ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – იდიოტი

„გულია მთავარი, სხვა დანარჩენი სისულელეა. ჭკუაც საჭიროა, ცხადია… შეიძლება ჭკუა იყოს ყველაზე მთავარი. სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა. აი მე სულელი ვარ, გული მაქვს და ჭკუა არა, შენ კი ჭკვიანი, უგულო სულელი ბრძანდები; ორივენი უბედურები ვართ, ორივენი ვეწამებით.“

„ნუ განურისხდებით სასოწარკვეთილ, წყალწაღებულ ადამიანს იმისთვის, რომ უკანასკნელ იმედს ებღაუჭება თავის გადასარჩენად.“

„ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი და ჩვენ-ჩვენი დამახასიათებელი რამ, სხვებს იქნებ იმათზე მეტიც, ვინც თითით საჩვენებლად ჰყავთ გამხდარი.“

„თქვენ რა იცით, რას არ ჩაადენინებს კაცს თავმოყვარეობა.“

„ზოგიერთი ქალი მხოლოდ საყვარლად ვარგა, სხვა არაფრად.“

„კაცი გამოსცადე და მერე შეაფასე.“

„ჩვენი დროისა და ჩვენი ჯილაგის ხალხს იმაზე მეტად არაფერი შეურაცხყოფს, როგორც იმის თქმა, ორიგინალური კი არა, ერთი სუსტი, ჩვეულებრივი ნიჭის კაცი ხარო.“

„სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.“

„მთელი ცხოვრების პირობას ნუ იძლევი!“

„იდიოტსაც სცოდნია, რომ პირფერობით უფრო გავა ფონს.“

„აი, ასე ხართ ყველა: უნამუსო თუ პატიოსან ქალთან – ანგარიში ერთი გაქვთ! არადა, გებნევათ დავთარი…“

– როცა არ გხედავ, ძალიან მძულხარ ხოლმე, ლევ ნიკოლაევიჩ. სამი თვეა, აღარ შევხვედრივართ და ეს სამი თვე ყოველ წუთს გაბოროტებული ვიყავი შენზე, ღმერთმანი! რომ შემძლებოდა მოგწამლავდი! ახლა კი სულ რაღაც თხუთმეტი წუთია ჩემთან ზიხარ და გაბოროტებამ უკვე გამიარა, წინანდელივით მიყვარხარ. დარჩი ჩემთან…
– ეგ იმიტომ, რომ თუ ერთად ვართ, მაშინ გჯერა ჩემი, თუ არა და ხელად გეკარგება რწმენა, ისევ ეჭვები გიპყრობს.

– აკი წინათაც გითხარი და აგიხსენი, კი არ „მიყვარს“, „მებრალება“-მეთქი. მე მგონი, გითხარი, რასაც გრძნობ. მაშინ შენ თქვი, მიგიხვდიო ნათქვამს. ვითომ მართლა მიმიხვდი? აი, ახლაც რა სიძულვილით მიცქერი. მე იმიტომ მოვედი, დამშვიდება მინდა შენი, რადგან შენც ძვირფასი ხარ ჩემთვის. იცი, ძალიან მიყვარხარ, პარფენ. ახლა კი წავალ და თავის დღეში აღარ მოვალ. მშვიდობით იყავი.
– იცი რას გეტყვი! – უეცრივ გამოცოცხლდა როგოჟინი და თვალები დააკვესა, – ვერ გამიგია, ასე როგორ მითმობ? განა სულ გადაიყვარე? წინათ დარდობდი მაინც; განა არ გამჩნევდი. აბა კისრისტეხით რაღაც გამოქანდი აქ? ვითომ გებრალება?
– გგონია გატყუებ?
– არა, მჯერა შენი, ოღონდაც არაფერი მესმის. ვინ იცის, შენი სიბრალული ჩემს სიყვარულზე უარესი იყოს!
– შენს სიყვარულს სიძულვილისაგან ვერ გაარჩევს კაცი, ხოლო თუ სიყვარული გაგიქრა, ეგებ უარესი ამბავი დატრიალდეს.
– რომ მოვკლავ, არა?
– რომ შეიძულებ იმ სიძლიერით, რა სიძლიერითაც ახლა გიყვარს, რომ შეიძულებ იმ წამებისთვის, რასაც ახლა იტან. ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, კიდევ როგორ მოგყვება ცოლად? აკი ორჯერ გითხრა უარი და ორჯერვე გაგექცა. მაშასადამე, გული უგრძნობს!.. ახლა რაღა უნდა შენგან, ვითომ ფული? სისულელეა. ვითომ ქმრის შოვნა უნდა და იმიტომ? განა სხვას ვერ მონახავდა. შენს თავს ყველა უნდა ერჩივნოს. ვინაიდან შენ მართლაც შეიძლება მოკლა. თვითონაც ალბათ კარგად უწყის ეს. ან თუ ისაა მიზეზი, ეგრე ძლიერად რომ გიყვარს? იქნებ ასეც იყოს… გამიგონია, არიან ქალები, სწორედ ამგვარ სიყვარულს რომ არჩევენ…

„როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით დამდგარს.“

„რელიგიური გრძნობის არსს ვერა მსჯელობით, ვერა დანაშაულითა და ბოროტებით, ვერა ათეიზმით ვერ მიუდგები. აქ რაღაც ისე არ არის და არც არასოდეს იქნება ისე. აქ რაღაც ისეთია, რაზეც ნიადაგ ფეხს აისხლეტენ ათეისტები და მუდამ სხვაზე ილაპარაკებენ, არა იმაზე, რაზეც უნდა ილაპარაკონ.“

„მერე რა, თუნდაც ავადმყოფობა იყოს! მე რაში მენაღვლება, თუ არაბუნებრივი დაძაბვაა, როცა თვით შედეგი მისი, როცა თვით ამ შეგრძნების წუთი, უაღრესად ჰარმონიულს, ულამაზეს რასმე შეადგენს, მანიჭებს აქამდე არგაგონილ, წარმოუდგენელ სისავსისა და ზომიერების გრძნობას, მარიგებს ყველაფერს და სიცოცხლის უზენაეს სინთეზს აღტკინებული ლოცვით მაზიარებს?“

„დრო აღარ არსებობს – ალბათ, ეს სწორედ ისეთი წამია, როცა ბნედიანმა მაჰმადმა, ვიდრე წაქცეული დოქიდან წყალი წამოვიდოდა, მოასწრო და ალაჰის მთელ სამკვიდრებელს თვალი შეავლო.“

„სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს.“

„ადამიანმა ძალით უნდა დაიბრუნოს დაკარგული რწმენა. ახლა სულის სიმწარით სჭირდება ეს… დიახ! რაღაც უნდა სწამდეს, ვიღაც უნდა სწამდეს!“

„რაღაც ისეთი, რასაც კი გრძნობ, მაგრამ ანალიზს ვერ გაუკეთებ, ვერ გამოთქვამ, სათანადო მიზეზებით ვერ გაამართლებ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მთლიან, უცილობელ შთაბეჭდილებას ახდენს და შენდა უნებლიეთ რწმენად გექცევა. მაგრამ რის რწმენად? აბა, თქვი, თუ გაბედავ, რის რწმენა? – უსაყვედურებდა და ეკითხებოდა თავისთავს გამომწვევად, – ჰო, ჩამოაყალიბე, გაბედე, აშკარად, უყოყმანოდ გამოთქვი ეგ შენი აზრი! ო, რა უსინდისო ვარ!“

„ჩემს სიცოცხლეში კაცი არ მინახავს მისებრ კეთილშობილად მიამიტი და მიმნდობი. მისი სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ვინც მოინდომებს, ყველა მოატყებს და ვინც მოატყუებს, ყველას შეუნდობს. ამიტომაც შემიყვარდა იგი“…

„ასე სჩვევიათ ხოლმე ზოგჯერ ადამიანებს: მოაგონდებათ უეცრივ საშინელი რამ, მეტადრე – სამარცხვინო, და წუთით ერთ ადგილზე გახევდებიან.“

„როგორც ცნობილია, ეპილეფსიის შეტევა, კერძოდ ბნედა, თვალის დახამხამებაში მოუვლის კაცს, ერთ წამში საოცრად მოეღრიცება სახე, გადაუტრიალდება თვალები, დაეკრუნჩხება მთელი ტანი და სახე საზარლად დაემანჭება. გაუგონარი, არაადამიანური ღრიალი აღმოხდება ხოლმე გულიდან, ასე რომ ამ ამბის შემსწრე ძნელად დაიჯერებს, რომ სწორედ ეს კაცი ღრიალებს. გეგონებათ, ამ კაცს ვიღაც უზის გვამში და ის ღრიალებსო.“

