განხილვაესე

რაინდთა სახეები ვეფხისტყაოსანში

ვეფხისტყაოსანი მარტო გენიალური მხატვრული ნაწარმოები არაა ქართველებისთვის. ის ჩვენი წიგნთა წიგნია, მორალურ კანონთა კრებულია. ეს პოემა საუკუნეთა განმავლობაში გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა იქცეს უბრალო მოკვდავი ღვთის ხატად, როგორ უნდა გააღვივოს მან თავისთავში ღვთაებრივი ნაპერწკალი, რათა ჰქონდეს უფლება იწოდებოდეს უფლის შექმნილ ადამიანად. „ვეფხისტყაოსანი“ გვიჩვენებდა სამართლიანობის, თვითშეწირული სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, ვაჟკაცობის, სიბრძნის, ბედისადმი დაუმორჩილებლობისა და გამარჯვებისათვის ბრძოლის მაგალითებს… და კიდევ უამრავ რამეს, რომელთა გარეშე ძნელია ამ ხანმოკლე და თან ასე გრძელი წუთისოფლის გავლა. მაგრამ „ვეფხისტყაოსანში“ ეს ყველაფერი განყენებულ იდეებად, მცნებებად, შეგონებებად კი არ არის მოცემული, არა! ასე რომ იყოს, დიდაქტიკური დარიგებების მოსმენა პოემის დასაწყისშივე მოგვბეზრდებოდა და, ალბათ, მაშინვე დავანებებდეთ თავს კითხვას. სიყვარულსა და სიძულვილს, ერთგულებასა და მოღალატეობას, სიკეთესა და ბოროტებას კონკრეტული, ცოცხალი ადამიანები ავლენენ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და მოქმედებებში. დიახ, უაღრესად დამაჯერებელ მხატვრულ სახეებს ხატავს რუსთაველი და, რაც მთავარია, ისინი არ არიან რაღაც განყენებული სახე-იდეები, მნათობთა მსგავს რაინდებსა და ქალებსაც გააჩნიათ თავიანთი ადამიანური სისუსტეები. ისინი ამით უფრო გვხიბლავენ და გვაჯერებენ. პოემას ტარიელის სახელი ჰქვია. სწორედ ისაა ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი, რომელსაც ეს ვეფხვის ტყავი დაკარგულ სატრფოს აგონებს, ეს სახელი სიმბოლურად აერთიანებს ტარიელსა და ნესტანს: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს.“ ტარიელი ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელის, სარიდანის, ერთადერთი ვაჟია, გაერთიანებული ქვეყნის ამირბარი, ვისაც ინდოეთში „აქვს ამირ-სპასალარობა.“ ის იშვილა ფარსადანმა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა.“  გარეგნობით მომხიბლავი ტარიელი ბავშვობიდანვე უდიდეს ზეგავლენას ახდენდა მნახველზე: „გაეხარნეს ნახვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა.“ მოკლედ, როგორც ხატაელი ძმები უხასიათებენ ავთანდილს, „ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.“ ტარიელის გარეგნობის შესატყვისია მისი ფიზიკური ძალაც. მწერალი ჰიპერბოლებით ხატავს ამ ტიტანური ძლიერების რაინდს: „ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა.“ ის უშიშარი, ბრძოლაში შეუდრეკელი ვაჟკაცია. ამის დასტურად გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი. ხატაელებთან ომის დროს: „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი, კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს, ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.“ ქაჯებთან ბრძოლის დროს კი მხოლოდ მისი ხმაც იყო საკმარისი, რომ მტერი შეეშინებინა:  „კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.“ ტარიელი მხოლოდ კარგი მებრძოლი კი არა, შესანიშნავი სტრატეგიცაა, ფრთხილი, წინდახედული მთავარსარდალია. ამის დასტურია ხატაელებთან ომის დროს ვაზირებთან თათბირი და ქაჯეთის ციხის აღების გეგმის შემუშავება. კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვს ტარიელს: ის არასოდეს არ სცემს წაქცეულს, მისი დევიზია: „ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე, გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.“ ასეც იქცევა. აი, რას ამბობს დამარცხებული რამაზ მეფის შესახებ:  „ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!