ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ანთაძეთა გვარი

ანთარ – ლიხთ იმერეთს, ხოლო ანატორ – ლიხთ ამერეთს ნადირთ მფარველი ხვთისშვილი ყოფილა ძველ ქართველთა რწმენით. ანთარის ბოლომოკვეცილი ფორმა ანთა, ანთაი – კაცის საკუთარ სახელად ქცეულა.

გვარის სახელით “ანთ”-ფუძისანი არიან: ანთიანი და ანთელავანი – ოდიშარნი და ანთაიძენი – თუშნი, ანთაურნი – ხევსურნი და ანთელიძენი, ანთიძენი და ანთაძენი – გურულნი.

ძველთაგან გურიას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ანთაძეთა. ვიეთნი გლეხნი ყოფილან და ვიეთნი – აზნაურნი.

აზნაური ანთაძენი ჩანან გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში, რომელიც ძველთა მეფეთა და მთავართა სიგელ-გუჯართა მიხედვით შეუდგენიათ საგანგებოდ რუსთა ბატონობის ჟამს.

“ანთაძნებისოული” – ადგილის სახელად შემორჩენია გურიის ერთ სოფელს ახალშენს.

გასული საუკუნის შუა ხანებში გელათში უმოღვაწიათ ნიკოლოზ და კონსტანტინე ანთაძეებს. გელათში მღვდელ ნიკოლოზს გადაუწერია, ხოლო კონსტანტინეს დაუზუსტებია XV-XVIII საუკუნეთა ქართული ქრონიკა, რომელიც მეცნიერთაგან “ანთაძის გელათურ ქრონიკად” არის სახელდებული.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ანთაძენი გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი – ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა, ლიხთიქითელთა მხარეს, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ანთაძენი ცხოვრობენ: გურიას, აჭარას, სამცხე-ჯავახეთს, საზღვარსიქითა მესხეთს, ზემო იმერეთსა და შიდა ქართლს. განსაკუთრებით მრავლად არიან ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხულოსა და ხელვაჩაურის მხარეებში.

საქართველოში ანთაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2220-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ანთაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button