ლიტერატურასაკითხავი

გიორგი შატბერაშვილი – “ჩემი პირველი მსაჯული”

ჩემს წინ ცალხაზიანი საწერი ქაღალდის ერთი ფურცელი დევს. ფურცელი გახუნებულია… გახუნებულია ფურცელზე მსხვილი ასოებით მიწერილი ჩემი სახელი და გვარიც.
ვანგარიშობ…
დიდი დროა, ოცდათექვსმეტი წელიწადი გასულა მას შემდეგ, რაც ამ ფურცელზე ჩემი სახელი და გვარი დაიწერა.
დაიწერაო, იმიტომ ვამბობ, თვითონ არ დამიწერია; ჩემი ხელი არ მომწონდა. ჩემს უფროს დეიდაშვილს გიორგი ლომიძეს შევეხვეწე და გადავაწერინე ჩემი ბალღური ლექსები. მან ლამაზი მოწაფური ხელით გადამიწერა “პირველი წიგნი” და მისი თავფურცელი ამგვარად შეამკო: “გოგია შატბერაშვილი, ლექსები, 1925 წელი”.
მაშინ თხუთმეტი წლისა ვიყავი. შინ და სკოლაში უკვე “ცნობილი პოეტის” სახელი მქონდა. ჩემი პირველი ლექსი “აკაკის საფლავს” სწორედ იმ წელს დაიბეჭდა გაზეთ “მოწაფის ხმაში”.
აკაკის გადაცვალების ათი წლისთავი სრულდებოდა, დიდი პოეტის საფლავი უკვე უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მწერალთა პანთეონის თავზე გადმომდგარი კლდე ინგრეოდა და აკაკის საფლავს წალეკით ემუქრებოდა. პრესაში დიდი აურზაური იყო ამის გამო ატეხილი. ჩემი ლექსიც ამ ხმაურის გამოძახილი იყო და ამგვარად მთავრდებოდა: “ამხანაგებო, ავუგოთ ძეგლი აკაკის საფლავსა, თორემ ის დაგვეკარგება, კლდის ღორღი წალეკს, დაფლავს!”
ლექსის დაბეჭდვაზე ფიქრს როგორ გავბედავდი, მაგრამ უფროსი კლასის მოსწავლემ, ამჟამად ცნობილმა ენათმეცნიერმა და მწერალმა შოთა ძიძიგურმა შემაგულიანა, ლექსი თავისი ხელით წაიღო “მოწაფის ხმის” რედაქციაში და ნინო ნაკაშიძეს გადასცა. მეც და ჩემი მეგობარ-აღმომჩენიც მოუთმენლად ველოდით გაზეთის მორიგი ნომრის გამოსვლას. ლექსი დაიბეჭდა.
პირველმა ადვილმა წარმატებამ გამაბედვინა მთელი ჩემი “პოეტური შემოქმედების” ერთ რვეულში თავმოყრა.
საკმაოდ მოზრდილი რვეული მალე ჩემი ნათლიის – ცნობილი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის ხელში მოხვდა. ამგვარად, ჩემი პირველი ლექსების ჭაშნიკის გასინჯვა შატბერანთ საოჯახო საბჭომ სამხედრო პირს მიანდო… მე ამ ქვეყნისა ბევრი არაფერი გამეგებოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი უმწიფარი ლექსების პირველი მსაჯული ეს მრავალომგადახდილი გენერალი კი არა, ქართული პროზის ერთი გამოჩენილი გენერალი იქნებოდა. მოუთმენლად ველოდი განაჩენს.
მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ გენერალმა დამიბარა.. აღფრთოვანებული დამხვდა, იმდენად გახარებული, რომ გადამეხვია და შუბლზე მაკოცა.
გაბრუებული ვიდექი. ეს კოცნა ჩემთვის დიდი ჯილდო და პირველი უანგარო ჰონორარი იყო, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ გადამეხადა მადლობა, რა მეთქვა. უნებურად ხელი დავავლე ჩემს რვეულს და კარისკენ გავიხედე.
– მოიცა, – ღიმილით შემაჩერა გენერალმა, – ლექსები დამიტოვე… მე ამ საქმის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ შენი ლექსების კითხვის დროს რაღაც კარგი ვიგრძენი, ამიტომ საჭიროა ვინმე მწერალს წავაკითხოთ.
გენერალი ჩაფიქრდა, მერე მკითხა:
– კვაჭი კვაჭანტირაძე წაგიკითხავს? ჯაყო წაგიკითხავს?
გამეღიმა, მივხვდი, თავი დავუქნიე.
– ჰოდა, ამ რომანების დამწერი ჩემი მეგობარია. მოდი, იმას წავაკითხოთ. თუ მიშას მოეწონა, საქმე გათავებულია, წიგნს დაგიბეჭდავენ!
სული შემიგუბდა. სუნთქვა მიჭირდა. ჩემთვის ამ ცნობილი კაცის აზრიც საკმარისი იყო. მისი აღფრთოვანება ალბათ დიდხანს გამყვებოდა საგზლად. მაგრამ ცდუნებაც დიდი იყო. რვეული ისევ მაგიდაზე დავდე.

