მოგონებები

ვახტანგ ღლონტი – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა (ნაწილი მეოთხე)

(ანუ კიდევ ერთხელ 1978 წლის 26 მაისზე ბათუმში)

უნდა გავაგრძელო…გავაგრძელო, სიზიფესავით, ციდან მოსჯილი ლოდების თრევა მთის მწვერვალისკენ…რამდენჯერაც ავიტანე,იმდენჯერვე უკან დაგორდა.ერთხელაც,მომიყოლებს ქვეშ და მეც დავისვენებ და სხვებიც,თუმცა
ამჯერად ეს სხვები სულაც არ არიან სხვები,პირიქით ჩემი ახლობლები და მოკავშირეები არიან ნამდვილ სხვებთან უთანასწორო ომში(ყოველშემთხვევაში ასე იყო დღემდე);ეტყობა,ხდება ასეც,ერთხელ მდინარესაც ჩაეძინებაო,ეტყობა,ხანგრძლივი მეგობრობაც,სიყვარულიც იღლება
საკუთარი თავით,ეტყობა ,,სულსაც სჭირდება რესტავრაცია,შმაგ ვნებათა დარში -ავდარში ღია ცისქვეშ ვერ გასძლებს დიდხანს…”ჩვენ ხომ არანორმალურ დროში ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ,- გამოტოვებული,ნანგრევებში მოყოლილი თაობა ვართ;ერთადერთი აპოკალიფსი არ გვინახავს და არ გამიკვირდება ამასაც თუ მოვესწარით…დავიბადეთ დროში,რომელშიაც გერონტოფილია(ბებერთმოყვარეობა)იყო პატივში და ვნატრობდით სიბერეს,რომ როგორმე კუთვნილი მიგვეღო…აჰა,მოვიდა სიბერე და რა მივიღეთ – შეიცვალა სამართალი და წესი(ყველაფერი თავდაყირა დადგა),-მოთხოვნილება ახლა ახალგაზრდებზეა მხოლოდ,- ბრძენიც ისაა,გამოცდილიც და ყველა საქმის უფროსი;დაუნდობელი და ეჭვიანი დროა ნამდვილად,..თუმცა შევწყვიტოთ ფილოსოფიური წიაღსვლები,მე თქვენ უფრო პროზაულ ამბებს შეგპირდით და ის უფრო აქტუალურია ამჯერად…
მეორე დღეს ისევ შევიკრიბეთ სტუდენტები,ყველა არა ,რა თქმა უნდა…მორბენალი ხომ ფინიშზე უცებ ვერ შეჩერდება,ერთხანს უნდა ირბინოს კიდევ,თორემ მკვეთრი დამუხრუჭებისგან შეიძლება წონასწორობა დაკარგოს და დაეცეს ,შეიძლება გულიც გაუსკდეს…ხან ინსტიტუტთან ,ხანაც ბულვარში ,,გედების ტბასთან”,ვაპირებდით სტამბასთან მისვლასაც ,სადაც გაზეთი უნდა გამოსულიყო ჩვენთვის საჭირო ინფორმაციით ,,ვაითუ,მთავრობამ მოცემული პირობა არ შეასრულოს?!”…მახსოვს, ბიჭიკო დიასამიძე არ გვტოვებდა,ნერვიულობდა თავის სტუდენტებზე…ის დღე ასე იქეთ-აქეთ წრიალში და ფორიაქში გავატარეთ…მომდევნო დღეს მილიციის მანქანა (,,ვილისით” დადიოდნენ მაშინ) მესტუმრა ეზოში,ნუგზარ მგელაძე გადმოვიდა და ,,ვახტანგ,არ იფიქრო შენი სახლი მოვასწავლეთო”-…,,ნუგზარ,ვეუბნები,მაგათ ჩემი მისამართი შენზე ადრე იცოდნენ,მათ საქმეს დასჭირდა ასე და პირველად შენ აგიყვანეს-მეთქი…ვჯდებით უკან(სამი სტუდენტი),თემურ მოქიაც აეყვანათ ;წინ მძღოლი და წარმოსადეგი გარეგნობის მქონე მილიციის
