ლიტერატურანოველა

ფრიდონ ხალვაში – ბედის ვარსკვლავი

დიდხანს მალოდინა, მაგრამ ბოლოს მოვიდა. საუბრით გატაცებულნი ისე გავცდით სოფელს, არც კი გაგვიხსენებია, რომ უკვე გვიანი იყო. რა დაგვღლიდა, მაგრამ სადმე ჩამოჯდომა მაინც მოგვინდა. შავ ფიჭვებთან, სადაც სიცხიან დღეებში ყანიდან მომავალი დაღლილი გლეხები ისვენებდნენ, მოვიხადე მხრებზე წამოხურული პიჯაკი და კორდზე გავშალე. დავჯექით. მას ერთ ხანს მუხლები ჩემკენ წამოქცეული დარჩა, მაგრამ მალე ფეხები გაისწორა და ჩითის კაბის ფართო კალთა წვივებზე ჩაიფარა.
ჩვენი საუბარიც გაწყდა.
~აბა, რით შეგიძლიათ დამარღვიოთ~. _ ზუზუნებდა ჩემს ყურებში სიჩუმე. ასე მეგონა, თითქოს სიჩუმე გაცოცხლდა, ჩვენს გვერდით ჩამოჯდა და ჩვენს უსაგნო მდუმარებას უსმენდა.
ამას ვგრძნობდი და ვერაფერს ვამბობდი.
ქალიშვილი კი იჯდა ჩემთან, აგვისტოს საღამოსავით ჩუმი. რუხი ღრუბლის ფაფუკი ბოლქვები ბაგირზე ჩამოკიდებულ თუჯის კალათებივით მიიწევდნენ ზევით.
შემდეგ დედამიწამ უფრო მძლავრად ამოისუნთქა. ქარმა ნელა გაისისინა ფიჭვის წიწვებში, ფოთლები ფოთლებს ჩაახუტა, ბალახს _ ბალახი. ბოლოს, გაჭირვებიდან რომ დავეხსენი, ქალიშვილმა ცას ახედა და თქვა:
_ ჩვენი ბედის ვარსკვლავიც იქ არის, ალბათ. დედა მეტყოდა, ყველა ადამიანის სული ცაში ვარკვლავად აინთიაო.
_ მეც ასე მეუბნებოდა დედა, _ ვუპასუხე და ძლივს ამოვითქვი სული. ავიხედე ცაში. ღრუბელთა შორის უამრავი ვარსკვლავი ჩანდა. მაგრამ სიტყვა სიტყვას მაინც ვეღარ გადავაბი და გავჩუმდი.
შემდეგ დაუფიქრებლად, თითქოს უხეშად, მივიზიდე იგი ჩემკენ.
ამ დროს მე მის თვალებში ვარსკვლავები დავინახე. შემკრთალი დჟა აღელვებული ქალიშვილი წამოვარდა უცებ და მე მომეჩვენა, თითქოს ვარსკვლავები მიწაზე დაცვივდა.
ასეც ვუთხარი, ვარსკვლავები მიწაზე დაცვივდა-მეთქი.
_ ბედის ვარსკვლავები?
_ ჰო…
_ ჯობია, _ დაფარული ღიმილით მიპასუხა მან, _ ჩვენც ხომ მიწაზე ვდგავართ.
როცა უკან, სოფლისაკენ მოვდიოდით, თავდაღმართებში ისე მიჭერდა ხელზე ხელს, რომ მივხვდი, _ მას ამ მიწაზე უჩემოდ სიარული არ შეეძლო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button