ბიოგრაფიამუსიკა

ოდეტა ჰოლმეს – Odetta Holmes (1930 – 2008)

ამერიკელი მომღერალი ოდეტა ჰოლმესი დაიბადა 1930 წლის 31 დეკემბერს, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში. კლასიკური მუსიკალური განათლება მიიღო. ოდეტა ცნობილი გახდა ფოლკის, ბლიუზის, მათ შორის ე.წ. ციხის ფოლკლორისა და სპირიჩუელსის (ამერიკაში ჩამოყვანილი ზანგი მონების სიმღერები) წყალობით.  პირველი პოპულარობა მოუტანა 1954 წელს გამოშვებულმა ალბომმა “The Tin Angelრომელიც ლარი მოროსთან ერთად ჩაწერა. ერთი წლის შემდეგ მომღერალმა წარმატებული სოლო კარიერა დაიწყო. 1961 წელს ჰარი ბელაფონტესთან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ “There’s a Hole in My Bucket”  დიდ ბრიტანეთში 32-ე ადგილი მოიპოვა. იმავე წელს მარტინ ლუთერ კინგმა ოდეტას “ამერიკის ფოლკ-მუსიკის დედოფალი” უწოდა. 1963 წელს ალბომი “Odetta Sings Folk Songs” 1963 წლის ფოლკ-ბესტსელერი გახდა.

განსაკუთრებული გამოხმაურება ჰქონდა 1963 წელს ვაშინგტონში სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლთა აღლუმზე მის გამოსვლას, სადაც მან შეასრულა სიმღერა “O Freedom”. ოდეტა ფაქტობრივად, ყველა იმ ღონისძიებაზე მღეროდა, რომელიც რასობრივ პრობლემებს მიეძღვნა. მას “სამოქალაქო უფლებების ბრძოლის ხმა” (“The Voice of the Civil Rights Movement“) უწოდეს. 1999 წელს ბილ კლინტონმა ხელოვნების ეროვნული მედალი (აშშ-ს უმაღლესი ჯილდო ხელოვნების დარგში) გადასცა. ბილ კლინტონმა დაჯილდოვებაზე ასე მიმართა მომღერალს: “მომღერალმა ყველას აჩვენა, რომ სიმღერას შეუძლია ადამიანების გულზი შეძრას და სამყარო შეცვალოსო”.

ოდეტას ფილმებშიც იღებდნენ. როგორც მსახიობი მან ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორის: «Cinerama Holiday» (1955), «Sanctuary» (უილიამ ფოლკნერის რომანის მიხედვით), «The Autobiography of Miss Jane Pittman» (1974).

ოდეტას მუსიკამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბობ დილანზე, ჯოან ბოეზზე და ჯენის ჯოპლინზე. 1978 წელს ინტერვიუში ბობ დილანმა განაცხადა, რომ ოდეტას სადებიუტო ალბომი «Odetta Sings Ballads and Blues» (1956) იყო ის, რის გამოც დილანი ფოლკით დაინტერესდა.

ოდეტა სიმღერას უკანასკნელ 2 წელსაც განაგრძობდა, მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა. მომღერლის ერთერთი ბოლო ალბომი, 2007 წელს ნომინირებული იყო გრამის პრემიაზე საუკეთესო ტრადიციული ფოლკ ალბომის კატეგორიაში.

ოდეტა 2008 წლის 2 დეკემბერს, 77 წლის ასაკში, გულის დაავადებით დაიღუპა. მედიკოსების ფიქრობდნენ, რომ სასიკვდილოდ ის დიდიხანია განწირული იყო, მაგრამ იმდენად სურდა 20 იანვარს ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე სიმღერა, რომ მთელი არსებული ძალით ებრძოდა დაავადებას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button