„იმაზე უკეთ არაფერი მოიყვანს კაცს ჭკუაზე, როგორც ძველის მოგონება და მონანიება.“

„არც ეკადრება მაღალი წრის ხალხს ლიტერატურით მაინცდამაინც დაინტერესება.“

„შეშლილები, უგუნურები! საზოგადოებას სიმხეცესა და უადამიანობას უკიჟინებენ, შეცდენილ ქალიშვილს რომ ჰკიცხავსო. მაგრამ თუ საზოგადოებას უადამიანობას უკიჟინებ, მაშასადამე, მიგაჩნია, რომ ქალიშვილს საზოგადოებამ გული ატკინა.“

„შეშლილები! პატივმოყვარენი! ღმერთი არა სწამთ და ხატი! პატივმოყვარეობა და სიამაყე ეგრერიგად გაგიჯდათ ძვალ-რბილში, რომ ბოლოს ერთმანეთს დასჭამთ.“

„ჩვენ ყველანი სასაცილომდე კეთილები ვართ.“

„ჩვენი ლიბერალი თავის დღეში ვერ მოითმენს, ვისმე საკუთარი შეხედულება გააჩნდეს და მაშინვე არ გამოლანძღოს თავისი ოპონენტი, ან უარესი რამ არ აუტეხოს.“

„მე მისი აღტაცება მიყვარს. მე ის არ გამირყვნია! მხოლოდ იმას დაწყდება გული. მინდოდა ყველას დაწყვეტოდა, ყველას, მაგრამ არავინ მყავდა ირგვლივ, არავინ… მინდოდა რაღაც მომემოქმედნა, მქონდა ამის უფლება… ო, რამდენი რამ მინდოდა! ახლა აღარაფერი მინდა, არც მსურს მინდოდეს, სიტყვა მივეცი ჩემს თავს, აღარაფერი მოვინდომო; დაე, უჩემოდ ეძიონ ჭეშმარიტება! დიახ, ბუნებას დაცინვა უყვარს! მაშ რისთვის გააჩენს ხოლმე ამ ქვეყნად უშესანიშნავეს ადამიანებს და მერე სასაცილოდ აიგდებს? განა მან არ მოუვლინა ხალხს ერთადერთი არსება, ვინც სრულყოფილად შერაცხა ყველამ… და მერე მასვე აქადაგებინა ის, რისთვისაც იმდენი სისხლი დაიღვარა, ერთბაშად რომ დაღვრილიყო, ხალხი ალბათ შიგ ამოიხრჩობოდა! ო, კიდევ კარგი, რომ ვკვდები! ალბათ, მეც ვიტყოდი რაღაც საშინელ სიცრუეს, ბუნება ასე მოაწყობდა!.. მე არავინ გამირყვნია… მინდოდა ადამიანების საბედნიეროდ მეცხოვრა, ჭეშმარიტება მომეძია და მეუწყებინა… მივშტერებოდი სარკიდან მეირის კედელს და ვფიქრობდი, ოღონდ თხუთმეტი წუთი მალაპარაკა და ყველას, ყველას დავარწმუნებ-მეთქი, მაგრამ ერთხელ შემყარა განგებამ… თქვენთან, თუ ხალხთან არა! და რა გამოვიდა? არაფერი! მხოლოდ ზიზღის თვალით მიყურებთ! მაშასადამე, არავის ვჭირდები, მაშასადამე, რეგვენი ვყოფილვარ, მაშასადამე, ამ ქვეყნად არ მედგომება! არავინ მომიგონებს! არავინ იტყვის ჩემზე რასმე. მე ვერც კვალი დავტოვე, ვერც ვერაფერი გავაკეთე, ვერავინ ვაზიარე ჩემს რწმენას და შეხედულებებს!.. ნუ დასცინებთ ბრიყვს! დაივიწყეთ! დაივიწყეთ ყველამ… დაივიწყეთ, თუ შეიძლება, გულქვაობას ნუ გამოიჩენთ! იცით კი, ჭლექი რომ არა, თვითონ მოვიკლავდი თავს…“