* * *

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი რვეულის თავფურცელზე კოხტად გამოყვანილი ასოების გვერდით შავი ფანქრით, გაკრული ხელით ნაწერი გაჩნდა. წარწერა მხოლოდ თავფურცელზე კი არა, თითქმის ყველა ლექსის ბოლოში იყო გაკეთებული. ახლა, როცა ამ მოგონებას ვწერ, თვალწინ მიდგება თვალით უნახავი, მაგრამ ადვილად წარმოსადგენი ერთი საღამო ათას ცხრაას უცდახუთი წლისა.
… გენერალმა ვერის ხიდზე გადმოიარა, აღმართს აუყვა. აი, იგი ძველ ცირკს გამოსცდა, ქუჩა გადასჭრა… იქვე ვერის დაღმართზე, მაღალი სახლის მესამე სართულზე ცხოვრობს მიხეილი. საღამოს 7-8 საათია, სამუშაო მაგიდას უზის და ფანქრებს წვერს უთლის. მოჭუტული, ჭკვიანი თვალები საფიქარალს უღიმის, საწერად ემზადება.
ისმის ზარის ხმა და პატარა ქეთინოს ძახილი.
მიხეილი ჯიბის დანას მაგიდაზე დებს. შუბლს შეიკრავს, აღარ იღიმება. სიტყვასთან შეურიგებელი ჭიდილის და ფიქრის ერთი საღამო ეკარგება.
ოთახში შემოდის დაბალი, ჯმუხი გენერალი. ღიმილით, ამაყად მიაბიჯებს მეგობრისაკენ. ჯიბეში უდევს… ჩემი ლექსები. მიხეილიც იღიმება…
– მობრძანდით, გიორგი ივანოვიჩ, მობრძანდით! დაბრძანდით, აი, აქა… აქა სჯობს, გეთაყვა!
მიხეილი იღიმება, იცინის, მასპინძლობს, მაგრამ ეს სხვა ღიმილია, წეღანდელი მარტოობის ღიმილი თვალეს უკან მიიმალა, გულში ჩაბრუნდა, ჩუმად ფათურობს სადღაც, ფიქრის ხვეულებში, თავის საოცნებოს დასტრიალებს. ამიტომაც უშტერდება თვალი. ხანდახან ავიწყდება კიდეც, რომ მის წინ სახელგანთქმული მხედარი ზის.
გენერალი ჯიბიდან ჩემს რვეულს იღებს…
… ….. …..

ნეტავ რა თქვა, რა ჰკითხა მიხეილმა იმ საღამოს გენერალს?
– ეს ჩემი ნათლულის ლექსებია… პატარა ბიჭია.. აი იმის შვილი, არ იცნობ?..
… ….. …..