“ ეს არის ჰუმანურობის, დამარცხებული მტრისადმი რაინდული დამოკიდებულების შესანიშნავი გამოვლინება. ტარიელი თავის ძალასა და ვაჟკაცობას სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს. ხატაელებმა ხარკის ძლევა შეუწყვიტეს ინდოეთს, ამიტომაც დასაჯა ისინი ამირბარმა. ხვარაზმშას, ვიღაც გადამთიელის ინდოეთში გამეფება კი მას საკუთარი ღირსების შეურაცხყოფად მიაჩნია: „სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!“ ეს უბრალო ქადილი არ იყო. მან მოკლა ხვარაზმშა, გამაგრდა თავის ციხე-ქალაქში და ფარსადანს კატეგორიულად განუცხადა: „ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.“ მაგრამ ტარიელს არაფრად სჭირდება ინდოეთის ტახტი ნესტან-დარეჯანის გარეშე. როცა მან გაიგო სატრფოს დაკარგვის ამბავი, მაშინვე გაეშურა მის საძებნელად. ძალაუფლებისმოყვარე, ანგარებიანი კაცი ისარგებლებდა იმით, რომ ფარსადანი, ფაქტობრივად, უმემკვიდრეოდ დარჩა, ჯარიც ტარიელს ემორჩილებოდა, ინდოეთის ტახტისაკენ მიმავალ გზაზე მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მაგრამ გამიჯნურებული რაინდი უყოყმანოდ გაეშურა ნესტანის საპოვნელად. უფრო მეტი, როცა მისი ნახვის იმედი გადაეწურა, არც მაშინ უფიქრია თავისი კუთვნილი ტახტის დაკავება, მხოლოდ სიკვდილს ნატრობდა, რათა იმქვეყნად მაინც შეხვედროდა სატრფოს. ეს, მართლაც, თვითშეწირული, უანგარო სიყვარულია: შენი გულის, შენი მეორე ნახევრის დაკარგვის შემდეგ სრულყოფილი ადამიანი აღარ ხარ. გავიხსენოთ ასმათის სიტყვები:  „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული ტარიელის სიშმაგე-სიგიჟის, მის მიერ ველად გაჭრისა და მხეცებთან ბინის დადების მიზეზი. უგულო, სიყვარულს მოკლებული კაცი ადამიანი აღარ არის. ამიტომაც ასეთი გულწრფელი და სულისშემძვრელია ტარიელის გულიდან ამოსული გოდება: „მოსთქვამს: „ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“ ტარიელის მოქმედების დევიზიც გულთანაა დაკავშირებული. როცა ავთანდილი არიგებს სასოწარკვეთილ მეგობარს: „რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა!“ – ტარიელი პასუხობს: „ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!“ მაგრამ, როცა ტარიელი იპოვის დაკარგულ ნახევარს, თავის გულს, ეს მარად მტირალი, მწუხარე სახის რაინდი, უმალ იბრუნებს სიცოცხლის ხალისს, იუმორის გრძნობას, ცხოვრებით ტკბობის უნარსა და, რაც მთავარია, საღად მსჯელობის ნიჭს. ის თავადაც შესანიშნავი მეგობარი აღმოჩნდება. სანამ ავთანდილს თინათინს არ შერთავს ცოლად, არ მოისვენებს: „თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები.“  ტარიელს გააჩნია კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება და მას მადლიერების გრძნობა ჰქვია. ის უხვად ასაჩუქრებს ყველას, ვინც გვერდით ამოუდგა და დაეხმარა ნესტანის ქაჯეთის ციხიდან განთავისუფლებაში: ფატმანსა და ასმათს, ფრიდონსა და მის მეომრებს. ის მოქმედებს პრინციპით: „… ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს.“ ტარიელი ნამდვილი რაინდია: პირდაპირი, უშიშარი, გმირული სულის მქონე. ის მტერს ზურგიდან არასოდეს არ მიეპარება. რამაზ მეფეს უთვლის: „თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.“ მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი თეთრი და შავი არ არის. ჭეშმარიტი რაინდული მორალის მქონე ადამიანსაც უწევს ხოლმე თავის სინდისთან კომპრომისებზე წასვლა, წესების დარღვევა. ასე დაემართა ტარიელსაც. ფარსადანის პოლიტიკურმა სიბეცემ, მისმა არასწორმა ნაბიჯებმა აიძულა, ქვეყნის, საკუთარი კანონიერი უფლებებისა და დიდი სიყვარულის დასაცავად გადაეხვია რაინდული მორალიდან და მიპარვით მოეკლა სასიძო:  „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.