„ხანდახან დაგესიზმრება უცნაური რამ, შეუძლებელი და არაბუნებრივი; გაგეღვიძება, გაგახსენდება ნათლად და გაგიკვირდება მისი უცნაურობა, მაგრამ რა მიზეზია, რომ მშვენივრად ურიგდები შენი სიზმრის ამ უაზრობას და შეუსაბამობას? ან რა მიზეზია, რომ გამოღვიძებული და სიზმრიდან გამორკვეული, მაინც გრძნობ, ხანდახან საოცარი ძალითაც, რომ სიზმართან ერთად რაღაც ამოუხსნელი რამ დაგრჩა ისევ? გაგეღიმება ამ შენი სიზმრის უაზრობაზე და ამასთან, გრძნობ კი, უაზრობათა ეს ხლართი რაღაც აზრს შეიცავს, რაღაც მართალ აზრს, რაღაც შენს ნამდვილ ცხოვრებასთან დაკავშირებულს, იმას რაც გულში მუდამ გედო“.

„ლიბერალიზმი ცოდვა არ გახლავთ; ეგი ერთი მთელის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უამისოდ დაიშლება ან ჩაკვდება; ლიბერალიზმს ისეთივე უფლება აქვს იარსებოს, როგორც ყოველ კეთილზნიან კონსერვატიზმს; მაგრამ მე რუსულ ლიბერალიზმს ვესხმი თავს, კიდევ და კიდევ გიმეორებთ, იმიტომ ვესხმი, რუსი ლიბერალი რუსი ლიბერალი კი არ არის, არარუსი ლიბერალია. მაჩვენეთ რუსი ლიბერალი და მყისვე თქვენს თვალწინ გადავკოცნი.“

– ვთქვათ ვინმემ დუელში გამოგიწვიათ, რას იზამდით?
– მე… მე დუელში არავინ გამომიწვევს.
– მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ?
– მგონი… შემეშინდება.
– მართლა? მაშ ლაჩარი ხართ?
– აარა; მგონი, არა. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.

ქალს შეუძლია გაულქვაობითა და დაცინვით ამოგხადოს სული, ისე, რომ სინდისმაც არ შეაწუხოს, იმიტომ რომ გიყურებს და გულში ფიქრობს: „ახლა რომ ვაწამებ და ვამწარებ, სამაგიეროდ მერე სიყვარულით ვუზღავო…“

„ახლა ყველას გიწვევთ, ყველა ათეისტს აბა, რით აპირებთ ამა ქვეყნის ხსნას და მისთვის ნორმალურ გზას რაში ხედავთ, გესმით, მეცნიერნო, მეწარმენო, ასოციაციების, გასამრჯელოსა თუ სხვათა და სხვათა ხალხო? რითი-მეთქი? კრედიტით? კრედიტი რა არის? სადამდე მიგიყვანთ ეგ კრედიტი?
– საყოველთაო სოლიდარობასა და ინტერესთა წონასწორობამდე მაინც მიგვიყვანს.
– მხოლოდ და მხოლოდ! ზნეობა არაა საჭირო, პირადი ეგოიზმისა და მატერიალური აუცილებლობის დაკმაყოფილება კმარა, სხვა არაფერი, ხომ? საყოველთაო მშვიდობა, საყოველთაო ბედნიერება, ისიც იმიტომ, რომ აუცილებლობა მოითხოვს!
– განა საყოველთაო აუცილებლობა არ გახლავთ ცხოვრება, ჭამა-სმა, ხოლო სრული მეცნიერული მრწამსი კი, რომ ამ აუცილებლობას საყოველთაო ასოციაციისა და ინტერესთა სოლიდარობის გარეშე ვერ დაიკმაყოფილებ. მგონი, საკმაოდ ღონიერი აზრია, რათა კაცობრიობის მომავალი საუკუნეების დასაყრდენ წერტილად და „წყაროდ ცხოვრებისად“ გამოდგეს.
– ჭამა-სმის აუცილებლობა, ანუ მხოლოდ მარტოოდენ თავის გადარჩენის გრძნობაა…
– განა თავის გადარჩენის გრძნობა საკმარისი არ არის უკვე? თავის გადარჩენის გრძნობა ხომ კაცობრიობის ნორმალური კანონია…
– ვინ მოგახსენათ? მართალია კანონია, მაგრამ იმდენად ნორმალური, რამდენადაც განადგურების და მგონი თვითგანადგურების კანონიც. განა მარტო თავის გადარჩენა შეადგენს მხოლოდ კაცობრიობის ნორმალურ კანონს?
– ვერაგული და ქილიკური აზრი გახლავთ, გესლით სავსე, – აიტაცა ლებედევმა ევგენი პავლოვიჩის პარადოქსი, – მოწინააღმდეგე რომ გააცხაროთ! მაგრამ სწორი აზრი კია! ალბათ არც იცით, დიდგვაროვანო ქილიკოსო და კავალერისტო, რაოდენ ღრმა აზრი გამოთქვით, რაოდენ სწორი! დიახ, თვითგანადგურებისა და თვითგადარჩენის კანონი ერთნაირად ძლიერად მოქმედებს კაცთა მოდგმაზე! ეშმაკი ერთნაირად ბატონობს კაცობრიობაზე და არ ვიცით ვიდრემდე იბატონებს. იცინით? ეშმაკის არ გჯერათ? ეშმაკის უარყოფა ფრანგების მონაგონია, მათი ჭკუამჩატობის ნაყოფი. იცით კი, ვინ არის ეშმაკი? იცით რა ჰქვია სახელად? თქვენ დასცინით იმას, ვისი სახელიც არ იცით, დაცინით მის გარეგნობას, მსგავსად ვოლტერისა, მის ჩლიქებს, კუდსა და რქებს, რაც თვითონვე მიაწერეთ; რამეთუ ბოროტი სული დიადი და მრისხანე სულია, და არა აქვს მას არც ჩლიქი, არც რქანი, თქვენივე მოგონილი.“