ასე იყო?
ალბათ, სულ ასე არა, მაგრამ რაღაც მსგავსი იქნებოდა. ის კი ცხადია, მიხეილი ერთი საღამო, სღამოს დიდი ნაწილი მაინც შეეწირა ჩემი რველის კითხვას…
შემდეგ გაჩნდა წარწერები ჩემს ლექსებზე. ცალკეული შენიშვნები, წამოძახილები, ხანდახან უკმაყოფილო წამოძახილებიც:
“ასე არ ვარგა!”
“ეს მეტისმეტია!’
“ამას არა უშავსრა!”
“ან ერთს უმღერე, ან მეორეს!”
ბოლოს კი დასკვნა..
დასკვნა რვეულის ბოლოში კი არა, იმ თავფურცელზეა, წეღან რომ ვახსენე. ჩემი სახელისა და გვარის გვერდით. გაკრული, ნაჩქარევი ხელით, შავი უბრალო ფანქრით..
არა, ეს საწყენი არ უნდა იყოს. ის ხომ თავის რომანებსაც ფანქრით წერდა. ფანქრით კარგია წერა. ფანქარი რბილად მიცურავს ქაღალდზე, საჭირო არ არის ხშირხშირად სამელნეში კალმის ჩაწობა. ზედმეტი მოძრაობა, თვალის ერთი მიმოვლებაც კი სხვაგან გაიტყებს ფიქრს, ან კალენდრის დღევანდელ ფურცელზე წაწერილს მოჰკრავს თვალს: “ხვალ ხელოვანთა სასახლეში….”ან …
ფანქარი რბილად მიცურავს ქაღალდზე.
მაშინ მუდმივი კალმები არ იყო…. მუდმივი კალები არ იყო, მაგრამ სამუდამო, წარუშლელი რამ იწერებოდა იმ ფანქრებით… ათობით, ოცობით, ფაქიზად წვერწათლილი ფერად-ფერადი ფანქრებით.
ჰოდა, ნაჩქარევი ხელით არის ნაწერი დასკვნა… ეს დასკვნა გენერალმა გადმომცა.

* * *

გენერალი მოწყენილი დამხვდა. რვეული დამიბრუნა და მირჩია ყურადღებით წამეკითხა შენიშვნები.
მივხვდი.
რა კარგი დღე იყო ჩემთვის, როცა მან შუბლზე მაკოცა. ალბათ მისთვისაც კარგი იყო ის დღე. ის მაშინ ნამდვილად იყო გახარებული და კარგი ხომ იმ დღეს ჰქვია, რომელიც კაცს გაახარებს.
ვიგონებ. გამხდარი ბიჭი დგას ჩემს წინ… იმ ბიჭს დიდხანს ეგონა, რომ მისმა ლექსებმა გაუთენა ერთი კარგი დღე მისი ლექსების პირველ შემფასებელს. ისიც დიდხანს ეგონა, რომ გენერალი მოწყენილი იყო თავისი ნათლულის იმედების გაცრუებით. დიაღ, მეტი სასიხარულო და მეტი საწყენი აღაფერი ჰქონდა!
– გული არ გაიტეხო, – მითხრა გენერალმა და კარებამდე მიმაცილა.
მუხლები მითრთოდა.
რად უნდ გამტეხოდა გული? რა მოხდა? რა ამბავია ჩემს თავს?
გზადაგზა ვკითხულობდი შენიშვნებს. ჯერ შენიშვნებს, მერე ლექსებს, მერე საერთო დასკვნას. ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი და თვალწინ შეწუხეული გენერლის სახე მედგა.
არა, ამ შენიშვნებში ისეთი რამ არ სწერია, რომ ის ასე შეწუხეულიყო.
იქნებ მას ეგონა, მხოლოდ ამ პატარა რვეულზე იყო დამოკიდებული ჩემი ბედი და მომავალი… არ შესრულდა მისი დანაპირი: არ გამოვიდოდა ჩემი ლექსების წიგნი. ეგონა და სწუხდა თავისი ნათლულის ბედით, ფერმკრთალი და სუსტი ბიჭის ბედით, რომელიც დაღონებული მიაბიჯებდა თბილისი ჩაბნელებულ ქუჩებში.

* * *

ვკითხულობდი დასკვნას, ვწუხდი და მიხაროდა.
“ნიჭი მოსჩანს…” ასე იწყება დასკვნა.
მაგრამ?
ჰო, დასკვნაში ამ ორი სიტყვის შემდეგ მართლაც “მაგრამ”-ია.
მერე რა, რომ “მაგრამია” ჩაჩხირული ჩემს აწმყოსა და მომავალს შორის, ვფიქრობდი მე. ნამდვილად ასე ვფიქრობდი. უნდა გადავლახო ეს ზღუდე. შევძლებ?
მაგრამ, აი დასკვნაც:
“ნიჭი მოსჩანს, მაგრამ ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი და მრავალი აქვს დასაძლევი. ჯერჯერობით თავი დაანებოს ლექსების წერას და ისწავლოს, იშრომოს, შეისწავლოს პოეზია და მისი კანონები. ეს ლექსები ძველი ტექნიკით არის დაწერილი, ეხლა ასე აღარავინ სწერს. თუ იბეჯითა, გამარჯვებს. ვინ იცის, შეიძლება პროზაში უფრო იმძლავროს. გულს ნუ გაიტეხს: ჯერ შრომა, შრომა და ისევ შრომა”. შემდეგ ინიციალები: მ. ჯ.

