თავებით. აღარავიტარი დღისით თუ ღამით. ეხახუნებიან ერთმანეთს ჟილეტის ღილები. თითქოს კბილები იყოს, ხან კი მივრბივართ ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით, პირი – ცეცხლისმფრქვეველი ნადირი ტროპიკებში. როგორც ძველი დროის კირასირები შორეულ ომებში მძიმე ნაბიჯებით მივაჭენებთ მაღლა, ჰაერში, ერთმანეთის მიყოლებით ჩავირბინეთ პატარა ქუჩა და ფეხებში მოზღვავებული ენერგიის ინერციით ავირბინეთ შარაგზა. ზოგი გზიდან გადავიდა და, გვერდზე ადევნებული მიწის თხრილში აღმოჩენილი, ცოტა ხნით გაქრა, ფერდობს მოეფარა, რათა კვლვავ გამოჩენილიყო მინდორში გაკვამლულ გზაზე, როგორც უცხო და ქვევით გადმოეხედა.„ჩამოდით დაბლა!“ – „ჯერ მაღლა ამოდით!“ – „რათა უკან ჩამოგვაგდოთ? ნურას უკაცრავად, ნუთუ ასეთი მიამიტები ვჩანვართ?“ –„ასეთი მშიშრები, გინდათ თქვათ. აბა, მოდით თუ ბიჭები ხართ, მოდით!“ „მართლა? თქვენ? სწორედ თქვენ გადმოგვყრით დაბლა? მაშ, ვნახოთ, როგორი სანახავი იქნებით?“თავს დავესხით, მკერდში საპასუხო დარტყმამ კი ძირს დაგვყარა და დავწექით თხრილში, ბალახზე, გავერთხეთ მიწაზე, უკვე ნებაყოფლობით. ყველგან ერთგვარი, თანაბარი სითბო, ბალახში გაქრა თბილისა და ცივის შეგრძნება, მხოლოდ დაღლილობა გვახსენებდა თავს.გადაწვებოდი მარჯვნივ, ხელს ყურის ქვეშ ამოიდებდი და მაშინვე ძილი გერეოდა. მართალია, მოგინდებოდა წამოხტომა, აი, უკვე მაღლაა ნიკაპი, და, – უფრო ღრმად ვარდებოდი თხრილში. შემდეგ: ხელის გვერდძე გაწევა , ფეხების მკვეთრი გაქნევით ჰაერში წამოწევა, მაგრამ კვლავაც თხრილში ხარ, კიდევ უფრო ღრმად. და ასე უსასრულოდ.თუ როგორ გაიჭიმები მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებით მუხლებში, მოეწყობი დასაძინებლად შენს უკანასკნელ და სამუდამო თხრილში, ამაზე არც კი ფიქრობ და წევხარ ზურგზე, ტირილის გუნებაზე, თითქოს ავადმყოფი იყო. გაიელვა ფიგურამ და შენც, შემკრთალი, თვალებს ახამხამებ, ფერდობიდან გამდომხტარმა ყმაწვილმა, მჭიდროდ რომ შემოუწყვია თეძოებზე ხელები, თავზე გადაგვიფრინა, მუქი ფეხსაცმლის ლანჩები დაგვანახა და დაეშვა გზაზე.ჰორიზონტზე ამოვიდა მთვარე, არცთუ მაღლა, მის სინათლეში კი ეკიპაჟს მოვკარით თვალი, მალევე რომ ჩაგვიარა, გაუჩინარდა. დაქროლა სიომ, აღწევდა თხრილშიც, მასთან ერთად ახლო ტყიდან გამოყოლილი ხეთა სურნელი. და აღარც მარტოობა ისე მძიმე.„სად ხართ?“ – „აქეთ!“ – „ყველა ერთად!“ – „რას იმალები, ნუ სულელობ!“ – „არ იცით, რომ ფოსტამ უკვე ჩაიარა?“ – „ო, არა! უკვე?“ – „რა თქმა უნდა, როდესაც გეძინა“. – „მეძინა? ეს რა ძილია, ისე, არაფერი!“ – „გაჩუმდი, ისედაც სახეზე გაწერია“. – „მაგრამ გთხოვ“. – „წავედით!“მივრბივართ მჭიდრო სიახლოვეში, ზოგიერთი ერთმანეთს ხელსაც კი აწვდენს, იყო ციცაბო თავდაღმართი – თავს ვერ აწევდი მაღლა. ერთმა დასცა ინდიელების საომარი ყიჟინა, ახლა ოთხით მივრბივართ, აღმატებული ძალით ფეხებში და ნახტომებისას თეძოებში გვიბერავს ქარი. ვერაფერი შეგვაჩერებდა; სირბილით აღგზნებულები, გადახტომისას ხელებს გადავაჭდობდით და ირგვლივ მშვიდად მიმოვიხედავდით.შევჩერდით მთის ნაკადულზე გადებულ ხიდზე; დაწინაურებულები მობრუნდნენ. დაბლა, ქვებზე, ფესვებზე წყალი ეხეთქებოდა, თითქოს არ იყო უკვე გვიანი საღამო. არ ჩანდა მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ამხტარიყავი ხიდის მოაჯირზე.შორს, ბუჩქებს მიღმა გამოჩნდა მატარებელი, ყველა კუპე ჰქონდა განათებული, ფანჯრები – ჩამოშვებული. ჩვენ შორის ერთ-ერთმა წამოიწყო ქუჩური სიმღერა, გაცვეთილი, მოყირჭებული, და ყველას მოგვინდა ხმის აყოლება. ავყევით, ავაჩქარეთ, თითქოს მატარებელს მივაყოლეთ, მას გავაყოლეთ, ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და ასე რწევით გავაცილეთ ვაგონები და რადგან ხმა აღარ გვყოფნიდა, აირია სიმღერის სიმწყობრე. ყველა თავისთვის ცდილობდა და ეს ყველას სიხარულს გვანიჭებდა. როდესაც შეწყობილი სიმღერისას შენს ხმას სხვებისას უხამებ – თითქოს ანკესზე იყო  წამოგებული.ვმღეროდით ასე, ზურგით ტყისკენ, და ის ისმოდა შორს, ტყეში, ესმოდათ მგზავრებს, მათ დადევნებული სიმღერა. სოფელში მოზრდილები ჯერ კიდევ ფხიზლობდნენ, დედები ღამისთვის ასწორებდნენ ლოგინებს.დრო იყო. ვაკოცე მას, ჩემ გვერდით მდგომს, გავუწოდე დანარჩენ სამს ხელები, გავიქეცი უკან, არავის დაუძახია. პირველსავე გზაჯვარედინზე, იქ, სადაც ვეღარ მხედავდნენ, შემოვტრიალდი და მინდვრის გზებით პირი ისევ ტყისკენ ვიბრუნე. სამხრეთით, ქალაქისკენ მივისწრაფოდი, ჩვენ სოფელში რომ უყვართ თქმა:„იცოდე, იქ ხალხია! ვისაც არ სძინავს!“„და რატომ?“„არ იღლებიან.“„ნეტა რატომ?“„იმიტომ რომ შერეკილები არიან“.„შერეკილები არ იღლებიან?“„აბა, შერეკილები როგორ დაიღლებიან!“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button