„კაციბრიობის მეგობარს თუ ზნეობის საფუძვლები შერყეული აქვს, ის კაცობრიობის კაციჭამია გახლავთ, თუ მის პატივმოყვარეობაზე არას ვიტყვით; რამეთუ კაცობრიობის ამ უამრავ მეგობართა შორის რომელიმეს რომ პატივმოყვარეობა შეულახო, ის მყისვე წვრილმანი შურისგებით ატანილი, ოთხივ მხრივ ცეცხლს წაუკიდებს ამ დედამიწას, – ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ისევე როგორც მე, ყველაზე უფლიდესი კაცი, ვინაიდან პირველმა იქნებ მე მივიტანო შეშა და მერე იქაურობას უკანმოუხედავად გავეცალო.“

„ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა თავისი გარდუვალი კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია, ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც.“

„ნუ მაშინებთ თქვენი კეთილდღეობით, სიმდიდრით, ნურც შიმშილობის იშვიათობით და მიმოსვლის სისწრაფით! სიმდიდრე მეტი გვაქვს, ძალა კი ნაკლები; შემადუღებელი აზრი აღარ არს; ყველაფერი მოფამფალდა, ყველაფერი გაიხრწნა, ჩვენ ყველა, ყველა გავიხრწენით!“

„სილამაზე იხსნის ქვეყანას!“

„კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა.“

„თავი და თავი ცხოვრებაა, მხოლოდ ცხოვრება, – განუწყვეტელი, მარადიული სწრაფვა აღმოჩენისა და არა აღმოჩენანი!“

„რაც უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო და ოცდათხუთმეტი წელი იქადაგო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისეც წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს უმთავრეს იდეას ვერავის გადასცემ.“

„ადამიანები ხომ ერთმანეთის საწვალებლად გაუჩენია ღმერთს.“

„ყმაწვილს და გულფიცხ ბიჭს, ცხადია, ყველას მიბაძვა სწადია; მაგრამ ხანდახან იმასაც ვფიქრობ, დროა უკვე საკუთარი ჭკუით იცხოვროს.“

„არის ხალხი, ვისაც გაფხუკიანება და გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს, მეტადრე თუ გაბრაზებამ საზღვარს გადააცილა (ეს კი ერთ წამში ხდება). ამ წუთს, მგონი, კიდეც ნანობენ ამ გაფიცხებას, რა თქმა უნდა, თუ ჭკუა აქვთ და იმის გარჩევა შეუძლიაძ, რომ ათჯერ მეტად გაფხუკიანდნენ, ვინემ ღირდა.“

„ვინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნულ ღირსებას. მაგრამ „საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი – ორი სხავდასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს.“