* * *

“ნიჭის მოსჩანს”… ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მიხეილმა ჩემს უმწიფარ ლექსებში რაღაც დაინახა, იგრძნო… დაინახა, მაგრამ ძალიან შორს, შორს… თორემ უფრო გაედულად იტყოდა, დასწერდა: ავტორი ნიჭიერიაო.
“დიდი გზა აქვს გასავლელი და მრავალი აქვს დასაძლევი”.
ვკითხულობდი ამ სიტყვებს, მივაბიჯებდი და ოცნეის თვალით გავყურებდი ჩემს წინ გადაშლილ დიდ, გრძელ, ძნელად დასაძლევ გზას, გავყურებდი და რატომღაც არ მაშინებდა ეს გზა, რადგან დასკვნაში გარკვევით ეწერა – ნიჭი მოსჩანსო..
მაგრამ ეს რაღას ნიშნავს:
“ჯერჯერობით თავი დაანებოს ლექსების წერას”.
კარგით, მესმის, ვისაც უნდა მწერალი გამოვიდეს, უნდა “ისწავლოს, იშრომოს, შეისწავლოს პოეზია და მისი კანონები”… მაგრამ წერას რაღად უნდა დაანებოს თავი? განა ვარჯიში და პრაქტიკა საჭირო არ არის? იქნებ ეს კილოკავად თქმული ფრთხილი რჩევაა, წერას მოეშვი, მწერლობა შენი საქმე არ არისო! მითუმეტეს, თურმე “ეხლა ასე აღარავინ სწერს”. ყოფლა რაღაც “ახალი ტექნიკა”. სად, სად სწერია ახალი პოეზიის კანონები?
არა, არაფერი გამოვა ჩემგან… “ნიჭი მოსჩანსო”, ალბათ, გენერლის საამებლად ჩაწერა თავის განაჩენში კეთილმა მწერალმა!
ეს რაღაა?
“ვინ იცის, შეიძლება პროზაში უფრო იმძლავროს”.
მე ხომ მოთხრობებიც მაქვს. რატომ ლექსებთან ერთად არ მივუტანე ჩემი “დიდი” (თოთხმეტგვერდიანი!) ისტორიული რომანი “ქართველი გმირი ბეჟანი”, რომელიც შინ და გარეთ ყველამ მომიწონა?
ხომ შეიძლება ახლა მივუტანო?

* * *

მაგრამ ჩემი “რომანი” მიხეილ ჯავახიშვილს თვალითაც არ უნახავს, ჩემი პროზის ჭაშნიკი არ უგემნია და საღამო აღარ დაუკარგავს.
ძველი ლექსები დავხიე, წერას ვუკელი და კითხვას შეუდექი.
ამ დასკვნის დახევა კი არ შეიძლებოდა. ვგრძნობდი და ვინახავდი. არ დავხიე, ვუფრთხილდებოდი როგორც ძვირფას სახსოვარს, მაშინაც კი, როცა ამ გახუნებულ ფურცელზე მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი არაერთი ქაღალდი იხეოდა საქართველოში.

* * *

მიხეილ ჯავახიშვილი პირველად უკვე დაჭაბუკებულმა და ახლად ულვაშამომდინარმა ვნახე.
ხშირად ვხედავდი მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის ბაღში, სადაც (როგორც ახლა) დამწყები “ბედის მაძიებლები” ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით და ვკამათობდით. “ახალი ლექსი” და მისი დაუწერელი კანონები იყო ჩვენი გაუთავებელი პაექრობის საგანი… შემოვიდოდა, გვერდით ჩაგვივლიდა, შუბლქვეშ გამოგვხედავდა და უცნობებსაც კი უსათუოდ მოგვესალმებოდა.
ჩვენ ერთმანეთს დიდხანს არ ვიცნობდით, მანამდე, სანამ ის “ძნელად დასაძლევი გზა” ნაწილობრივ არ დავძლიე. მე არასოდეს მივსულვარ მასთან და არ მითქვამს, რომ ჩემმა ლექსებმა მას ერთი საღამო წაართვა, არ მითქვამს, რამდენი საფიქრალი გამიჩინა მისმა დასკვნამ, არც მას უთქვამს არაფერი ჩემთვის. ალბათ აღარც ახსოვდა. ვინ იცის, რამდენი რვეული წაუკითხავს, რამდენი დასკვნა დაუწერია. რამდენი საღამო დაუკარგავს?
დაუკარგავს?
არა, დაკარგულად არ ჩაითვლება ის საღამოები, ალბათ არც თვითონ თვლიდან დაკარგულად. ის თავის დიდ რომანებს მათთვის სწერდა, ვინც მისი სახლის კართან გულისცემით მიდიოდა და აკანკალებულ ხელში თავისი ლექსეისა და მოთხრობების პირველი რვეულები ეჭირა.