“ ამ ეპიზოდში მრავალი მხრიდან იხსნება ტარიელის ხასიათი, სხვათა შორის, ის თითქოს ფეხსაც ითრევს, უჭირს უდანაშაულო ხვარაზმშას ძის მოკვლა. ნესტანი განმეორებით იბარებს და მრისხანედ დატუქსავს დაგვიანებისათვის: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!“ მხოლოდ ამის შემდეგ გაბრაზებული ამირბარი: „ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“ – გადადის აქტიურ მოქმედებაზე. ამ ეპიზოდში კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც გვიჩვენებს, რომ გოლიათი ტარიელი არ არის შეუბრალებელი და გულგრილი მკვლელი. ის უყვება ავთანდილს ხვარაზმშას შვილის მოკვლის ამბავს და ამის გახსენება ახლაც კი მზარავსო, ეუბნება: „კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით.“ ასე რომ, ტარიელი, მიუხედავად არაჩვეულებრივი ძალ-ღონისა, თბილი, მოსიყვარულე, უაღრესად მგრძნობიარე გულის, ჰუმანური ადამიანია. მას თანაბარი ძალით შეუძლია სიყვარული და სიძულვილი, წუხილი და მხიარულება. ესაა უაღრესად ადამიანური ადამიანი თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. სწორედ ამით გვხიბლავს დიდოსტატურად დახატული მისი მხატვრული სახე. „ვეფხისტყაოსანში“ თუ რომელიმე პერსონაჟის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის ავტორის „ალტერ-ეგოა“, ეს ავთანდილია: ერთი შეხედვით, თითქოს იდეალური, თუმცა უაღრესად საინტერესო ადამიანური სახე-ხასიათი. ფაქტობრივად, რუსთაველმა მთელი პროცესი დაგვიხატა ამ, ცოტა არ იყოს, გათამამებულ-განებივრებული უწვერული ჭაბუკის თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელ, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებისა. მაშ, ასე: „ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა.“ ეს მზის მსგავს ავთანდილთან პირველი შეხვედრაა. იმას, რომ არაბეთის სპასპეტი უჩვეულოდ მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩევა, არაერთ ეპიზოდში გვიხატავს პოეტი. მისი მშვენიერებით ხალხის აღფრთოვანება ზოგჯერ კომიკურ ეფექტსაც იწვევს. მხოლოდ ერთი მომენტი გავიხსენოთ. გულანშაროში მოხვედრილი არაბი ჭაბუკის სანახავად ყველა შეიკრიბა:  „ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: „ვუჭვრიტოთო ამას რულად!“ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.“ ავთანდილიც, ტარიელის მსგავსად, დიდი ძალის მქონე ვაჟკაცია, უშიშარი, თუმცა ყოველთვის დაფიქრებით და გონივრულად მოქმედი. არაბი სპასპეტი მარტოდმარტო შეებრძოლა მრავალრიცხოვან მეკობრეებს: „მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანეთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.“ მეკობრეებთან ბრძოლისას ავთანდილმა ხერხს მიმართა, მან რკინის კეტით ჯერ სახნისი მოტეხა მათ ხომალდს, მწყობრიდან გამოიყვანა, შემდეგ აბორდაჟზე აიყვანა გემი და გადავიდა ხელჩართულ ბრძოლაზე. არანაკლები ვაჟკაცობა გამოიჩინა ქაჯეთის ციხის აღების დროოსაც. აღარაფერს ვამბობთ ნადირობის ეპიზოდში თავისი გამზრდელ-მასწავლებლის, როსტევან მეფის დამარცხებაზე.  ავთანდილისთვისაც მიუღებელია დამარცხებული მტრის შეურაცხყოფა, მათი დახოცვა:  „ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა.“ არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩობოდა რაცა წყლულსა.“ ამის გამო გადარჩენილი მეკობრეები მას ლოცავენ: „შიში შეიქმს სიყვარულსა.