„რაღაცას რომ დათესავთ, „მოწყალებას“ რომ გაიღებთ, სიკეთეს რომ იზამთ, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, თქვენი ბუნებიდან რაღაცას უზიარებთ სხვას და ისიც გიზიარებთ რაღაცას თავისას; ერთი-მეორეს ეზიარებით; კიდევ ცოტაც და საზღაურად მიიღებთ ცოდნას, ყოვლად მოულოდნელ რასმე აღმოაჩენთ. საბოლოოდ კი ამ თქვენ საქმეს უთუოდ მიიჩნევთ მეცნიერებად, სიცოცხლის მისწრაფებად გექცევათ და მთელ ცხოვრებასაც ალბათ შეგივსებთ. მეორე მხრივ, ეგ თქვენი დათესილი აზრები, რაც იქნებ არც კი გახსოვთ, ხორცს შეისხამს და აღმოცენდება; თქვენგან ნაზიარები კი სხვას გადაეცემა. ჰოდა, რა იცით, რა წილი გედებათ კაცობრიობის მომავალ ბედიღბალში?“

„თუკი სიკვდილი ასე საშინელია და ბუნების კანონიც ასეთი ძლიერი, როგორ შეიძლება ვინმემ დასძლიოს იგი, როცა იმანაც კი ვერ სძლია, ვინც სიცოცხლეში ბუნებას ამარცხებდა, ვისაც ბუნება ემორჩილებოდა, ვინც რქვა: „ტალითა კუმი“ – და ქალწული აღსდგა, „ლაზარე გამოვედ გარე“ და მკვდარი გამოვიდა? უცქერ ამ სურათს და ბუნება გეჩვენება რაღაც უშველებელ, რაღაც გულქვა პირუტყვად, ან უფრო სწორად, გაცილებით უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუმც უცნაური კია, – რაღაც უზარმაზარ, უახლესი სისტემის მანქანად, რომელმაც უაზროდ, უგრძნობლად და გაუკითხავად ჩაითრია, გასრისა და ჩანთქა უდიადესი, ფასდადუებელი არსება – ის არსება, ვის მტვრად არც ღირდა მთელი ბუნება და მისი კანონები, მთელი ეს ქვეყანა, რომელიც შესაძლოა სულაც იმიტომ გაჩნდა, რომ ეს არსება მოვლენილიყო!“

„არარაობისა და უძლურების შეგრძნების სიმწარესაც აქვს თავისი ზღვარი, რასაც ადამიანი ვერ გადააბიჯებს და რაშიც უდიდეს ნეტარებას პოულობს… ჰო, რა თქმა უნდა, მორჩილება ამ აზრით უდიდესი ძალაა, ვერ უარვყოფ, – თუმცა იმ აზრით არა, რა აზრითაც რელიგიას მიაჩნია.“

„ჩვენ მეტისმეტად ვაკნინებთ განგების ძალას და ჩვენს წარმოდგენებს ვაწერთ მას, რამეთუ არ გვესმის მისი და ჯავრი მოგვდის. მაგრამ მაინც გავიმეორებ, თუ მისი გაგება შეუძლებელია, მაშინ ძნელია პასუხი აგო იმაზე, რისი გაგების ნიჭიც ადამიანისთვის არ მიუციათ. ხოლო თუ ასეა, როგორ უდნა გამკიცხონ იმაზე, რომ ვერ შევძელი განგების ჭეშმარიტი ნებისა და კანონების ჩაწვდომა.“

„როცა ნერვიული კაცი გაშმაგდება და წონასწორობას დაკარგავს, რაც გულში აქვს, ცინიკურად გადმოანთხევს ყველაფერს, მაშინ უკვე აღარავისა და აღარაფრის ერიდება, კიდეც უხარია, თუ აურზაურს და ალიაქოთს ატეხს, იქით ეცემა ხალხს, ვინაიდან გულში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ერთი წუთის შემდეგ სამრეკლოდან გადმოვხტები და ყველა გაუგებრობას ამით გადავჭრიო. ამ მდგომარეობას ჩვეულებრივ ფიზიკური სისუსტე იწვევს.“

„გულისხმიერებას და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი.“

„არიან ადამიანები, რომელთა მთლიანი დასურათება, მათი ტიპიური და სახასიათო ბუნების ერთბაშად გადმოცემა ძნელი საქმეა, ესენი ის ადამიანებია, ვისაც ჩვეულებისამებრ „ჩვეულებრივ“ ადამიანებად, „უმრავლესობად“ ნათლავენ და ვინც ყოველი საზოგადოების მართლაც დიდ ნაწილს შეადგენს. თავიანთ რომანებსა და მოთხრობებში მწერლები უმეტესად ცდილობენ, რომ ტიპები საზოგადოების წიაღიდან აიღონ და მხატვრულ სახეებად წარმოგვიდგინონ. იმ ტიპებს საოცრად იშვიათად შეხვდება კაცი სინამდვილეში მთლიანად გამოკვეთილს და მიუხედავად ამისა თითქმის ნამდვილზე უფრო ნამდვილნი არიან.“

