ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – სასაცილო ადამიანის სიზმარი

„მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, – საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ.“

„გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არამარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება – ერთადერთი მე ვარ.“

„სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ… მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხდავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე!“

funny2

„სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება – მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია – არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა – საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა – გავიფიქრე, – გასროლა, იქ ტყვიაა…“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს:
– ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში!
ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან.“

„იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ – გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა – გავიფიქრე ისევ – ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ – „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ – ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება.“

„მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე.“

„ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!…“

„მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ.“

6907853

„ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე… რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის.“

„ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო – ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც – მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე… გავრყვენი ისინი ყველა!“

„ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ – სისასტიკე… ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, – მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ.“

son.smeshnogo.cheloveka.avi.image3

„თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება – ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი – ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველიმათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არცერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა – თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი.“

„სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის… მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ… და აქ მე გამომეღვიძა.“

„ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო – რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით!“

319

„ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ – ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება – არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო.“

„სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) – მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში – ყველაფერი უცებ მოეწყობოდა!“

„მთავარია – გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა.“

„ცხოვრების შეგნება – ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი – ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა.

„ის პატარა გოგონა კი მოვძებნე…. და წავალ! წავალ!“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button