* * *

1933 წლის დეკემბერი იწურებოდა.
რუსთაველის თეატრი ჩემ პიესას “დუშმანს” ამზადებდა დასადგმელად.
პრემიერა ახალი წლის ღამეს იყო დანიშნული. არც ერთი რეპეტიცია არ მენახა. არ ვიცოდი, რა ხდებოდა სცენაზე, რას ვნახავდი, გაიმარჯვებდა თუ დამარცხდებოდა ჩემი პირველი ცდა.
სპექტაკლის გენერალურ რეპეტიციაზე მეც მიმიწვიეს. უკვე ოცდასამი წლის ჭაბუკი ვიყავი, გული იმედებით და სიყვარულით მიჩქროლავდა, ღონე მერჩოდა, მაგრამ ფეხები ძლივს შევიტნე თეატრში, ვღელავდი, მრცხვენოდა: ფეხზე წითელი სპორტული ფეხსაცმელი მეცვა, დამსწრე საზოგდოებას მოვერიდე და უკან, პარტერის ბოლო რიგში მივიკუნტე.
წინა რიგებში მხარბეჭიანი და ხუჭუჭთმიანი სანდრო ახმეტელის გვერდით პატარა, მხრებში მოხრილი კაცი იჯდა… მიხეილ ჯავახიშვილი. იგი ჩემი გულისთვის ამ საღამოსაც კარგავდა.
სპექტაკლი დამთავრდა…
მე გაბრუებული ვუსმენდი სპექკტაკლსაც და მის მსაჯულესაც. იმდღევანდელი აღარაფერი მახსოვს. აღელვებამ და გულისცემამ შთანთქა ყველაფერი. მახსოვს მხოლოდ ერთი: მიხეილმა სიტყვა მოითხოვა. ხელში უბის წიგნაკი ეჭირა, მალიმალ ჩახედავდა, თან ლაპარაკობდა. როგორც მახოსვს, ცუდი არაფერი უთქვამს. უმთავრესად ქართულზე ილაპარაკა. მისთვის ხომ ქართული იყო წყალი, ჰაერი, მზე და სიცოცხლე. ქართულით სუნთქავდა და ქართულისთვის იბრძოდა ხმალამოღებული.
“სცენიდან კარგი ქართული გავიგონე, მაგრამ შენიშვნებიც მაქვსო”, – თქვა და უბის წიგნაკში ცერად ჩაიხედა… სხვა შენიშვნები აღარ მხსოვს, ერთი კი ასეთი იყო: ჩემი პიესის გმირი ამბობდა: “ის ბიჭეი ძალიან მიყვარან”… ეს არ შეიძლებაო, უნდა ვთქვათ: ბიჭები მიყვარს, მშობლები მიყვარს… “მიყვარან” კუთხურიაო.
სანდრო ახმეტელმა უკან მოიხედა, თითი დამიქნია და დამიძახა: ეი, ქართლელო, კარგად დაიხსომეო!.. მე თავი ჩავღუნე…
“ახლა ავტორი გაგვაცანთო”, – თქვა მიხეილმა.
ახმეტელმა მანიშნა. მე ჩემს წითელ სპორტულებს დავხედე…
მიხეილმა ხელი გამომიწოდა. გამხდარი, ძლიერი ხელი. დაკვირვებით, უღიმილოდ შემომხედა. მერე, სათვალის მინის იქით დავინახე, როგორ მოხუჭა ცალი თვალი. ოდნავ, შეუმჩნევლად… მზერა უკან, სადღაც ხსოვნის ხვეულებში გააბრუნა. ჩაფიქრდა, მერე კეთილად გაიღიმა.
იქნებ ლექსების პატარა რვეული გაახსენდა. თავისი დასკვნა, დაკარგული საღამო. არ ვიცი, არაფერი უთქვამს, არც მე მითქვამს რამე. არასოდეს გამიხსენებია, რომ ჩემი ლექსების პირველი მსაჯული იგი იყო.

1962 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button