„მართლაც, იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა, ვთქვათ, მდიდარიცა ხარ, კარგი გვარიშვილიც, გვარიანი შესახედაობისაც, არც განათლება გაკლია, არც ჭკუა, არც თუ კეთილი გული და, ამავე დროს, ნიჭი არაფრისა გცხია, არაფრით გამოირჩევი, უხიაკსაც არავინ გიწოდებს, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, ერთი სიტყვით, ხარ ის, „რაც ყველა“. სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის; კარგი გვარი, მაგრამ არა გამორჩეული; შესახედაობა გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი; განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი, რაში გამოიყენო; ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი „აზრები“ – არა; გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება – არა, ა.შ. და ა.შ. ყოველი მხრივ. ასეთი ადამიანები საოცრად ბლომადაა ამ ქვეყნად, იმაზე მეტი, ვინემ გვგონია. როგორც ყველა, ისინიც ორ თანრიგად იყოფიან: ერთნი საშუალო ჭკუისანი არიან, მეორენი „უფრო ჭკვიანნი“. პირველები უფრო ბედნიერნი გახლავენ. საშუალო ჭკუის „ჩვეულებრივი“ ადამიანისათვის, მაგალითად, იმაზე იოლი არაფერია, თავი არაჩვეულებრივ, ორიგინალურ კაცად წარმოიდგინოს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატკბეს ამით. თუმცა „უფრო ჭკვიანნი“ თანრიგის ადამიანიც თავით ფეხამდე ორიგინალობის სურვილით არის შეპყრობილი. მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ შევნიშნეთ, ეს თანრიგი პირველზე გაცილებით უბედურია. საქმეც ისაა, რომ ჭ კ ვ ი ა ნ მ ა „ჩვეულებრივმა“ ადამიანმა თუნდაც წუთით (გინდ მთელი სიცოცხლე) თავი გენიოსად და ორიგინალურზე ორიგინალურად წარმოიდგინოს, გულის სიღრმეში ეჭვის პატარა ჭია მაინც უფუთფუთებს, და ამ ჭიას ხანდახან ჭკვიანი კაცი სრულ სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ხოლო თუ ბედს დამორჩილდა, გულში ჩამარხული პატივმოყვარეობა ერთიანად წამლავს და შხამავს. მეტწილად ამ ჭ კ ვ ი ა ნ თ ა თანრიგის ხალხის ბედ-იღბალი არც თუ ისე ტრაგიკულია. დიდი-დიდი სიცოცხლის მიწურულს ნაღველი გაუსივდეთ და ღვიძლი გაუფუჭდეთ. ესაა და ეს. მაგრამ ვიდრე დამორჩილდებიან და ქედს მოიდრეკენ, ეს ადამიანები მაინც ერთობ დიდხანს მიეთმოეთებენ, სიყმაწვილიდან მოყოლებული ქედმოდრეკის ასაკამდე და ისიც მხოლოდ ორიგინალობის წყურვილით.“

„ორიგინალობის სურვილი ზოგ პატიოსან კაცს თაღლითობასაც კი ჩაადენინებს.“

„რა წამს ჩვენი ქალიშვილებიდან ზოგიერთმა თმა შეიკრიჭა, ლურჯი სათვალე წამოიცვა ცხვირზე და ნიჰილისტად მოინათლა, უმალ იწამეს, რომ სათვალეების წამოცმისთანავე საკუთარი „აზრებიც“ გაუჩნდათ. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანს ერთი ბეწოთი მაინც მოეცხოს რომელიმე ზოგადსაკაცობრიო და პატიოსანი შეგრძნების ნიშატი, რომ დაუყოვნებლივ განიმსჭვალოს რწმენით, თითქოს მასავით არავინ გრძნობს უკვე, რომ საერთო განვითარებაში ის მოწინავე კაცს წარმოადგენს. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანმა ზეპირად მოჰკრას ყური რაიმე აზრს ან რომელიმე წიგნის ერთი ფურცელი წაიკითხოს, რასაც თავი და ბოლო არ გააჩნია; რომ მაშინვე ირწმუნოს, თითქოს ეს „მისი საკუთარი აზრებია“ და საკუთარი ტვინის ნაყოფი. მიამიტობის უსირცხვილობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ საკვირველებამდე აღწევს ამ შემთხვევაში; ამბავი ესე დაუჯერებელია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე კი გვხვდება.“
„უსირცხვილო მატყუარას უფრო დაუჯერებენ, თუ ენა უჭრის, ვინემ ღირსეულსა და დამსახურებულ კაცს.“