მაიორი,ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და ის ძალიან დიდი ხნის გვეჩვენა.შემობრუნდა ეს ბატონი(გვარს არ ვახსენებ) და ვახტანგ,როგორია განწყობა,როგორ ხარო…ვუთხარი,რომ შეუძლოდ ვიყავი,მართლაც სიცხე მქონდა…შეუძლოდ ახლა გახდიო,-მეკითხება ორაზროვნად;-არა,საერთოდ სუსტი ჯანმრთელობა მაქვს-მეთქი…,,რა ვიცი- ,იმ დღეს არაფერი გეტყობოდა,ლომივით იბრძოდიო – ირონიით მეუბნება.არაფერი ვუპასუხე,უბრალოდ დავიმახსოვრე.მიგვიყვანეს ლენინის მოედანზე მთავრობის სახლთან,სადაც გაიმართა ჩვენი დემონსტრაცია,-მივხვდი,რომ არ გვიჭერდნენ…ბიჭები მანქანაში დატოვა მძღოლთან და შენ წამომყევიო.შევედით შენობაში,ავიარეთ სართულები,დააკაკუნა კარებზე;გაუღეს და მოიხარა წელში თაყვანისცემის ნიშნად და ა,ბატონო ,მოგიყვანეთო…მე წელში გავიმართე,შევედი და უკან მოვხედე კარებთან დარჩენილს – ,,მანქანაში ძალიან მაღალი ჩანდით და აქ რამ დაგაპატარავათ,ჩემო ბატონო”-მეთქი…უცებ გაიმართა წელში და წამიერი პაუზის შემდეგ მთელი მინისტრთა კაბინეტი ახარხარდა.იუმორი დამიფასეს.მომიკითხეს,დამიყვავეს,ლექსები შემიქეს და დამოუკიდებელი წიგნის გამოცემა ხომ არ გინდაო(მანამდე ოთხ დამწყებ ავტორს ერთი საერთო კრებული გვქონდა გამოცემული);არა-გმადლობთ-მეთქი…მერე ჩემი საბინაო მდგომარეობით დაინტერესდნენ…ერთი სიტყვით,ემზადებოდნენ მათთვის უფრო მნიშვნელოვანის სათქმელად…ამასობაში ჩვენი ლექტორი ჯემალ ჩხეიძეც შემოვიდა(ისიც დაბარებული ჰყავდათ),მან შუქრი ნიჟარაძესთან ერთად შენიშვნები შეიტანა ,,ზემოთ” გასაგზავნ წერილში და იმხანად მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.მე და ბატონმა ჯემალმა ადრე ვიკამათეთ ინსტიტუტში – ისიც თავმოყვარე კაცი იყო და არც მე დავუთმე,- მაგრამ იქ (იმათთან )ძალიან მაქო,დიდი მომავალი აქვს და უნდა გავუფრთხილდეთო…ერთი სიტყვით მთავრობას აინტერესებდა იქნებოდა თუ არა კიდევ გამოსვლები;მე ვუთხარი,თუ მოცემული პირობა შესრულდება – არაფერი მოხდება,და თუ არა,- ძალიან რთულად იქნება საქმე-მეთქი…
მომდევნო დღეს ანზორ დიასამიძე მოდის(ინსტიტუტის პარტკომი)
აღელვებული და მთავრობაში გიბარებენო…რა უნდათ-მეთქი,-იქნებ რაიმე იმედიანი წამოცდეს-მეთქი,-რა ვიცი, 26 მაისის აქციის გამოო..აუცილებლად უნდა მიხვიდე,თორემ ხომ იცი მიგიყვანებენო…წავედი ნერვებდაგლეჯილი…ავდივარ,მხვდება თანაშემწე და – უფროსი დაკავებულია,
თბილისიდან არქიტექტორები ჰყავსო…ხუთი წუთის შემდეგ ვეკითხები – აქ სიგარეტის მოწევა თუ შეიძლება-მეთქი და არაო…ავდექი,აბა გარეთ მოვწევ-მეთქი…არა,არ გახვიდეთ,არ შეიძლებაო…რა დამაპატიმრეთ უკვე-მეთქი…არა ბატონო,დაბრძანდით, აქ მოწიეთო და ,,მალბორო” და საფერფლე მომაწოდა(ამ კაცს თქვენც კარგად იცნობთ და დღესაც ვხვდებით ხოლმე, მაგრამ ამ ამბავს არ ვახსენებ,