“  მაგრამ ავთანდილი ნებისმიერ სიტუაციაში რეალურად აფასებს თავის ძალებს. გავიხსენოთ, როცა ხატაელმა ძმებმა დაანახეს წინ მიმავალი უცხო მოყმე, ის უცბად არ მისულა მასთან. სწრაფად გაიაზრა, რომ ეს კაცი გაურბოდა ადამიანებს, არ შედიოდა მათთან კონტაქტში. პირისპირ რომ შეხვედროდა, ან ერთი მოკვდებოდა, ან მეორე; ვნახოთ, რა ჭკვიანურად მსჯელობს ავთანდილი:  „მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: „საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ-სიწყნარე გონებისა მოიძულვოს, მოიძაგოს.“ ბრძენი ჭაბუკი უკან მიჰყვა უცხო მოყმეს, გაიგო მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ისევ თავისი ჭკუის, მახვილგონიერებისა და მჭევრმეტყველების მეშვეობით მიაღწია მიზანს: მოიპოვა ასმათის ნდობა და გაიცნო ტარიელი. უნდა ითქვას, რომ ავთანდილი სწორედ თავისი არაორდინალური აზროვნებით, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისადმი შემოქმედებითი მიდგომით, სტერეოტიპებისაგან თავისუფალი მოქმედებით იპყრობს მკითხველის ყურადღებას. მისთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ნებისმიერ სიტუაციაში პოულობს შესაფერის ხერხს, რომ მიზანს მიაღწიოს. ამის შესანიშნავი მაგალითია დაბნედილი ტარიელის პოვნის ეპიზოდი, როცა უკიდურეს დეპრესიაში მყოფი მეგობარი ცხენზე შესვა, რადგან იცოდა, მოძრაობა ამ ღრმა შავნაღვლიანობიდან გამოიყვანდა ტარიელს:  „ეხვეწებოდა: „შეჯეო,“ აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა.“ ტყუილად როდი ახასიათებს რუსთაველი ავთანდილს ასე: „სევდის მუფარახი“, „ცნობიერთა დასტაქარი“. ავთანდილი ბრძენია, მაგრამ მისი სიბრძნე აქტიურია, ის თავის ცოდნას პრაქტიკაში იყენებს, რადგან სხვაგვარად ეს უქმი, გამოუყენებელი, არაფრისმომცემი სიბრძნე იქნებოდა:  „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ ავთანდილი ღრმად მორწმუნე ადამიანია. ამის დასტურად უამრავი ადგილის მოყვანა შეიძლება პოემიდან. მის მოქმედებას განსაზღვრავს დევიზი: „ბედი ცდაა, გამარჯვება ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების.“ ის მოქმედებისა და ბრძოლის გმირია, არასოდეს გულხელდაკრეფილი არ ელოდება ღვთის წყალობას. ალბათ, იმიტომ, რომ იცის: უფალიც იმას ეხმარება, ვინც მოქმედებს, იბრძვის, ეცდება. ამ მიმართებით ტიპურია მისი მსჯელობა მეკობრეებთან ბრძოლის წინ, რომელშიც ის თავისი სიმამაცის ფორმულას გვიმხელს: „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი. ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.“ ავთანდილის ღმერთთან დამოკიდებულებაში გვხიბლავს მისი გულწრფელობა, საოცარი ინტიმი, რომელიც მას აკავშირებს იდუმალი ძაფებით უფალთან. ამის დასტურია მისი ლოცვა ტარიელთან მეორედ გამგზავრების წინ. ის უშუალოდ მიმართავს ღმერთს, როგორც მეგობარს: უცნაურს, უთქმელს, ხან სიხარულის, ხან – ტანჯვის მომცემს, ადამიანის სურვილთა მფლობელს, სიყვარულის გამჩენსა და მფარველს. სთხოვს დაიფაროს რთული მოგზაურობის პერიოდში და ბოლოს ერთგვარი თვითირონიითაც ჰპირდება: „თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე.“ ავთანდილის გასაოცარი სიბრძნის მსაჩვენებელია მისი ანდერძი, რომელშიც მან ჩამოაყალიბა რაინდობის მორალური კოდექსი, ანუ როგორ უნდა იცოცხლო ადამიანურად და მოკვდე კაცურად. ამ ანდერძის უპირველესი მცნება ასე ჟღერს: „სიყვარული აგვამაღლებს.“ სიყვარული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს ორპირობას, სიცრუეს, ღალატს: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“ ადამიანი მშიშარა არ უნდა იყოს, უმთავრესი შიში კაცს სიკვდილისა აქვს, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან ის გარდაუვალია: „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.“ სწორედ ამიტომ „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი.“ სჯობს, ამქვეყნად დატოვო კარგი სახელი: „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.