სმარტფონები

Huawei-ს მობილური ეკოსისტემა 45 ათას აპლიკაციას მოიცავს

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ Huawei შეიყვანა ე.წ. „შავ სიაში“, კომპანია Google-მა შეწყვიტა თანამშრომლობა ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ Huawei-ს ახალ სმარტფონებში არ იქნება გამოყენებული Google-ის სერვისები და აპლიკაციები. ჩინურ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა – გამოიყენოს პროგრამული პლატფორმა Android თავის სმარტფონებში, თუმცა მათში Google-ის ისეთი აპლიკაციების დაყენება, როგორებიცაა Gmail, Play Store, Chrome და YouTube – უკვე აღარ შეუძლია. 

მიუხედავად იმისა, რომ Huawei-მ შექმნა საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილურ მოწყობილობებში, ეს საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ როგორმე გაუწიოს კონკურენცია Google-ს, ჩინურ კომპანიას სჭირდება საკუთარი ოპერაციული სისტემის ირგვლივ სრულფასოვანი ეკოსისტემის ფორმირება. Huawei-ს განკარგულებაში უკვე არის Google Mobile Services-ის ანალოგი, რომლის სახელწოდებაა Huawei Mobile Services. რამდენიმე დღის წინ დაიწყო მისი საჯარო ტესტირება ჩინეთის ტერიტორიაზე. 

მიუხედავად ძალისხმევისა, Google-თან სრულფასოვან კონკურენციაზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევია. ამჟამად Huawei-ს ეკოსისტემაში შედის 45 ათასი აპლიკაცია იმ დროს, როდესაც Google Play Store-ის ციფრული კონტენტი მოიცავს დაახლოებით 3 მილიონ პროგრამულ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, Huawei აქტიურად აგრძელებს მუშაობას დასახული მიმართულებით და თავის მხარეს იზიდავს მთელი მსოფლიოს კომპანიებს. ამჟამად დაახლოებით  1 მლნ ანტრეპრენერი ქმნის აპლიაკაციებს Huawei-ს ეკოსისტემისთვის. ჩინური კომპანია აქტიურად უჭერს მხარს კონტენტის შემქმნელებს. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ 1 მლრდ აშშ დოლარიანი  ფონდის შექმნა, რომელიც განკუთვნილია ხარისხიანი პროდუქტების შემქმნელების წახალისებისთვის. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button