National Geographicსურათები

გემებისა და თვითმფრინავების წყალქვეშა ნაშთები

ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები მყვინთავებისთვის ნამდვილი სამოთხეა თავთხელ წყლებში რიფების სიუხვის გამო, ხოლო წარსულში მცხოვრები რამდენიმე კაპიტნისთვის ეს ადგილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. აქ არც ისე იშვიათია ჩაძირული გემები. სურათზე ერთ-ერთ მათგანს ხედავთ – საბუქსირო გემს, რომლისთვისაც კარიბის ზღვა საფლავად იქცა.


მყვინთავები და თევზები გარს უვლიან გემს, რომელმაც რიფებთან განიცადა მარცხი კაიმანის კუნძულის სიახლოვეს, კარიბის ზღვაში.


წყალქვეშა განათება მოჩვენების იერს აძლევს ერთი საუკუნის წინ აგებული ოლიმპიკის კლასის ბრიტანული ლაინერის “ტიტანიკის” ცხვირს. ის ჩაიძირა აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წლის აპრილში. აღმოაჩინეს 1985 წელს, ნიუფაუნდლენდის კუნძულთან 3800 მეტრის სიღრმეზე.


მყვინთავი იკვლევს II მსოფლიო ომის დროინდელ იაპონურ თვითმფრინავს, რომელიც პაპუა-ახალი გვინეის სიახლოვეს განისვენებს. კუნძულზე მდებარე ქალაქი რაბაული ერთ დროს იაპონელების დასაყრდენი ადგილი იყო, ახლა კი მისი (რაბაულის) წყლები თვითმფრინავებისა და გემების ნაწილებს აქეთ-იქით ფანტავს.


წყნარი ოკეანის კუნძულის ესპირიტუ სანტოს სიახლოვეს, წყლის სიღრმეებში მყვინთავი დაცურავს ჩაძირული გემის, “President Coolidge”-ის ზარბაზანთან. ძვირფასი საოკეანო ლაინერი 1931 წელს ააგეს, თუმცა მოგვიანებით საბრძოლო ფუნქცია მიანიჭეს II მსოფლიო ომში გამოსაყენებლად. 1942 წლის 26 ოქტომბერს კუნძულთან მიახლოებისას მას შეცდომით ჭურვები დაუშინეს და ჩაძირეს.


ფილიპინების ტერიტორიაზე, ტუბატაჰას რიფის თხელი წყლებიდან გემის დაჟანგული კორპუსი ამოჩრილა. ტუბატაჰას რიფი, რომელიც სულუს ზღვაში 32 000 ჰექტარს იკავებს, იუნესკოს მფარველობის ქვეშაა და მსოფლიოს 7 ახალი საოცრების სიაზე იყო ნომინირებული.


წითელი ზღვის ფსკერზე ჩასულ მყვინთავებს დახვდებათ მარჯნებით დაფარული ბრიტანული თბომავალი “კარნატიკი”, რომელიც 1869 წლის სექტემბერს ჩაიძირა. დღევანდელი შეფასებით, მასზე არსებული ოქროს ფასი 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უდრიდა. განძის ამოღება და გადარჩენა მოახერხეს, თუმცა არის ჭორები, რომ რაღაც ნაწილი ისევ გემზეა, რაც რომანტიკულ ელფერს მატებს მის ისტორიას.


ოქროს თასი, ამფორა და ორყურიანი ფინჯანი, სახელად კილიკი – ეს ყველაფერი 3400 წლის წინათ ანტიკურ დროში მცხოვრები ვაჭრის გემზე ინახებოდა, მაგრამ ბედისწერამ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მიუჩინა ადგილი. 15 მ სიგრძის ხომალდი დატვირთული იყო ძვირფასეულობითა და ფართო მოხმარების საქონლით, თურქეთის ტერიტორიასთან მიახლოებისას კი მარცხი განიცადა.


საუკუნეების მანძილზე არსებულმა ტრანსატლანტიკურმა საზღვაო მიმოსვლამ და ვაჭრობებმა ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო წყლები უიღბლო გემების ნარჩენებით აავსო. სურათზე ერთ-ერთ მათგანს ხედავთ, ეს მომცრო ზომის გემი ბაჰამასთან განისვენებს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button