“ და კიდევ ერთი ავთანდილისეული მცნება ამ ანდერძიდან: ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროს, უნდა ახსოვდეს, რომ ქვეყნად არიან ქვრივ-ობლები, შეჭირვებული ადამიანები: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები.“ არაბი ჭაბუკი თვლის, რომ ქველმოქმედება რაინდობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ავთანდილი თავისი ქვეყნის ღირსეული შვილია, მასზე მზრუნველი, ამიტომაც სთხოვს შერმადინსა და ქვეშევრდომებს: უპირველესად საზღვრების გამაგრებაზე იზრუნონ: „სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა.“ და კიდევ: „მე დამახვედრეთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.“ ავთანდილი სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია: „მას თინათინის გონება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.“ ამ სიყვარულის სახელითა და სატრფოს დავალებით წავიდა ის უცხო მოყმის საძებნელად. ეს სიყვარული აძლევდა ძალას, რომ აეტანა მძიმე მოგზაურობის წლები და დახმარებოდა უნუგეშოდ მყოფ ტარიელს. ის ფაქტი, რომ ავთანდილმა „შესცოდა“ ფატმანთან, თინათინის ღალატად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ შემთხვევაში მას გრძნობები არ ამოქმედებდა. გავიხსენოთ, ავთანდილმა მასზე გამიჯნურებული ფატმანი ყვავსაც კი შეადარა: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.“ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ჭაშნაგირის მოკვლის ეპიზოდში, ავთანდილი მოქმედებდა დევიზით: „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ რა თქმა უნდა, ეს რაინდული მორალიდან გადახვევა იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ის ყველა ხერხს მიმართავდა, რათა ტარიელისთვის ეპოვა „წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა.“ მართლაც, განსაკუთრებულია ავთანდილი, როგორც მეგობარი. მის მოქმედებას განსაზღვრავს: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.“ ის მზადაა, ძმადნაფიცის ბედნიერებისათვის თავი გასწიროს: ტოვებს სამშობლოს, გამზრდელ მეფეს, სატრფოს, რადგან სწამს: „არ-დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა.“ ავთანდილი არაერთხელ იჩენს გასაოცარ მოთმინებას, ნამდვილ ძმობას უღრმეს დეპრესიაში ჩავარდნილი მოყვრის მიმართ, ყველანაირი საშუალებით: სიტყვით, მოქმედებით, დაძალებით, ეშმაკობით, მოფერებითა თუ დატუქსვით ცდილობს სიცოცხლისაკენ მოაბრუნოს, იმედი ჩაუსახოს რწმენადაკარგულ მეგობარს და ამას ახერხებს კიდეც. რომ არა ავთანდილი, სიკეთე ვერ გაიმარჯვებდა, მზე-ნესტანი ვერ განთავისუფლდებოდა ქაჯთა ტყვეობიდან. მხოლოდ დიდმა სიყვარულმა და მეგობრობამ მოიტანა დიდი გამარჯვება: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.“ ერთი თვისება ავთანდილისა არ აღგვინიშნავს და ეს იუმორის შესანიშნავი გრძნობაა. ჩვენ უკვე ვთქვით, როგორი თვითირონიულია ზოგჯერ ავთანდილი, ახლა გავიხსენოთ ასმათთან პირველი შეხვედრის ეპიზოდი და ჭაში ჩავარდნილი კაცის ირონიით სავსე არაკი. ავთანდილს ადამიანებთან ურთიერთობის ძალიან მაღალი კულტურა გააჩნია, ის საოცრად კომუნიკაბელურია; თავისი ქცევით, საუბრის მანერით ის უმალ კეთილად განაწყობს უცნობებსაც კი: „მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.“ ფრიდონთან მიმავალს კი: „ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან.“  ასე რომ, ავთანდილი, მართლაც, განსაკუთრებული ხიბლის მქონე პერსონაჟია „ვეფხისტყაოსნისა“: მშვენიერი, როგორც გარეგნულად, ისე სულიერად, ზნეობრივად, ბრძენი, წინდახედული, შესანიშნავი მიჯნური და შეუდარებელი მეგობარი, ვაჟკაცი, მამაცი მეომარი, თავისუფლებისმოყვარე და ამაყი პიროვნება. საინტერესოა, რომ ავთანდილთან მიმართებით რუსთაველი, როგორც წესი, ყველაზე ხშირად იყენებს ეპითეტს „ლაღი“, რაც ამ გმირის შინაგან თავისუფლებაზე მიგვანიშნებს: „ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა.