ლიტერატურა

ფრანც კაფკა – ნაჯვარი

ერთი უცნაური ცხოველი მყავს. ნახევრად კნუტი, ნახევრად ბატკანი. ეს მემკვიდრეობითი წილია მამაჩემის ქონებიდან. იგი ჩემ ხელში გაიზარდა. ადრე უფრო ბატკანი ეთქმოდა, ვიდრე კნუტი. ახლა კი ორივესი თანაბრად აქვს, კატის –თავი და ბრჭყალები, ბატკნის – ზომა და აღნაგობა, ორივესი მოციმციმე და ველური თვალები, აგრეთვე ფაფუკი, პატარა ბეწვი, რომელიც სხეულზე მჭიდროდ აქვს მიკრული.იგი უფრო დაკუნტრუშებს, ვიდრე დაიზლაზნება. როცა მზე მცხუნვარედ ანათებს, ჩემი ცხოველი იწელება და მრგვალდება, მდელოზე გადარეულივით დარბის და არ ხერხდება მისი დაჭერა. კატებს გაურბის, ბატკნებზე კი თავდასხმა სწადია. მთვარიან ღამეს მისი საყვარელი ადგილი სახლის სახურავია. კნავილი არ შეუძლია, ვირთხების კი ეშინია. საქათმის გვერდით საათობით შეუძლია ჩასაფრება, თუმცა, ნადავლის ხელში ჩაგდების ხელსაყრელი შემთხვევით არასოდეს უსარგებლია.   მას ტკბილი რძით ვკვებავ, რასაც საუკეთესოდ ირგებს. ეს საოცარი არსება გრძელი ენით ყველაფერს ცხოველურ კბილებში შეისრიალებს ხოლმე. რა საკვირველია, ეს ბავშვებისათვის დიდი სანახაობაა. კვირას, ნაშუადღევს, სტუმრობის დროა. ჩემი ცხოველი კალთაში მყავს, მთელი სამეზობლოს ბავშვები კი გარს არიან შემორტყმული.  ამ დროს მისვამენ ისინი უცნაურ შეკითხვებს, რაზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია. ბავშვებს აინტერესებთ, რატომ არის ეს ცხოველი სწორედ ასეთი, ან არსებობდა თუ არა ოდესმე მისი მსგავსი, რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ, გრძნობს თუ არა თავს მარტოსულად, რატომ არ ჰყავს შვილები და ა.შ.მათზე პასუხი არ მაქვს და განმარტებებითაც ვერ დავაკმაყოფილებ მასზე მეტს, რაც მყავს და რასაც ხედავენ. ხანდახან ბავშვებს კატებიც მოჰყავთ  თან. ერთხელ ორი ბატკანიც მოიყვანეს და, მიუხედავად მათი მოლოდინისა, გაცნობის სცენის გარეშე, ცხოველები ერთმანეთს მშვიდი თვალებით უცქერდნენ, ბავშვები კი მათ არსებობას აშკარად ღვთიურობის თანაზიარ ფაქტად თვლიდნენ.ჩემ კალთაში მას არც შიში იპყრობს და არც არავის დევნის სურვილი. ჩემზე მიხუტებული საუკეთესოდ გრძნობს თავს. სწორედ ესაა მისი ოჯახი, რომელმაც გამოზარდა. საოცარია ამ არსების უჩვეულო ერთგულება და ჭეშმარიტი ინსტიქტი. დედამიწაზე მას, ალბათ, ურიცხვი ნათესავი ჰყავს, სისხლით ახლობელი კი, შესაძლოა, არც ერთი და ამიტომ ზრუნვა, რომელსაც იგი ჩვენთან გრძნობს, წმიდათაწმიდაა მისთვის.   ხანდახან სიცილს ვერ ვიკავებ, როცა მყნოსავს, იმავდროულად, ფეხებში მებლანდება და თითქმის არ მცილდება. თითქოს საკმარისი არ არის, რომ კატაც არის და ბატკანიც, თან ძაღლობასაც იჩემებს.ერთხელ, ჩვეულებისამებრ, როდესაც საქმეებით ვიყავი დაკავებული, ისე გადავიღალე, რომ ყველაფრისთვის თავის მინებებასაც კი ვაპირებდი. ამ დროს სავარძელში ვიწექი, ჩემი ცხოველი კი კალთაში მეჯდა და როდესაც შემთხვევით ზემოთ ავიხედე, დავინახე, თუ როგორ მოწანწკარებდა ცრემლები  გრძელ, ფაფუკ წვერზე. ჩემი ცრემლები იყო ეს  თუ მისი? ჰქონდა თუ არა ამ კატას ბატკნის სული და ადამიანური სიხარბე? ეს მემკვიდრეობითი წილია მამაჩემისაგან, რისი თქმაც თამამად შემიძლია.ეს საოცარი არსება ორმაგად შფოთავს, რაც მას კატისა და ბატკნისაგან განასხვავებს, ამიტომ ბეწვი ძალიან მოკლე აქვს. ხანდახან, სავარძელზე, ჩემ გვერდით ამოხტება, მაბჯენს თათებს მხრებზე და ისე ახლოს მოაქვს დრუნჩი ჩემს ყურთან, თითქოს, რაღაცას მეუბნებაო და მერე გადმოიხრება, მიცქერს სახეში, რათა დააკვირდეს, რა შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე მისი ნათქვამი. თავაზიანობა რომ გამოვიჩინო, თავს ვუქნევ, რის შემდეგ ხტება იატაკზე და ცეკვა–ცეკვით მივლის გარს.ალბათ ამ ცხოველისთვის ყასაბის დანა ხსნა იქნებოდა, რაც ჩემი საქმე უნდა ყოფილიყო, როგორც მემკვიდრეობის ამ ნაწილზე უარის თქმა. მაგრამ მან უნდა დაიცადოს, სანამ თავისთავად არ ამოხდება სული, რადგან გონიერი ადამიანის მზერა, რომლითაც იგი ხანდახან მიცქერს, თანაგრძნობის გამომხატველ საქციელს მოითხოვს ჩემგან.

(მთარგმნელი თელიაშვილი ლელა)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button