რა თქმა უნდა).მოვწიე სიგარეტი და ვეუბნები,ან ახლავე მიმიღებს ან ამდენი მოცდის თავი მე არა მაქვს-მეთქი…შევიდა,არ ვიცი იმ სტუმრებს რა უთხრეს და რომელი კარით გაუშვეს და შემიყვანეს…ისევ ძველი რეპერტუარი და ჩემი პასუხიც იგივე იყო…
შემდეგ თავად გვესტუმრა პარტიული ელიტა ინსტიტუტში,შეგვკრიბეს დიდ აუდიტორიაში სტუდენტები,-მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ – ვახტანგ ღლონტი სადააო,რამინ ბახტაძე წინ დამიდგა,თითქოს დამფარა ავი თვალისგან,-მაგრამ ერთმა კაი ხნის , ჩია ტანის ლექტორმა (აცხონოს ღმერთმა) მაინც შემამჩნია და ეგერაა,ბატონო,მაგის ბრალია ყველაფერი,დასახვრეტიაო,- ეგონა კარგი რამე თქვა,- გამოცდილმა პარტმუშაკმა შეუღრინა,-რას ჰქვია დასახვრეტია,სწორედ ასეთი ახალგაზრდები სჭირდება ხვალ ჩვენს სამშობლოსო,რომელსო – არ დაუკონკრეტებია…კიდევ ბევრი რამე იყო…ყველაზე გვიან ,როგორც გაირკვა მე დამიბარეს დაკითხვაზე,ამას თავისი მიზანი ჰქონდა(ინფორმაციას აგროვებდნენ ტიპები ჩემზე – საჭიროების შემთხვევაში რომ გამოეყენებინათ),თან იცოდნენ,- ჩემი გაზრდა და გადაკეთება არ შეიძლებოდა.იყო ჩხრეკები ჩემი ახლო მეგობრების ოჯახებში და მათ მშობლებს თვალებს ვერ ვუსწორებდი ჩემს გამო რომ ასე აწუხებდნენ(ამაზე თავად მოყვებიან ალბათ ის ბიჭები)…ბოლოს,ვითომ სამხედრო კომისარიატში (ცხაკაიას
ქუჩაზე) დამიბარეს,ვითომ სამხედრო ბილეთთან დაკავშირებით,მანამდე გაფრთხილებული ვყავდი მეგობარსა და კოლეგას ზურაბ ფირცხალაიშვილს,
რომელიც გამომცემლობაში მუშაობდა და შეკლული ჰყავდათ ხელში – რას ფიქრობს ვახტანგ ღლონტიო…რასაც ფიქრობს – წერს და არ მალავს ,ხან უბეჭდავენ, ხან არაო – მიახალა და ბოლოს თავის სამუშაო ოთახიდან გააძევა,ვითომ მის ,,დავერბოვკებას” რომ ცდილობდა,ის ტიპი….
უბრალოდ გეტყვით,ჩემთვის ნამდვილი 26 მაისი დაიწყო იმ წუთიდან,რაც აქცია დამთავრდა და გაგრძელდა მანამ,სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა…აღარ მოვყვები,რა ტკივილები,რა ხელის შეშლები,ეს ბევრმა იცის და სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ მითქვამს…მაშინ, უბრალოდ, აღარ დასჭირდათ ახალი გმირები პოლიტპატიმრების სახით,მაგრამ იმდენი გადავიტანე,ჯობდა ერთხელ მოესაჯათ და მომეხადა ჩემი სასჯელი…
ვ.ღლონტი(დავიღალე და ბოლო ნაწილს ხვალ მოგართმევთ)
(11 იანვარი,2015 წელი)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button