“ რაც მთავარია, ეს გარედან, სხის მიერ ნაბოძებ-ნაწყალობევი თავისუფლება არაა, ეს გონიერი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული („თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები!“) ადამიანის შინაგანი თავისუფლებაა, რომლის გამოვლინებაცაა ის, რომ ავთანდილისთვის უცხოა ავტორიტეტებისადმი ქედმოდრეკა, სხვისი დიქტატით ცხოვრება. გავიხსენოთ, როგორ გაბედულად, თუმცა მოკრძალებით შესთავაზა მშვილდოსნობაში შეჯიბრი მეფეს, ან როგორ არ დაემორჩილა როსტევანის ბრძანებას და საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთა მეგობრობისა და ფიცის არგატეხის სასარგებლოდ.  ძნელია, დაიწყო ავთანდილის შესახებ საუბარი და დროულად დასვა წერტილი, გრძელი სიტყვა მოკლედ თქვა, რადგან ამ პერსონაჟის თითოეული სიტყვა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი მსჯელობისათვის განგაწყობს მკითხველს. ამიტომ ამჯერად ამით დავასრულოთ, რადგან „გრძელი სიტყვა საწყინოა.“  „ვეფხისტყაოსანში“ კიდევ ერთი შესანიშნავი რაინდია ფრიდონი – მულღაზანზარის მბრძანებელი. გარეგნულად მშვენიერი, ახოვანი, ლომივით ვაჟკაცი. მას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს ის, რომ ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცია, მესამე გმირია, ვინც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაში, ქაჯეთის ციხის დამხობასა და მზე-ნესტანის გამოხსნაში უდიდესი წვლილი შეიტანა.  ფრიდონს თავისი ქვეშევრდომები ასე ახასიათებენ:  „მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნავ მშვენისა.“ მართალია, ფრიდონის სამფლობელო პატარაა, მაგრამ „ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.“ მისი ქალაქი-სახელმწიფო მდიდარი და აყვავებულია, „ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.“ ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის კარგი მმართველია, ხალხს უყვარს, ქვეშევრდომები მისი ერთგულნი არიან.  ფრიდონი სახელგანთქმული მებრძოლია. მან ტარიელის მოწონებაც დაიმსახურა:  „მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხლენია; იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.“ ფრიდონი საუკეთესო მასპინძელია, გულუხვი. ის ყველანაირად ცდილობს, ასიამოვნოს სტუმრებს, საუკეთესო სასმელ-საჭმელი და ძვირფასი საჩუქრები მიართვას. აი, როგორ მასპინძლობს ფრიდონი ავთანდილს: „მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკანის ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.“ ფრიდონი ერთგული მეგობარია. მისი და მულღაზანზარელი მეომრების თავდადებამ ბევრად განაპირობა გმირთა გამარჯვება გადამწყვეტ ბრძოლაში. ამასთან ერთად, ფრიდონი თავდადებულია ძმადნაფიცისთვის. ამის მაჩვენებელია მისი რჩევა ქაჯეთის ციხის აღებისას, ის ხიფათს არ ერიდება, აპირებს თოკზე გაიაროს, ჩახტეს ციხეში და შიგნიდან გააღოს კარები. ეს მის უშიშარ, შეუპოვარ ხასიათსაც გვიჩვენებს.  ფრიდონი ბოლომდე ერთგულად უდგას გვერდში ძმადნაფიცებს და მუდამ მზადაა, თავის რჩეულ მოყმეებთან ერთად თავი დადოს მეგობრების დასახმარებლად.  ასე რომ, რუსთაველმა „ვეფხისტყაოსანში“ დაგვიხატა სამი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ხასიათის, ფსიქოლოგიის მქონე რაინდი: ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი, რომელთა ერთიანმა, შეუპოვარმა ბრძოლამ განაპირობა ბოროტების ციხის დანგრევა, სიკეთის ზეიმი.  “ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button