„მირჩევნია უბედური ვიყო და ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე ბედნიერი და… გაბრიყვებული.“

– როგორ იქნება, თქვენ და კეთილსობილება, არ გამოიჩინოთ! როცა თითს დაატაკებთ, მაშინ დაიჯერებთ! ძალიან გეზიზღებით ახლა?
– რატომ? იმიტომ რომ ჩვენზე მეტი იტანჯეთ და იტანჯებით?
– არა, იმიტომ რომ ამ ტანჯვის ღირსი არა ვარ.
– ვინც მეტი იტანჯა, მაშასადამე, ღირსიცაა მეტი ტანჯვის.

– თქვენის აზრით როგორ უნდა მოვკვდე?… რომ ჩემი სიკვდილი, ასე ვთქვათ, უფრო მადლიანი გამოვიდეს? აბა, მითხარით!
– გაიარეთ და შეგვინდეთ ბედნიერება!

„კათოლიციზმი არაქრისტიანული სჯულია, ეს ერთი! მეორეც, რომის კათოლიციზმი ათეიზმზე უარესი გახლავთ, აი, ჩემი აზრი! ათეიზმი მხოლოდ ნულს გვიქადაგებს, კათოლიციზმი კი უფრო შორს მიდის: წარყვნილ ქრისტეს გვიქადაგებს, მის მიერვე ცილდაწამებულსა და შეგინებულს, სულ სხვა, საწინააღმდეგო ქრისტეს! ის ანტიქრისტეს გვიქადაგებს, გეფიცებით, გარწმუნებთ! ეს ჩემი პირადი, ჩემი დიდი ხნის რწმენაა, რამაც მევე დამტანჯა… რომის კათოლიციზმს სწამს, რომ მთელი მსოფლიოს სახელმწიფო ძალაუფლების გარეშე ეკლესია ვერ მოიკიდებს ფეხს დედამიწაზე და გაჰყვირის კიდეც: Non possumus! ჩემი აზრით, რომის კათოლიციზმი სარწმუნოება კი არა, დიახაც დასავლეთ რომის იმპერიის გაგრძელებაა, ამიტომაც სარწმუნოებიდან დაწყებული ყველაფერს უმორჩილებს ამ აზრს. პაპმა იგდო ხელთ ქვეყანა, ამქვეყნიური ტახტი და მახვილს მოჰკიდა ხელი; მას აქეთ გრძელდება ასე, ოღონდაც მახვილს გაიძვერობა, სიცრუე, ფანატიზმი, ცრუმორწმუნეობა, ბოროტება დაემატა, ხალხის უწმინდესი, ალალი, გულუბრყვილო, მხურვალე გრძნობები სათამაშოდ გაიხადეს, ყოველივე ფულს ანაცვალეს ამქვეყნიურ უწმინდურ ძალაუფლებისთვის. მაშ ეს ანტიქრისტეს მოძღვრება არაა?! განა შეიძლება, ათეიზმი არ ეშვათ მათ? ათეიზმი მათგან იშვა, სწორედ რომის კატოლიციზმისგან: ათეიზმი, პირველყოვლისა, მათგან დაიწყო: განა შეეძლოთ საკუთარი თავი ეწამათ? ათეიზმს მათდამი ზიზღმა მოუმაგრა ძირი; იგი მათი სიცრუისა და მათი სულიერი უძლურების ნაყოფია! ათეიზმიო! ჯერჯერობით ჩვენში მხოლოდ განსაკუთრებულ ფენას აღარ სწამს, ნიადაგგამოცვლილთ. იქ, ევროპაში კი, უკვე ხალხის აურაცხელ მასას დაეკარგა რწმენა. ადრე უვიცობისა და ტყუილის მიზეზით, ახლა კი ფანატიზმის, ეკლესიისა და ქრისტიანული სიძულვილის წყალობით!“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button